23.ივლისი .2020 00:00

ქართული დესერტების მოდერნიზებული ვერსიები - თბილისში „ფელამუშიტო“ იხსნება

views 2734
უკან

მალე თბილისში, აღმაშენებლის 49 ნომერში ბარი „ფელამუშიტო“ გაიხსნება. ქართული სტარტაპი მომხმარებლებს ტრადიციული დესერტების განახლებულ, მოდერნიზებულ ვერსიებს შესთავაზებს. ამის შესახებ BM.GE-ს „ფელამუშიტოს“ დამფუძნებელმა და იდეის ავტორმა ნინო გოგალაძემ განუმარტა.

როგორც ის აღნიშნავს, ამ ეტაპზე, „ფელამუშიტოს“ ბრენდის ფარგლებში 10 გემო ერთიანდება და ამ მხრივ, მუშაობა გრძელდება. პროდუქცია მოიცავს ისეთ ვარიაციებს, როგორებიცაა: ფელამუში ნაღებით, თეთრი შოკოლადით, კარამელით, ყავით, ასევე წარმოდგენილია გოზინაყის მოდერნიზებული ვერსიაც.

ნინო გოგალაძის განმარტებით, ახალი გემოების შექმნაში მისი პარტნიორი, კვების ტექნოლოგი სალომე გიგაშვილია ჩართული.

„ინოვაციაა სპეციალური აპარატი, რომელიც პროდუქტს მთელი დღის განმავლობაში უნარჩუნებს გემოსა და ტემპერატურას და რომელიც თურქეთში სპეციალურად „ფელამუშიტოსთვის“ შეიქმნა“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

როგორც ნინო გოგალაძე განმარტავს, „ფელამუშიტოს“ გუნდი ამჟამად 8 ადამიანისგან შედგება, თუმცა იგეგმება მისი გაზრდა. მისივე განმარტებით, პროდუქტის შეძენა როგორც ადგილზე, ასევე საკურიერო კომპანიების სერვისის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ამასთან, ნინო გოგალაძე აღნიშნავს, რომ სამომავლოდ პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანაც იგეგმება.

„ჩვენი მიზანია ქართული ტრადიციული დესერტები მსოფლიოს გავაცნოთ“, - დასძენს ის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა