მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ორგანული პროდუქტის 40 საექსპორტო ბაზარი - "არომაპროდუქტის" ფორმულა

5dfa298c7ae69
ვიქტორია მღებრიშვილი
18.12.19 18:57
3211
ორგანული კატეგორიის 100%-ით ნატურალური წვენი, დაკონსერვებული და მშრალი პროდუქტი, IQF ტექნოლოგიით გაყინული ხილ-ბოსტნეული, სოუსი, სანელებლები - ეს იმ ქართული წარმოების პროდუქტების ჩამონათვალია, რომლის ექსპორტსაც კომპანია „არომაპროდუქტი“ უკვე 20 წელზე მეტია ახორციელებს და დღეს უკვე 40-მდე ქვეყანაში არის წარმოდგენილი საერთაშორისო სავაჭრო ქსელების პრემუმ თაროზე. ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიის მმართველმა პარტნიორმა თამარ გუგუშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე წელია, კომპანიის წლიური ექსპორტი დაახლოებით, 10 მლნ ლარამდე გაიზარდა და საქართველოდან ექსპორტირებული ორგანული პროდუქციის 65% სწორედ მათი კომპანიის წილია. კერძოდ, „არომაპროდუქტის“ მიერ 2018 წელს, დაახლოებით - 9 მლნ ლარის, 2019 წლის 11 თვეში კი, დაახლოებით, 9.7 მლნ ლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.

„არომაპროდუქტის“ საწარმოს ამუშავებაში 2006 წელს, დაახლოებით, 1.2 მლნ დოლარის ინვესტიციით განვახორციელეთ, ეს იყო ძველი შენობა თბილისში, გურამიშვილის გაზირზე და მას სერიოზული ინვესტიცია დასჭირდა იმისთვის, რომ მომხდარიყო მისი გადაიარაღება. კომპანიაში 80-მდე ადამიანია დასაქმებული. ამ ეტაპისთვის მხოლოდ ექსპორტზე ვართ ორიენტირებული, მაგრამ ვგეგმავთ ლოკალურ ბაზარზე გასვლასაც და თქვენ ამას 2020 წლიდან გაიგებთ. ჩვენი საექსპორტო ბაზარი, დაახლოებით, 40-მდე ქვეყანას მოიცავს. უფრო მარტივი სათქმელია, რომელ ქვეყანაში არ ვახორციელებთ ექსპორტს. დღეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნები არიან: აშშ, კანადა, ავსტრალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, ისრაელი, იორდანია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა, ტრინიდადი“, - მოუყვა BM.GE-ის თამარ გუგუშვილმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ კომპანიის დაფუძნების შემდეგ ჯგუფმა თავიდანვე დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ საექსპორტო ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიკაცია მომხდარიყო, რათა კომპანიის პორტფელი - სტაბილური და შესაბამისად, რომელიმე ქვეყნის ეკონომკურ რყევებზე დამოკიდებული არ ყოფილიყო.

„ჩვენ თავიდანვე ავიღეთ გეზი საექსპორტო ბაზრების მაქსიმალურად დივერსიფიცირების კუთხით, რომ მაქსიმალურად შეგვემცირებინა ზიანი, იმ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური რყევებისგან, რაც შეიძლებოდა მიგვეღო. გავაფართოვეთ გეოგრაფიულ-პოლიტიკური არეალი, რომ მინიმალური რისკების ქვეშ ვყოფილიყავით და პორტფელი მუდმივად დაბალანსებული გვქონოდა. ჩვენ ეს თემები თავიდანვე გამოვრიცხეთ და გეზი ავიღეთ ძალიან მყარი და პარტნიორული ურთიერთობისკენ. შედეგად მივიღეთ ძალიან დიდი და საინტერესო გამოცდილება: ეს არის ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით, ეს არის მთელ მსოფლიოში სად და როგორ ვითარდება მომხმარებლის გემოვნება, იგივე, ორგანული მიმართულება, რაც ჩვენთვის თავიდანვე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო და ძალიან მიზანმიმართულად დავიწყეთ ამ კუთხით ზრდა, ყველაფერი იმის დანერგვა, რაც საჭირო არის იმისთვის, რომ გახდე სტაბილური, როგორც ორგანული ნედლეულის მომყვანი, ველური მოსავლის შემგროვებელი, გადამამუშავებელი და მწარმოებელი კომპანია - მთელი სრული ორგანული ჯაჭვით იმისთვის, რომ ვაკონტროლებდეთ ჩვენი პროდუქტის ხარისხს. ეს იყო ჩვენი მიზანი. ჩვენ შევეცადეთ გვემართა ჩვენი რისკები. დღესაც ამ აზრს ვავითარებთ“, - ამბობს „არომაპროდუქტის“ მმართველი პარტნიორი.

bm.ge-ის კითხვაზე, რატომ ჰქონდა კომპანიას თავიდანვე გათვლა ექსპორტზე, თამარ გუგუშვილი 2 მიზეზს გამოყოფს: „გვინდოდა, კომპანია საერთაშორისო „ორგანული ინდუსტრიისთვის“ ცნობადი, ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი გამხდარიყო და მეორე - საქართველო გაგვეხადა ცნობადი საერთაშორისო „ორგანული ინდუსტრიისთვის“, როგორც „ორგანული მებაღეობის“, „ველური შეგროვების“ და „ორგანული წარმოების“ შესაძლებლობების მქონე ქვეყანა.