მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბანკების მიერ გაცემულმა სესხებმა 38.4 მლრდ ლარს გადააჭარბა

605c48b61ee08
BM.GE
25.03.21 12:50
944
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 258.56 მლნ ლარით (0.68%-ით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 38.43 მილიარდი ლარი შეადგინა. როგორც ფინანსური მონაცემებიდან ირკვევა ამ ზრდის განმაპირობებელი იყო როგორც ახალი სესხების გაცემა, ასევე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ნაშთის გაზრდა, რაც ლარის გაუფასურებამ გამოიწვია. 

სებ-ის სტატისტიკის თანახმად, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 186.87 მლნ ლარით (1.11%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 71.69 მლნ ლარით (0.34%-ით) გაიზარდა. მთლიანად სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა და 44.33% შეადგინა. 

"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.38 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.81%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.31 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.62%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.01%-ით ნაკლები).

2021 წლის თებერვლის განმავლობაში 1.00%-ით, ანუ 187.48 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 18.95 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.33 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.19 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.36 პროცენტული პუნქტით),"- ნათქვამია ეროვნული ბანკის სტატისტიკაში.