15.ოქტომბერი .2020 09:48

ქართული გასტრონომია Bocuse d’Or ევროპის კონტინენტურ ჩემპტიონატზე წარდგება

views 371
უკან

ისტორიაში პირველად, საქართველოს გუნდი და ქართული გასტრონომია Bocuse d’Or (ბოკუს დორი) ევროპის კონტინენტურ ჩემპტიონატზე წარდგება! 2020 წლის 15 და 16 ოქტომბერს, ტალინი უმასპინძლებს Bocuse d’Or-ის ევროპის კონტინენტურ კონკურსს! ჩემპიონატში 20 ქვეყანა ღებულობს მონაწილეობას. ისინი 2 დღის განმავლობაში, სფეროს წამყვან პროფესიონალებთან ერთად, დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ძალიან დინამიურ და სანახაობრივ შეჯიბრში.

ლევან ქოქიაშვილი, გასტრონომიული ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო გასტრონავტის დამფუძნებელი და Bocuse d’Or საქართველოს ორგანიზატორი, გუნდთან ერთად გახლავთ ტალინში. ის ყვება საქართველოს ამ ჩემპიონატში მონაწილეობის მნიშვნელობაზე:

„უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ მიერ წარდგენილ კერძს გასინჯავს 15 ევროპული ქვეყნის წამყვანი შეფმზარეული, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში არამხოლოდ სარესტორნო ბიზნესით არიან დაკავებული, არამედ ეწევიან სამეცნიერო კვლევით სამუშაოებს, ასწავლიან უნივერსიტეტებში და საფუძვლიანად უღრმავდებიან თავიანთი ქვეყნის კულტურას და გასტრონომიას. შესაბამისად, ეს სხვა მოწოდების სიმაღლეზე მდგარი ღონისძიებაა, სადაც ისეთ დეტალებზეა საუბარი, როგორებიცაა არა მხოლოდ გასტრონომიური ტრადიციები, არამედ ტექნიკები, მიდგომები, მზარეულთა ტაქტიკებია, სადაც კარგად იკვეთება ქვეყნის გასტრონომიული ხელწერა და გვეძლევა საშუალება დავიკავოთ ჩვენი უნიკალური ნიშა მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თუ ჩვენ, საქართველოს, გვაქვს საუკეთესო გასტრონომიული მემკვიდრეობის ქონის პრეტენზია, მაშინ, სწორედ, ეს ის ადგილია, სადაც ამის დამტკიცება შეიძლება, სადაც საუკეთესო მზარეულები გამოგვცდიან და შეგვამოწმებენ, მსოფლიო დონის შეფ მზარეულის, კლერ სმიტის, თაოსნობით. შედეგად ეს გახდება ლაკმუსის ქაღალდი იმისა, რომ მივხვდეთ ვართ თუ არა მსოფლიში ერთ-ერთი გამორჩეული და თუ ჯერ არა, მაშინ რა უნდა გაკეთდეს მიზნის მისაღწევად?!

ამ ღონისძებაზე დასწრებით საქართველო ღებულობს შემდეგს: პირველი, მაღლდება ცნობადობა ჩვენი გასტრონომიული პრდუქტების შესახებ (მაგ, წაღებული გვაქვს ავთენტური ქართული საწებლები), რაც ჩვენი ქვეყნის გასტრონომიული პოტენციალის მიმართ მსოფლიო ყუადღების მიქცევის წინაპირობაა. მეორე, ამ დონის შეფ-მზარეულები ყოველთვის ეძებენ ახალ გემოებს და გასტრონომიულ მემკვიდრეობის ელემენტებს. შესაბამისად, ეს კარგი შანსია, რომ მათ წარვუდგინოთ ჩვენი გასტრონომია, რაც შეიძლება მათ სარესტორნო ბიზნესში დამოუკიდებელი (ქართული) კულინარიული ხაზის გაჩენის წინაპირობა გახდეს. მესამე, ეს გაუწევს პოპულარიზაციას შეფმზარეულის თუ გასტრონომიული მკვლევარის პროფესიას, რაც თავისთავად ხარისხის გაუმჯობესების წინაპირობაა.

ჯამში ჩვენ მივიღებთ განვითარებულ, ცნობად და დახვეწილ ქართულ გასტრონომიას, რაც გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალის სრული რეალიზების საწინდარია (მაგალითად, პერუ, სწორედ ზემოაღნიშნული პროცესის დადებითად გავლის გამო, ყოველწლიურად, მხოლოდ გასტრონომიული ტურიზმიდან ღებულობს 7,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს).“

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, საქართველო ოფიციალურად გახდა Bocuse d’Or-ის ოჯახის ახალი წევრი და პირველად უმასპინძლა ქვეყანაში ნაციონალურ შესარჩევ შეჯიბრს. სწორედ ამიტომ ღებულობს საქართველო მონაწილეობას Bocuse d’Or ევროპის კონტინენტურ კონკურსში. ბოკუს დ’ორი, 30 წლიანი ისტორიის მქონე, რევოლუციური და ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატია, რომელიც მსოფლიოს ოთხივე კონტინენტიდან, ახალგაზრდა და ნიჭიერ შეფ-მზარეულებს აერთიანებს.

საქართველოს გუნდის სახელით, ჩემპტიონატზე ქვეყანას წარადგენენ, პირველი ბოკუს დ’ორ საქართველოს გამარჯვებული ერიკ სარქისიანი, Bocuse d’Or საქართველოსა პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გუნდის მწვრთელი ირაკლი თოდაძე და დამხმარე მზარეული - ლუკა ხინკალაძე.

ევროპის კონტინენტურ შეჯიბრში გამარჯვებული შეფები, თავიანთ ქვეყნებს 2021 წელს, ლიონში დაგეგმილ ფინალზე წარადგენენ, რომელიც თავის მხრივ, ყოველ ორ წელიწადში, მსოფლიოს წამყვანი გასტრონომიული გამოფენა „სირას“ ფარგლებში ტარდება.

Bocuse d’Or საქართველოს ორგანიზატორი გახლავთ გასტრონომიული ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტი“, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციისა და საქართველოს კულინარიულ ფედერაციასთან ერთად. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველოს გამოსვლის პირდაპირი ტრანსლიაციის ყურება შეგიძლიათ ამ ლინკიდან. ჩვენი გუნდი გამოსვლას იწყებს 15 ოქტომბერს, ხუთშაბათს, ჩვენი დროით 11:30-ზე და 17:00-ზე კი უნდა დასრულდეს ქართული კერძების საბოლოო წარდგენა.

 

 


წყარო: tourister.ge

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა