მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Pulsar AI გლობალურმა ლიდერმა SpinCar-მა შეიძინა, ჩვენ წარმატებული პროექტის მოწმენი ვართ - პრემიერი

609aa9423c9a6
BM.GE
11.05.21 19:49
1597
ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანია SpinCar-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ ქართული სტარტაპი Pulsar AI შეიძინეს. გარიგების შედეგად ქართული კომპანიის ღირებულება უკვე რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია. ამ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც კომპანიას ამ წარმატებას ულოცავს.

"დღეს ჩვენ წარმატებული ინოვაციური პროექტის შედეგის მოწმენი ვართ!

ქართულმა სტარტაპმა - Pulsar AI საზღვრები გაარღვია, ოკეანე გადაკვეთა და ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა!
Pulsar AI ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანიამ SpinCar-მა შეისყიდა.

2014 წელს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შექმნით, ჩვენ ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკური ხედვის განხორციელება დავიწყეთ. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დროის ამ მოკლე პერიოდში ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა.

Pulsar AI-ის მთელ გუნდს ვულოცავ ამ გამარჯვებას! ეს არის თვალსაჩინო დადასტურება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების შექმნისა და ხელშეწყობის მიმართულებით,"- ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

გარიგების შესახებ:


ამ გარიგების შედეგად, Pulsar AI-ის ტენოლოგიების ინტეგრირება მოხდება SpinCar-ის პლატფორმაზე და პულსარის ყველა დასაქმებული განაგრძობს ტექნოლოგიის განვითარებას გლობალური კომპანიის გუნდთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ Pulsar AI-იმ შექმნა დიალოგების ავტომატიზაციის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, მოწინავე ტექნოლოგია ავტომანქანის დილერებისთვის. პულსარის ავტომატური კომუნიკაციის გადაწყვეტილების ინტეგრირება სპინქარის ინდუსტრიის ლიდერ ციფრული გაყიდვების პროდუქტებთან, მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის მიერ დილერებისათვის შეთავაზებულ სერვისებს, რაც ხელს უწყობს მეტი მომხმარებლის ინტეგრირებას ონლაინ გაყიდვებში.



“პულსარის მანქანური დასწავლის ინჟინრებმა, პროგრამისტებმა, მონაცემთა მეცნიერებმა, ლინგვისტებმა და მენეჯმენტის გუნდმა შექმნეს დღესდღეობით არსებული ერთ-ერთი მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია. ძალიან გვიხარია მათი შემოერთება სპინქარის ოჯახში, მოუთმენლად ველით გამოვიყენოთ პულსარის ექსპერტიზა და ტექნოლოგიური სიახლეები უფრო უკეთესი ბიზნეს-შედეგების მოსატანად ნებისმიერი ზომისა თუ ტიპის დილერებისთვის. აღნიშნული შენაძენი საშუალებას მოგვცემს დავაჩქაროთ ჩვენი პლატფორმის გაფართოება ციფრული შესაძლებლობების მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ეს კი ყველა შეხების წერტილში უფრო მიმზიდველს და პერსონალიზებულს გახდის მომხმარებლისთვის მანქანის ონლაინ შეძენის პროცესს.” - ამბობს დევინ დალი, სპინქარის თანადამფუძნებელი და CEO.

დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შექმნა სხვადასხვა ფინანსური კომპანიებისათვის საქართველოში 2016 წელს დაიწყეს.

2019 წლიდან მათ გუნდს სოფო ჭყოიძეც შეუერთდა და ერთად დააარსეს პულსარი, რომელმაც შექმნა მსოფლიოში მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია. პულსარმა 2019 წელს სილიკონის ველზე $1.2M ინვესტიცია მოიზიდა და უმოკლეს დროში უკვე გახდა პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი წარმატებული გლობალური “Exit” - ით. ქართველ-ამერიკელი ანტერპრენერი ჯორჯ არისონი აქტიურად უჭერდა მხარს კომპანიას და ეხმარებოდა გუნდს ავტო-ინდუსტრიის საცალო გაყიდვების სფეროში არსებული უნიკალური შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში. პულსარი ასევე ერთ-ერთი პირველი იყო იმ კომპანიებს შორის, რომელმაც მიიღო მხარდაჭერა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან (GITA). პულსარის ეს წარმატება არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისათვის.

კომპანიების შესახებ

"სპინქარი" ავტო-დილერებს და ავტო-ინდუსტრიაში მოთამაშე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ციფრული გაყიდვების სფეროში. კომპანია ქმნის ისეთ პროდუქტებს, სადაც კლიენტი ციფრულ სივრცეში იგივე გამოცდილებას იღებს რასაც შოურუმში ვიზიტის დროს. სპინქარის მონაცემები და ციფრული ტექნოლოგია მთლიანად დაფუძნებულია კლიენტის ქცევაზე და ამიტომაც, ზუსტად ერგება ავტომობილის ყიდვის საუკეთესო გამოცდილებას.

პულსარის Conversational AI-ის პლატფორმა ავტომატიზებული დიალოგის საშუალებით როგორც იმეილის არხში, ასევე sms-ით, აკავშირებს ავტომანქანის პოტენციურ მყიდველს დილერთან.

კომპანიის აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა - მყისიერი, რელევანტური პასუხის გაცემით, მუდმივი შემახსენებელი გზავნილებით ყოველ შემოსულ ონლაინ მოთხოვნაზე, ზრდის ეფექტურობის ხარისხს და უზოგავს დროს სადილეროების გაყიდვების გუნდს. ავტომატური კომუნიკაციის ფუნქციონალი შესაძლებელს ხდის პასუხი გაეცეს განუსაზღვრელი რაოდენობის იმეილ თუ SMS არხში შემოსულ მომხმარებელთა მოთხოვნებს 24/7.

“სპინქარმა დაიმკვიდრა სანდო პარტნიორის სახელი ათასობით ავტო-დილერს შორის მსოფლიოს გარშემო, და ჩვენ, ორივე კომპანია ვიზიარებთ საერთო იდეას, რომ ტექნოლოგიები ზრდის ოპერაციების ეფექტურობას, რაც მომხმარებელს უადვილებს დისტანციურ ყიდვა-გაყიდვის პროცესს.”, ამბობს დაჩი ჭოლაძე, პულსარის თანადამფუძნებელი და CEO. “ინოვაციები, რომლებიც ჩვენ შევქმენით Conversational AI-ის მიმართულებით, აწესებს ახალ სტანდარტს ზოგადად დიალოგის ავტომატიზაციაში. სპინქართან შეერთება შესაძლებლობას მოგვცემს კიდევ უფრო სწრაფად განვავითაროთ ჩვენი Conversational AI ტექნოლოგიები”.

ტრადიციული ბიზნეს მოდელის მქონე სადილეროებს უწევთ გაუმკლავდნენ ციფრული ტრენდების სწრაფ განვითარებას, რაც ბიზნესის ტრანსფორმაციის საჭიროებას კიდევ უფრო კრიტიკულს ხდის. სპინქარის მონაცემების სიმრავლე და ტექნოლოგიური აპლიკაციების გაფართოება ეხმარება ათასობით სადილეროს გაზარდოს ეფექტურობა მომხმარებელთათვის უწყვეტი და მეტად პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით, შესაბამისად, დააკმაყოფილოს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნები. პულსარის შესყიდვით, სპინქარის ოფისები წარმოდგენილი იქნება ნიუ-იორკში (ნიუ-იორკი, სირაკუსი), სან-ფრანცისკოში, თბილისში, მანჩესტერსა (ინგლისი) და ტორონტოში.