მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბანკების პასუხი კორონავირუსს - ლუკა მიმინოშვილის ბლოგი

5f85c24309100
ლუკა მიმინოშვილი
14.10.20 10:20
5588
2020 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 15 კომერციული ბანკია. ქვეყნის დამოუკიდებლობიდან დღემდე ყველაზე ძლიერ, მდგრად და სწრაფად მზარდ სექტორად, სწორედ საბანკო სექტორი ჩამოყალიბდა. ეკონომიკის ყველა მიმართულებისთვის და განსაკუთრებით საბანკო სექტორისთვის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი რამაა, როგორც ფინანსური ასევე, რეპუტაციული მიმართულებით. საბანკო სექტორი არა მხოლოდ მეანაბრეთა დაცულობის და მსესხებელთა დაფინანსების, არამედ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ერთგვარი განმსაზღვრელიც კი არის და როგორც ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ამ სექტორის სტაბილურობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებულ მოლოდინებსა და ეკონომიკურ ყოველდღიურობაზე.

საბანკო სექტორის სიდიდე მხოლოდ მეანაბრეთა ან მსესხებელთა რაოდენობის სწრაფი ზრდით როდი არის გამოწვეული, საბანკო მიმართულება გახდა ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მოახერხა მოეზიდა კვალიფიციური სამუშაო ძალა და შეექმნა ისეთი ორგანიზაციული სტრუქტურები, რომლებიც მომხმარებლებისთვის გრძელვადიან სტაბილურობას, ინოვაციურობას და დაცულობას უზრუნველყოფდა. ბანკები ქმნიდნენ და დღესაც აგრძელებენ ისეთი პროდუქტების შექმნას, რომელიც მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.

2020 წლის დასაწყისამდე საბანკო მიმართულებით დაცულობა გულისხმობდა მეანაბრეთა ნაწილში აქამდე არსებული ნეგატიური გამოცდილების წარსულში მოტოვებას, საბარათე ოპერაციების შესრულებაში თაღლითური ოპერაციების წილის შემცირებას, პირადი მონაცემების დაცვას, რაც საკმაოდ სტაბილური ტემპებით უკეთეს სურათსაც გვანახებდა, თუმცა 2020 წლის იანვრიდან დაცულობის მნიშვნელობა შეიცვალა -  სამყაროში ახალი ვირუსი COVID-19 გაჩნდა.

მიუხედავად საბანკო პროდუქტების გაციფრულების პროცესისა, საქართველოში და არა მარტო საქართველოში ბანკების ფილიალები მაინც მაღალი მიმართვიანობის დაწესებულებებად რჩება; ჩვენს ქვეყანაში რიგ მიზეზებს ემატება ფინანსური მდგომარეობის გავლენა, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ციფრულ არხებთან წვდომის შესაძლებლობა საერთოდ არ აქვს. გასათვალისწინებელი იყო ის ფაქტიც, რომ ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე, მკვეთრად გამოკვეთილ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ 60 წელს გადაცილებული ადამიანები, რომელთაც თვეში ერთხელ პენსიის მისაღებად  ხალხმრავალ რიგში უწევდათ დგომა.

ვირუსის ხასიათიდან და ეკონომიკაზე მისი გავლენიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ბანკების ფილიალებში ადამიანთა ნაკადების შემცირება, მსესხებელთათვის საშეღავათო პირობების შეთავაზება და ფიქრი იმაზე თუ როგორ უნდა მომხდარიყო კორონა-კრიზისის დროს დაკრედიტების ტემპების შენარჩუნება და ეკონომიკის სტიმულირება. მაშინ როდესაც კომერციული ბანკები ნაკადების მართვასა და პროდუქტთა გაციფრულებაზე მუშაობდნენ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი სტიმულირების პაკეტს ამუშავებდა.

რა გააკეთეს ბანკებმა საქართველოში?

1. კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღისას, ბანკებმა სწრაფად დაიწყეს წარსულში დაწყებული პროცესების დასრულება და დააჩქარეს შესასრულებელი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოებიდან ძირითადი ნაწილი სერვისების გაციფრულებას ეხებოდა, ამან გაზარდა მომხმარებელთა და ბანკის თანამშრომელთა დაცულობის ხარისხი. ბანკებმა მოახერხეს ისეთი ოპერაციების გაციფრულება, რაც აქამდე ფიზიკურ არხებშიც საკმაო დროს მოითხოვდა.

2. გაითვალისწინეს და გაააქტიურეს საკითხი, რომელიც ვირუსის არამხოლოდ ადამიანიდან ადამიანზე, არამედ ფულიდან ადამიანზე გადასვლას გულისხმობდა, შედეგად ეროვნულმა ბანკმა ფულის როგორც პოტენციური ვირუს მატარებლის გაკარანტინების გადაწყვეტილება მიიღო.

3. ბანკში აუცილებელი ვიზიტის შემთხვევაშიც კი შექმნეს მექანიზმი მომხმარებელთა მეტად დაცულობისათვის. ფულის შესატანი აპარატები, რომლებიც ბიზნესთა მფლობელებს საშუალებას აძლევს, რიგში დგომის გარეშე მოახდინონ ნაღდი ფულის საბანკო ანგარიშზე შეტანა.

4. ბანკებმა გაზარდეს ტერმინალზე პაროლის გარეშე გადახდის და ბანკომატიდან თანხის განაღდების ლიმიტები, რაც ასევე ტერმინალზე შეხებით თუ ფილიალში თანხის გასანაღდებლად მისვლით ზრდიდა ვირუსის გავრცელების შესაძლებლობას.

5. ასევე, მნიშვნელოვანი იყო პენსიების ჩარიცხვის პირობის შეცვლა -  ნაცვლად აქამდე არსებული პრაქტიკისა, ერთ რიცხვში ყველა პენციონერისათვის ერთიანი ჩარიცხვისა, მოხდა ჩასარიცხი პენსიების გადანაწილება თვის გარკვეულ პერიოდზე, რომლითაც შესაძლებელი გახდა საბანკო დაწესებულებებში მიმსვლელი, რისკ ჯგუფში შემავალი, ადამიანთა რაოდენობის შემცირება.

6. ბანკებმა გარდა სერვისებში ცვლილებებისა, გადაიაზრეს სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილიც და შექმნეს ბიზნესის დასახმარებელი ვებ-გვერდები, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევდა მათი მომავალი მომსახურების სანაცვლოდ თანხები პანდემიის პერიოდში მიეღოთ.

7. ჩამოთვლილთა შორის მნიშვნელოვანია ვახსენოთ ბანკების შეთავაზება, რომელიც მსესხებელთათვის საპროცენტო ხარჯის გადავადებას გულისხმობდა; ბანკებმა შექმნეს რეალობა, რომელიც საბანკო სექტორის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. ამ და სხვა მიზეზთა გამო კი, სექტორმა 2020 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემების მიხედვით, ჯამურად 486 მილიონის ზარალი მიიღო.

მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა პანდემიის ნეგატიური გავლენების შესამცირებლად რიგი ღონისძიებები გაატარეს.
ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები საზედამხედველო პოლიტიკისა და მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ეხებოდა, განხორციელებული ცვლილებების მიზანი კი, საზედამხედველო ტვირთის შემსუბუქება, დაკრედიტების ხელშეწყობა, პანდემიის გავრცელების შეზღუდვა, ლიკვიდობისა და ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერა იყო. ამ მიზეზების გამო განხორციელებული ცვლილებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1. მოხდა სესხებზე საშეღავათო პერიოდის წახალისება და დროებით შეიცვალა დარეზერვების პოლიტიკა.
2. მოხდა კონსერვაციის ბუფერისა და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილის გაუქმება.
3. შეჩერდა ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ადგილზე შემოწმება. დროებით შეიცვალა უძრავი ქონების შეფასების წესი ასევე შერბილდა მოთხოვნა ფინანსური უწყისების განახლებასთან დაკავშირებით.
4. საფინანსო ორგანიზაციებისთვის 400 მლნ აშშ დოლარის ლიმიტის სვოპ ოპერაციები ეროვნულ ბანკთან.
5. 200 მლნ აშშ დოლარის ლიმიტის სვოპ ხელშეკრულების გაფორმება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), რაც საშუალებას აძლევს EBRD-ს ადგილობრივ ვალუტაში კერძო სექტორის დაფინანსება გაზარდოს.
6. ბანკებისთვის გაჩნდა ახალი შესაძლებლობა, რომელიც სასესხო პორტფელის დაგირავების სანაცვლოდ ეროვნული ბანკისგან სახსრების მიღების საშუალებას იძლევა.
7. რეფინანსირების განაკვეთი მარტიდან აგვისტომდე 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა 8%-მდე.

პანდემიის აქამდე არსებული სურათის შეფასებისას ვხედავთ, რომ საბანკო სექტორი სწორად აფასებს არსებულ რისკებს და მაქსიმალურად ცდილობს, პოტენციური რისკების დაზღვევას, ამასთან, ეროვნული ბანკი როგორც აქამდე დღესაც ცდილობს დაცვის მექანიზმების მაქსიმალური შენარჩუნებით საზედამხედველო და მონეტარული პოლიტიკის შერბილებას.

სექტორის გამოწვევებზე პასუხად მთავრობამაც რიგი ღონისძიებები გაატარა, რამაც დაგვანახა, რომ მთავრობას აქამდეც ჰქონდა რიგი ცვლილებების განხორციელების რესურსი, რაც პანდემიამდე პერიოდში ბიზნესს მეტად მომზადების საშუალებას და მდგრადობას შესძენდა. უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამები ორიენტირებული იყო ბანკების ლიკვიდობის მხარდაჭერაზე, ასევე, ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას და უძრავი ქონების სექტორის წახალისებაზე. განხორციელებული ცვლილებების ჩამონათვალი ასეთია:

1. დამატებითი 600 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების გამოშვება და მიღებული თანხის კომერციულ ბანკებში განთავსება გრძელვადიანი დეპოზიტების სახით.
2. 6 თვის განმავლობაში სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირება 20 მილიონზე ნაკლები ბრუნვის მქონე სასტუმროებისათვის.
3. 330 მლნ ლარის გამოყოფა საკრედიტო - საგარანტიო სქემის უზრუნველსაყოფად.
4. იპოთეკურ სესხებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნომინალური საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება 4%-მდე მოცულობით.
5. სახელმწიფო გარანტია 01/06/2020 – 01/01/2021 პერიოდში გაცემულ იპოთეკურ სესხზე.

გარდა ჩამოთვლილისა, მთავრობამ უძრავი ქონების სექტორის მხარდაჭერის ფარგლებში, ასევე, განახორციელა 150 მლნ ლარის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესყიდვა.

არსებულმა ცვლილებებმა შედეგიც მოიტანა, ივლისი - სექტემბრის პერიოდში იპოთეკური სესხების 36% სუბსიდირებით გაცემულ სესხებზე მოდის. სასტუმროები, პროცენტის სუბსიდირების გამო, სესხების მომსახურებას პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე ახერხებენ.

რომ შევაჯამოთ, ბოლო დროს, პანდემიის ფონზე, ხელისუფლების ეკონომიკური გუნდისგან ხშირად გვესმოდა, რომ ეს იყო დრო, როდესაც ქვეყანას კრიზისი შესაძლებლობად უნდა ექცია; ქვეყანამ არ ვიცი, თუმცა საბანკო სექტორმა მიუხედავად დიდი ფინანსური დანაკარგისა, მოახერხა და სერვისების დახვეწით და გაციფრულების ტემპების დაჩქარებით კოვიდისგან გამოწვეული კრიზისი ნამდვილად აქცია შესაძლებლობად, თუმცა კიდევ რა ნაბიჯების გადადგმა მოუწევს ფინანსურ სექტორს იმისთვის, რომ დარჩეს ძველებურად მდგრადი და როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ -  "საქართველოს ეკონომიკის ლოკომოტივი", ამას დრო გამოაჩენს.