26.ნოემბერი .2019 09:00

ქართული ოქროს ფასი - RMG Gold-მა გასულ წელს 209 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო

views 503
უკან

საქართველოს სამთო-მოპოვების სფეროში მოღვაწე ერთ-ერთმა უმსხვილესმა ჯგუფმა RMG Gold-მა 2018 წლის აუდტორული ანგარიშგება გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში RMG Gold-ის მთლიანი შემოსავალი 209,953,000 ლარი იყო. 2017 წელთან შედარებით, RMG-ის მთლიანი შემოსავალი 5.1%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება კომპანიის წმინდა მოგებას, ის 45,043,000 ლარს შეადგენდა. 2017 წელთან შედარებით მოგების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, რადგანაც აღნიშნულ წელს RMG Gold-ს მოგება ზარალის უწყისში მოგების ნაცვლად 16,724,000 ლარის ზარალი აქვს მითითებული.

RMG Gold-ის საბალანსო უწყისის მიხედვით, კომპანიის აქტივების ჯამური მოცულობა 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 343,698,000 ლარს შეადგენდა.

RMG Gold-ი ანუ Rich Metals Group-ი 1994 წელს დაფუძნდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას საყდრისის საბადოს მინერალური რესურსების მოპოვების ლიცენზიის შესაბამისად, ოქროს, სპილენძისა და სხვა ფერადი ლითონების მოპოვება და გადამუშავება წარმოადგენს. RMG-ი აღნიშნული ლიცენზიის საფუძველზე ოქროს ბოლნისის და დმანისის რაიონებში 2042 წლის იანვრამდე მოიპოვებს.

KPMG-ის მიერ მომზადებული მმართველობითი ანგარიშგების მიხედვით, RMG Gold-ის, ისევე როგორც RMG Copper-ის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეები რუსი მილიარდერები და ბიზნესპარტნიორები - დიმიტრი ტროიცკი და დიმიტრი კორჟევი.

Forbes-ის ინფორმაციით, როგორც კორჟევის, ასევე ტროიცკის ქონება $1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. კორჟევი და ტროიცკი კლასელები იყვნენ, მათ ქონება 1990-იანი წლების დასაწყისში ავტომობილებით ვაჭრობით დააგროვეს, შემდგომ კი რუსეთის ერთ-ერთი წარმატებული რითეილის ქსელი O’Key დააფუძნეს.

რუსმა ბიზნესმენებმა RMG ჰოლდინგი 2012 წელს შეიძინეს, აღნიშნული გარიგების ღირებულება საჯაროდ ცნობილი არაა.

ცალკეული მეტალების მიხედვით, RMG Gold-ის შემოსავლები 2018 წლის მდგომარეობით ასე ნაწილდება:

  • შემოსავალი ოქროს რეალიზაციიდან - 165,474,000 ლარი; 
  • შემოსავალი სპილენძის მადნის რეალიზაციიდან - 35,823,000 ლარი; 
  • შემოსავალი ვერცხლის რეალიზაციიდან - 1,060,000 ლარი. 

როგორ იწარმოება ქართული ოქრო:


RMG Gold-ი ოქროს და ვერცხლს მოპოვებული მადნის გამოტუტვის გზით, ანუ მათი ნატრიუმის ციანიდში გატარების პროცესით მოიპოვებს.

კომპანიის მმართველობით ანგარიშგებაში გამოტუტვის პროცესი ამგვარად არის აღწერილი:

“გამოტუტვის ტექნოლოგიური პროცესის ფარგლებში ხდება ე.წ. გროვის ფორმირებაწყალგაუმტარ ზედაპირზე რომელზეც ხდება ციანიდის ხსნარის დასხურება. ოქრო და ვერცხლი გადადის ხსნარში, რომელიც გაიფილტრება აქტივირებული ნახშირის საშუალებით და გამოწვის შემდეგ ხდება ზოდების ჩამოსხმა. გროვაზე დასხურება ხანგძლივი პროცესია და შესაძლებელია 1 წლამდე გაგრძელდეს. აღსანიშნავია რომ მოცემული პროცესი იძლევა დაბალი შემცველობის (ოქროს შემცველობა 1 გრამი ტონაზე და ნაკლები) მადნის გადამუშავების საშუალებას. აგრეთვე შესაძლებელია ერთხელ დაფქვილი და გადამუშავებული მადნის ხელმეორედ და მესამედ გადამუშავება. ამ შემთხვევაში ეკომონომიკურად მიზანშეწონილი მადნის შემცველობა შეიძლება იყოს 0.3 გრამი ტონაზე ანუფრო ნაკლები. ასევე აღსანიშნავია რომ მოცემული ტექნოლოგიით შესაძლებელია მხოლოდ სპეციფიკური მადნების (ე. წ. ოქსიდური ანუ დაჟანგული) გადამუშავება,”- ნათქვამია ანგარიშგებაში.

რამდენი ოქრო არის იმ ტერიტორიაზე, სადაც RMG Gold-ი მოიპოვებს ძვირფას მეტალებს:

RMG Gold-ის მმართველობითი ანგარიშგების მიხედვით, ამ ეტაპზე არსებული მარაგების გათვალისწინებით, საყდრისის საბადოდან მადნის მოპოვება 1.5 მილიონი ტონის რაოდენობით არის მოსალოდნელი, რაც დაახლოებით 48.9 ათას უნცია ოქროს შეიცავს (1 უნცია 31.1035 გრამია). ეს კი დღევანდელი ფასებით $71,156,000 დოლარს, ანუ 211,710,000 ლარს უდრის. კომპანიის ინფორმაციით, მოცემული რაოდენობის ამოღება უნდა მოხდეს 2020 წლის ბოლომდე.

ამასთანავე, კომპანია ძველი მადნის ხელახალ გადამუშავებასაც ახდენს. “მესამედური გადამუშავებისთვის ვარგისი მადანი შეფასებულია 19.2 მილიონი ტონის რაოდენობით რომელიც შეიცავს 154 ათას უნცია ოქროს. მოცემული რაოდენობის მადნის გადამუშავება იგეგმება 2021 წლის ბოლომდე.”- ნათქვამია ანგარიშგებაში.

დასახელებულ 154,000 უცნია ოქროს საბაზრო ფასი (დღევანდელი ფასით) $224,090,000-ს უდრის, რაც 666,735,000 ლარის ტოლია.

“სს არემჯი კოპერისთვის ოქრო სპილენძის მადნების მოპოვება იგეგმება 8.9 მილიონი ტონის ოდენობით, რომელშიც ოქროს შემცველობა იგეგმება 178 ათასი უნციის ოდენობით (დღევანდელი ფასით $259,000,000), ხოლო სპილენძის შემცველობა 28 ათასი ტონის ოდენობით (დღევანდელი ფასით $163,324,000) . მოცემული რაოდენობის მადნის მოპოვება იგეგმება 2025 წლის ბოლომდე,”- ნათქვამია ანგარიშგებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა