01.ივლისი .2022 00:00

ქართული ბიზნესის საგარეო ვალი 9.9 მილიარდ დოლარს აღემატება

ქართული ბიზნესის საგარეო ვალი 9.9 მილიარდ დოლარს აღემატება
views 686
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კერძო სექტორის საგარეო ვალმა წელს 9.9 მილიარდ დოლარს მიაღწია. მათ შორის ბანკების საგარეო ვალი 5 მილიარდი დოლარი, სხვა კომპანიების ვალი კი 4.9 მილიარდი დოლარია. ამ ვალის ნაწილი წარმოადგენს კომპანიების დამფუძნებლების მიმართ ვალს, ნაწილი კი უცხოური საკრედიტო ინსტიტუტების ვალს.

მთლიანობაში საქართველოს კერძო და სახელმწიფო სექტორების საგარეო ვალი 22.1 მილიარდ დოლარს აღწევს. აქედან სახელმწიფო ვალი, მათ შორის სახელმწიფო კომპანიების ვალი 10.4 მილიარდი დოლარია.

“საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5.0 მლრდ აშშ დოლარი (15.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.0 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (15.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.8 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.5 მლრდ აშშ დოლარი (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.3 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.4 მლრდ აშშ დოლარი (32.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 52.1 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.8 მლრდ აშშ დოლარი (24.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 38.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 942.6 მლნ აშშ დოლარი (2.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 438.5 მლნ აშშ დოლარი (1.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.2 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.3 პროცენტი).

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 13.3 მლრდ აშშ დოლარი (41.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 67.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ აშშ დოლარია (19.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 31.7 პროცენტია.

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 11.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 130.6 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 11.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2022 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 942.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 477.9 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით 22.1 მლრდ აშშ დოლარი (68.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 110.8 პროცენტია. 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 6.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 384.6 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ფასის, საკურსო და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად - 207.0 მლნ. აშშ დოლარით, 144.1 მლნ. აშშ დოლარით და 27.4 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა