მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბანკების საკრედიტო პორტფელი შემცირდა

603778bf23fa8
BM.GE
25.02.21 14:15
944
საქართველოში მოქმედი ბანკების საკრედიტო პორტფელი შემცირებულია - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი, რომლის მიხედვითაც კლება 48 მილიონი ლარი იყო. ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ჩანს, რომ შემცირებულია ლარში გაცემული კრედიტების მთლიანი მოცულობა, უცხოური ვალუტის სესხების პორტფელი კი მზარდია. 

"კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 48.22 მლნ ლარით (0.13%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.24%-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 38.17 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 89.51 მლნ ლარით (0.53%-ით) შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 41.28 მლნ ლარით (0.19%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.02%-ით),"- ნათქვამია ანგარიშში.

საბანკო სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ადგილობრივი იურიდიული პირებისთვის 2021 წლის იანვრის ბოლოსთვის ბანკებს 5.33 მილიარდი ლარის სესხები ჰქონდათ გაცემული, რაც წინა თვესთან შედარებით 1.68%-ით ნაკლებია. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ნაშთი კი 13.23 მილიარდი ლარი იყო, რაც 2020 წლის დეკემბერთან შედარებით 0.25%-ით მეტია. ფიზიკური პირებისა და შინამეურნეობების დაკრედიტების მოცულობა კი 0.08%-ით გაიზარდა და მან იანვრის ბოლოსთვის 18.77 მილიარდი ლარი შეადგინა. 

"მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.14 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.18 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.13 პროცენტული პუნქტით),"- ნათქვამია ეროვნული ბანკის სტატისტიკაში.

ჯერჯერობით უცნობია, რომელ ბანკებში ჰქონდა ადგილი სესხების მოცულობის კლებას.