მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომერციული ბანკების აქტივების ზომა 56 მილიარდი ლარია

60fecd35c9c57
შოთა ტყეშელაშვილი
26.07.21 19:05
630
2021 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.11 მლრდ ლარით ანუ 1.94%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.89 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი ივლისისათვის 55.98 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 6.84 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.21%-ია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში ქართულ კომერციულ ბანკებში არსებული დეპოზიტები 887 მილიონი ლარით შემცირდა. 1 ივლისის მდგომარეობით, დეპოზიტების მოცულობამ 34.53 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 887.45 მლნ ლარით (2.51%) ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ამ კლებამ 0.10% შეადგინა, შესაბამისად, კლების მთავარი მიზეზი ლარის გაცვლითი კურსის გამყარება იყო, რამაც სავალუტო დეპოზიტების მოცულობა (ლარებში გამოსახული) შეამცირა. 

"დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 39.98% შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.70 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.26 პროცენტული პუნქტით).

ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.05% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.96%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.21%", - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.