მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბიო ჩაის ევროპული მომავალი - პროექტ GRETA-ს შედეგები

62276a46728a4
ანუკა ჯოხაძე
08.03.22 20:15
1847

საქართველოში ჩაის კულტურის ისტორიის წერა მე-19 საუკუნიდან იწყება. ჩაის პლანტაციები საქართველოს რამდენიმე რეგიონში ვითარდება, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ინდუსტრიულ წარმოებას უდებს სათავეს. ინდუსტრიის საუკუნოვანი დიდება მე-20 საუკუნის მიწურულს ნელდება, ნადგურდება პლანტაციები და მოსახლეობაც ჩაის ივიწყებს;

თუმცა 21-ე საუკუნეში საქართველოში ჩაის კულტურის გაცოცხლება იწყება და ალბათ სწორედ ეს არის ქართული ჩაის ახალი ისტორიის საწყისიც. 2016 წელს სახელმწიფოს დაფინანსებით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია/აღდგენის პროცესი დაიწყო, თუმცა ამ პროცესის გავლის შემდეგ კიდევ ბევრი ნაბიჯია, რომელიც უშუალოდ მწარმოებელზეა დამოკიდებული.



ერთია არსებული პლანტაციების აღდგენა, ხოლო მეორე უკვე წარმოების გამართვა, ხარისხიანი პროდუქციის გამოშვება და რეალიზაცია. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად რთული მაშინაა, როცა ტრადიციული ჩაის წარმოებას ორგანულს ამჯობინებ, რომელიც ბევრად უფრო მაღალხარისხიანი და შემოსავლიანია.

ეს გზა აირჩია გიგა კიპაროიძემ, რომელსაც ჭიათურაში, სოფელ მანდაეთში ზღვის დონიდან 825 მეტრზე ბიო ჩაი გააშენა.

“ჩვენ არ ვებრძვით მავნებლებს, ჩვენს პლანტაციაში ჩაის ბუჩქს არ ახასიათებს დაავადებები. ნედლეული არის უმაღლესი ხარისხის. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ იმერულ ჩაის დიდი პოტენციალი აქვს. შესაბამისად, 2018 წლიდან ამ საქმეს ხელი მოვკიდე", - ამბობს გიგა კიპაროიძე.

საწარმოო პროცესის გამართვასა და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებაში კი მეჩაიეს ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებული პროექტი GRETA დაეხმარა, მოამარაგა მანქანა-დანადგარებით და საჭირო ცოდნით.



როგორც გიგა გვიყვება, პროექტმა GRETA-მ თვითონ იპოვა, შესთავაზა დახმარება და პროექტში ჩართვა, რამაც მისი წარმოება განავითარა. შემდეგ კი პროდუქტი საერთაშორისო ასპარეზზეც წარადგინა. "გრეტას" დახმარებით, გიგა კიპაროიძე საერთაშორისო გამოფენაზე გაემზავრა, რამაც თავისი შედეგი უკვე გამოიღო. მანდაეთში წარმოებული ჩაი, შესაძლოა, სულ მალე ამერიკაშიც ვიხილოთ.

პროექტმა  გიგასთან ერთად კიდევ 5 იმერელ მეჩაიეს გაუხსნა გზა საერთაშორისო ბაზარზე. "დუბაი ექსპოზე" დაგროვდა კონტაქტები, რამაც მათი საექსპორტო პოტენციალი კიდევ უფრო გაზარდა. ასევე ეს პროექტი იყო ბიძგი იმისა, რომ ჩამოყალიბებულიყო ქართული ჩაის ასოციაცია, რამაც იმერელი მეჩაიების ერთგვარი ერთობა შექმნა.

“პროექტმა GRETA-მ  დაგვანახა, რომ ცალ-ცალკე ვერაფერს გავხდებოდით. შესაბამისად, ჩამოვაყალიბეთ ქართული მთის ჩაის ასოციაცია. ჩვენი ასოციაციის წევრების პროდუქცია უკვე იყიდება ქართულ ბაზარზე. ესენია: მთის ჩაი, ბუეთი და თიამო. ამ კომპანიებმა უფრო მეტი დაინახეს ერთობაში, გავერთიანდით და რაც მთავარია, გვაქვს დიდი ზურგი, რასაც ჰქვია პროექტი GRETA", - გვიყვება ასოციაციის თავმჯდომარე ვახო მერკვილიშვილი.



ქართული მთის ჩაის ასოციაციის წევრები ყვებიან, რომ პროექტ GRETA-ს საშუალებით ისინი ყოველდღიურად ვითარდებიან და სწავლობენ. იზრდება მათი პროდუქციის გასაღების ბაზრებიც. საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობის შესაძლებლობასთან ერთად GRETA ქართული ჩაის მწარმოებლების პროდუქციის ბიო სერტიფიცირებაშია ჩართული, რაც პროდუქციის ექსპორტისთვის ერთ-ერთი წინაპირობაა.

“პროექტმა "გრეტამ" ნულიდან დაიწყო ჩვენთან ურთიერთობა, მისცა განათლება და მანქანა-დანადგარები. დღეს თითქმის ყველა საჭირო დანადგარით არიან "გრეტას" ბენეფიციარები აღჭურვილები", - ამბობს ასოციაციის თავჯდომარე.

პროექტი GRETA ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით 2018 წლიდან ზრუნავს მცირე მეწარმეების განვითარებაზე. სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ ჩაის 9 ბიო მწარმოებელმა უკვე მოიპოვა ბიო სერტიფიკატი, რაც ადასტურებს იმას, რომ მათი პროდუქცია მაღალხარისხიანი და სრულად ნატურალურია. შვედეთის საელჩოს პროექტის ექსპერტი თინა გენებაშვილი ჩვენთან ყვება, რომ პროექტმა ბენეფიციარებისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა და მათი სარეალიზაციო ბაზარი გააფართოა.

სტასტისტიკას თუ ჩავხედავთ, ქართული ჩაის ექპორტი ბოლო 5 წელია სტაბილურად იზრდება, თუმცა ეს საკმარისი არ არის. 2021 წელს საზღვარგარეთ 4 მილიონი ამერიკული დოლარის ჩაი გავიდა ექსპორტზე, რაც 5 წლის წინანდელ მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აღემატება.

ძირითად ბაზრები გასულ წელს ქართველი მეჩაიებისთვის აზერბაიჯანი, თურქეთი და მონღოლეთი იყო. ექსპორტის განვითარების ასოციაციში გვიხნიან, რომ დღეს ექსპორტზე საქართველოდან ძირითადად დაბალი ხარისხისა და ღირებულების ჩაი გადის.

ასოციაციის ექპერტი ამბობს, რომ საქართველომ სწორება ბიო ჩაიზე უნდა გააკეთოს, რითაც მსოფლიოს განვითარებულ ბაზრებს აითვისებს და შემოსავალსაც 5-6ჯერ გაზრდის.



პროექტი GRETA ჩაის მწარმოებლებთან მუშაობას აგრძელებს. პროექტის ფარგლებში  ქართული ორგანული ჩაის მარკეტინგული სტრატეგიის გაწერაა დაგეგმილი. გეგმის ნაწილია, ბენეფიცირების მიერ წარმოებული პროდუქციისთვის ლოგოებისა და ბრენდინგის შექმნა, რომელიც უკვე აქტიურ ფაზაშია.

ამას გარდა, გრძელდება მუშაობა, რომ ქართველი მეჩაიებისთვის გასაღების ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდოს, სადაც მთავარი სწორება ექსპორტზე გაკეთდება.

ეს პროცესი როგორც ბენეფიციარებისგან ირკვევა, მათ უკვე კარგად აქვთ გააზრებული და ამბობენ, რომ პროექტმა GRETA-მ  მათთვის ერთგვარი მყარი საძირკველი შექმნა, რომელსაც ყოველდღიურად აგურ-აგურ თავიანთი შრომით გაამყარებენ, რაც წესით, ქართული ჩაის კულტურის ახალი ისტორიის ნაწილი გახდება.

მასალა მომზადებულია BMG-ს მიერ, წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას და არ გამოხატავს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის პოზიციას.