მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანია Elven Technologies-ი ლითიუმის ბატარეების ცეცხლგამძლე შესაფუთ მასალაზე მუშაობს

64745d9132b98
გიორგი არონია
30.05.23 10:00
815
ქართული ტექნოლოგიური კომპანია, Elven Technologies-ი, რომელსაც ქართული საზოგადოება, უმეტესწილად, მეხანძრეებისა და კასკადიორებისთვის განკუთვნილი ცეცხლგამძლე კოსტიუმებით იცნობს, ახალ პროდუქტზე მუშაობს, - ამის შესახებ ინფორმაცია Bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა, ვამეხ ხერხეულიძემ მიაწოდა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, Elven Technologies-ის ახალი პროდუქტი, რომელიც ლითიუმის ბატარეების შეფუთვას გულისხმობს, კომპოზიტური მატერიისგან არის შექმნილი და შესაბამისად, ბატარეის აალებისას გაჩენილ ცეცხლთან გამკლავება შეუძლია. აღნიშნულ ტექნოლოგიაზე, ამჟამად, კომპანია ამერიკის შეერთებული შტატების ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოსგან პატენტის მიღებას ელოდება.

“მთავარი პროდუქტი, რომელსაც ახლა ვავითარებთ, ლითიუმის ბატარეების შესაფუთი მასალაა, რომელიც ელექტრომობილებისთვის და ენერგიის შესანახი წყაროებისთვის გამოიყენება. ქიმიური პროცესების გამო, ლითიუმის ბატარეებს სპონტანური აალება ახასიათებს, ხოლო ცეცხლი, რომელიც წარმოიქმნება, ძალიან მაღალ ტემპერატურამდე ადის და გარშემო ყველაფერს ადნობს - დღევანდელი ტექნოლოგიით, მისი ჩაქრობა შეუძლებელია. ჩვენ ამ ბატარეებს სრულად ვფუთავთ და თუ ცეცხლი ოდესმე გაჩნდა, გარეთ არც ცეცხლის ალი გამოაღწევს და არც აფეთქების ძალა - გარშემო ყველაფერი დაცული იქნება”, - აღნიშნავს ვამეხ ხერხეულიძე bm.ge-სთან საუბრისას.

ვამეხ ხერხეულიძის თქმით, რამდენიმე დღეში, ერთ-ერთ ესტონურ კომპანიასთან თანამშრომლობით, Elven Technologies-ი პირველ საპილოტე პროექტს იწყებს. “ესტონურ კომპანიასთან ერთად დიდი ბატარეის შეფუთვა უნდა ავაწყოთ და ის მრავალჯერ ავაფეთქოთ, ტექნოლოგიის უსაფრთხოებაში რომ დავრწმუნდეთ. მოგვიანებით, ეს ბატარეა მანქანაში უნდა მოვათავსოთ და კვლავ ავაფეთქოთ. მარტივად რომ გითხრათ, უნდა დავამტკიცოთ, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობს”, - ამბობს ვამეხ ხერხეულიძე.

საპილოტე პროექტების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, Elven Technologies-ის დამფუძნებელი საერთაშორისო ავტოკონცერნებთან, მათ შორის Tesla-სთან და General Motors-თან თანამშრომლობას გეგმავს, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, საპილოტე პროექტების განხორციელება, სწორედ ამ კომპანიების მოთხოვნა იყო.

გრძელვადიან გეგმებზე საუბრისას, ვამეხ ხერხეულიძე ელექტრიფიკაციის მზარდ ტრენდზე აპელირებს და აღნიშნავს, რომ სურს, Elven Technologies-ის მიერ წარმოებული პროდუქტი, ელექტრომობილებისთვის ერთგვარ “დამცავ ღვედად” იქცეს.

“იმდენად სწრაფად იზრდება ელექტრომობილების და ზოგადად ელექტრიფიკაციის ბაზარი, რომ ლითიუმის ბატარეები იქნება ყველგან. ლითიუმის ბატარეები დღესაც, ყველგან გვხვდება, მათ შორის სმარტფონებსა და ლეპტოპში, მაგრამ დიდი ზომის ლითიუმის ბატარეები, რომელთა მიერ წარმოქმნილი ცეცხლი ძალიან ძლიერია. შემდეგი ათი-ოცი წლის განმავლობაში, ცეცხლის პრობლემა არსად წავა, ასე რომ ამ ბაზარზე შესვლა გვინდა. გვსურს, ელექტრომობილებისთვის “დამცავი ღვედი” შევქმნათ, რადგან ეს ადამიანების სიცოცხლის დასაცავად უმნიშვნელოვანესი პროდუქტია”, - აღნიშნავს ვამეხ ხერხეულიძე.

კითხვაზე, არსებობს თუ არა მსგავსი ტექნოლოგია ადგილობრივ ან საერთაშორისო ბაზარზე, Elven Technologies-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ არსებობს პრევენციული ტექნოლოგია, მაგრამ არა ისეთი, რომელსაც Elven Technologies-ი ავითარებს.

“ბატარეების ხანძარუსაფრთხოების საკითხი ორ ნაწილად უნდა გავყოთ. ერთია ხანძრის პრევენცია, რისთვისაც ელექტრომობილებში ბევრი ტექნოლოგიური გადაწყვეტა არის ჩაშენებული, რომლებიც მუშაობს. ამ ტექნოლოგიის დახმარებით, ცეცხლის გაჩენის ალბათობა შემცირდა, მაგრამ ალბათობა მაინც არსებობს. თუმცა ფიზიკური გადაწყვეტა, რომელიც ცეცხლის გაჩენის შემდეგ ბატარეას მანქანისგან გამოყოფს, დღეს, ბაზარზე არ არის. ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიების უმრავლესობა, მათ შორის Tesla, ალუმინის შეფუთვას იყენებს, მაგრამ ალუმინის ლღობის ტემპერატურა 600 გრადუსს შეადგენს, ხოლო ცეცხლის ტემპერატურა 2000 გრადუსამდეც კი ადის, ანუ ალუმინს წამებში ალღობს. ზოგიერთი კომპანია უჟანგავ ფოლადს იყენებს, რომელიც შედარებით დიდხანს ძლებს, მაგრამ მაინც ლღვება და თან ისე ხურდება, რომ თუ მეორე მხარეს პლასტმასის ნაკეთობა აქვს მიმაგრებული, ის პლასტმასაც დნება და ალის ტემპერატურა კიდევ უფრო იმატებს. ამგვარად, ცეცხლი ბატარეებიდან არ გამოდის, მაგრამ გარეთ ახლიდან წარმოიქმნება. ჩვენი მიზანია, შეფუთვა შევამსუბუქოთ და თან, უზრუნველვყოთ, რომ გარეთ არც ალმა და არც ტემპერატურამ არ გამოაღწიოს”, - აღნიშნავს ვამეხ ხერხეულიძე bm.ge-სთან საუბრისას.