მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული "ჩიკორი" ექსპორტზე ლიეტუვაში გადის - ჩირი LIDL-ის ქსელში გაიყიდება

5db2c6a073781
ლიკა გურაბანიძე
25.10.19 15:40
5220
ქართული ჩირი „ჩიკორი“ გერმანული მსხვილი სუპერმარკეტების ქსელ LIDL-ში ლიეტუვაში გაიყიდება. ბრენდმა გაყიდვის უფლება ახლახან მოიპოვა. როგორც BM.GE-ის კომპანია "ქარელის ხილის" დამფუძნებელმა გიორგი კვირიკაძემ განუცხადა, ქართული პროდუქცია ლიეტუვას LIDL-ის 40 ქსელში გაიყიდება, ხოლო სამომავლოდ მას პოლონეთის ქსელებშიც შეიტანენ. თავდაპირველად ლიეტუვაში 6 სახეობა, ჯამში, 50 000 ცალი ჩირი გავა. გასაყიდი ფასი ამ ეტაპზე უცნობია.

„ჩვენ ბალტიისპირეთის ქვეყნებში დისტრიბუტორი გვყავს, ვისი საშუალებითაც შევძელით და  ლიეტუვაში ჩვენი პროდუქცია გავიტანეთ. კომპანია ამ ექსპორტისთვის 6 თვის განმავლობაში ემზადებოდა, რადგან ყველა კონტროლი გავიარეთ. პროდუქციას ანალიზები აუღეს და ხარისხი შემოწმდა. რამდენიმე ეტაპის გავლა მოხდა და საბოლოოდ, დეგუსტაციის ეტაპი იყო, სადაც მომხმარებლის რეაქცია შეფასდა და ამის შემდეგ პირველი შეკვეთა მივიღეთ. თუ პროდუქცია მომხმარებელს მოეწონება მას LIDL-ი პოლონეთსა და ესტონეთშიც გაიტანს,“  - განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქარელის ხილი“ ქარელის რაიონში 2016 წელს გაიხსნა. 2017 წელს კი, პროდუქციის წარმოება დაიწყო და ჩირი ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით გამოვიდა. 2017 წლის მეორე ნახევარში კომპანიის პროდუქცია უკვე საზღვრებს გასცდა და დღეს საექსპორტო ბაზრებს შორის არის: ჩეხეთი, სლოვაკეთი, ლიეტუვა და ჰონგ-კონგი. „ქარელის ხილის“ ჩირი ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით იყიდება. კომპანიაში წარმოების პროცესში 35 ადამიანია ჩართული. პროდუქცია 100, 150 და 450 გრამიან შეფუთვებში იყიდება და მისი ფასი 3-ლარიდან 5-ლარამდე მერყეობს.

საწარმოს მიერ გამოყენებული ნედლეული მოყვანილია ქარელის, გორის და ბაღდათის რაიონებში. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიამ ISO-ს სურსათის უვნებლობის დამადასტურებელი სერთიფიკატიც მოიპოვა. კომპანია ისეთ პროდუქციას აწარმოებს, როგორიც არის - ლეღვი შოკოლადში, გარგარი შოკოლადში, ქლიავი, საზამთროს ჩირი და ნესვის ჩირი.

ცნობისთვის: სუპერმარკეტების გერმანული ქსელი LIDL-ი 10 000-ზე მეტი მოქმედი ობიექტით არის წარმოდგენილი და ძირითადად ევროპის მასშტაბით ოპერირებს.