მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ღვინის იმიჯი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება - ოთარ შამუგია

63bfa726f3e50
BM.GE
12.01.23 10:22
381
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ, სადაც უახლესი ლაბორატორიული აღჭურვილობა დაათვალიერეს, მიმდინარე სამუშაოებს და სამომავლო გეგმებს გაეცნენ.

მინისტრის განცხადებით, ქართული ღვინის იმიჯი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება. გაზრდილი ექსპორტის პირობებში, ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. შესაბამისად, საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით, ძლიერდება ღვინის ლაბორატორიის შესაძლებლობები.

„უკანასკნელი წლების განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი ინვესტიციები და რეფორმები განვახორციელეთ მეღვინეობა-მევენახეობის დარგში. შესაბამისად, გაიზარდა როგორც ვენახების ფართობი, ასევე ღვინის წარმოება, მზარდია ექსპორტის მაჩვენებლები, შეიქმნა ათეულობით ახალი თანამედროვე საწარმო. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ხარისხზე ზრუნვა და ჩვენ ამას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. წელს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით - უკვე 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა საქართველოში წარმოებული და მომხმარებლისთვის მიწოდებული ღვინის სერტიფიცირება. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ღვინის კონტროლის გაუმჯობესების კუთხით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება - წარმატებული ღვინის ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით აწარმოებს კვლევებს. ჩვენს სისტემაში არსებული ღვინის ლაბორატორია, ბოლო პერიოდში, აღიჭურვა დამატებითი თანამედროვე ტექნიკით. ლაბორატორია ემსახურება ჩვენს მეწარმეებს, ვითარდება და აკეთებს შესაბამის კვლევებს, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ხარისხის კონტროლისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ქართული ღვინის ხარისხის სისტემის ჩამოყალიბებისა და კერძო სექტორის ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით, „ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორია“ სხვადასხვა სასერტიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, ყურძნისა და ყურძნისეული პროდუქტების გამოცდას ახორციელებს.

როგორც ლაბორატორიის დირექტორმა თინათინ ჯაჯანიძემ აღნიშნა, ხარისხის კონტროლის გაძლიერებისა და კვლევების საერთაშორისო დონეზე ჩატარების მიზნით, ლაბორატორია აღიჭურვა უახლესი ძვირადღირებული აპარატურით, რაც უზრუნველყოფს მძიმე მეტალებზე დიდი წარმადობით ანალიზის ჩატარებას, ასევე, სპირტების ანალიზის წარმადობის გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიას მრავალწიანი თანამშრომლობა აქვს ავსტრიულ კომპანიასთან „Anton Paar“. საექსპერიმენტო სამუშაოების ჩატარების მიზნით, ავსტრიულმა მხარემ ლაბორატორიას გადასცა ხელსაწყო, რომელიც დაახლოებით 1 წთ-ში საზღვრავს ღვინის და/ან ბადაგის ნიმუშის 15 ძირითად პარამეტრს. ასევე, ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია სხვადასხვა ხარისხის იზოტოპის თანაფარდობის განსაზღვრა, რაც ზოგიერთი დიდი ბაზრის მქონე ქვეყნის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.