მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქართული რეგულაციები ახლოსაა ევროპულთან” - Binance-ის რეგიონული დირექტორი

644e323c22e01
გიორგი არონია
30.04.23 18:40
586
სტატიაში საუბარია:

“საქართველოს მთავრობისა და მარეგულირებლების მიდგომა საკმაოდ ახლოსაა ევროკავშირის კანონმდებლობასთან”, - ასე პასუხობს მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟის, Binance-ის რეგიონული დირექტორი, გლებ კოსტარევი საქართველოში კრიპტოინდუსტრიის რეგულირებასთან დაკავშირებით ბიემჯის მიერ დასმულ შეკითხვას. მისივე თქმით, საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვა ქვეყნის ეკონომიკისთვის დადებითი მოვლენაა.

“ჩვენი შეფასებით, საქართველოს მთავრობისა და მარეგულირებლების მიდგომა საკმაოდ ახლოსაა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. სხვათა შორის, ევროკავშირის პარლამენტმა სწორედ ახლა დაამტკიცა ახალი მარეგულირებელი ჩარჩო სახელწოდებით MiCA, რომელიც, ჩვენი შეფასებით, საკმაოდ პრაგმატული რეგულაციაა, რომელსაც მხარს ვუჭერთ. ჩვენთვის ასევე მისასალმებელი იქნება, თუ საქართველო განაგრძობს ევროპული სტანდარტების დანერგვას, რადგან ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს ნამდვილად კარგი იქნება. როგორც იცით, MiCA KYC-ისა და AML-ის სტანდარტების ინტეგრირებას მოითხოვს, რაც ფულის გათეთრებისა და თაღლითობის წინააღმდეგაა მიმართული - ეს კი ინდუსტრიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - ამბობს გლებ კოსტარები ბიემჯისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბიემჯი, ცხადია, დაინტერესდა იმითაც, ჩართული იყო თუ არა მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟა საქართველოში კრიპტოინდუსტრიის რეგულირების საკითხში, მით უფრო, რომ Binance-ის დამფუძნებელი ჩანგპენგ ჟაო, თბილისში მისი ვიზიტის დროს, რეგულაციის ინიციატორის, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, პაპუნა ლეჟავას შეხვდა. როგორც გლებ კოსტარევი ამბობს, Binance-მა მარეგულირებელს გარკვეული რჩევები მისცა.

“რეგულირების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს გარკვეული რჩევები და რეკომენდაციები ნამდვილად მივეცით. მოვუყევით, თუ როგორია საუკეთესო პრაქტიკა მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია წესის გასაჯაროება, რათა ზუსტად ვიცოდეთ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მომავალში”, - ამბობს გლებ კოსტარევი.

წესი, რომელზეც Binance-ის რეგიონული დირექტორი საუბრობს, საქართველოში კრიპტოინდუსტრიის რეგულირების შემდეგ ეტაპს გულისხმობს, რადგან თავად ცვლილებები, რომლებიც ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში განხორციელდა, ძალაში 2023 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა. აღნიშნული დოკუმენტით, ოთხი ძირითადი მიმართულება განისაზღვრა, ესენია: ვირტუალური აქტივი, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივი, ვირტუალური აქტივის მომსახურება და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი. ამგვარად, რეგულირება მოიცავს ციფრული აქტივების ოპერატორების ეროვნულ ბანკში რეგისტრაციას და მათ რეგულირებას ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კუთხით, მაგრამ, როგორც ბიემჯისთვის გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე, რეგულირება არ მოიცავს პრუდენციულ ნაწილს და მომხმარებელთა უფლებებს. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიებისთვის კონკრეტული ბუფერები და სარეზერვო ნორმები, ამ დროისთვის, გაწერილი არ არის.

ცნობისთვის: MiCA კრიპტოაქტივების არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მრავლისმომცველი და მნიშვნელოვანი რეგულაციაა, რომელიც ევროპარლამენტმა კვალიფიციური უმრავლესობით დაამტკიცა - აღნიშნულ კანონპროექტს კენჭისყრაზე 517-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 38-ის წინააღმდეგ. კრიპტობაზრების აქტი, ე.წ. MiCA ისტორიაში პირველი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც ინდუსტრიის სრულ რეგულირებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ჩარჩო მოიცავს როგორც შეზღუდვებს, აგრეთვე აღსრულების მექანიზმებსა და სანქციებს.MiCA-ს ფარგლებში ბირჟებსა და კრიპტოსერვისების პროვაიდერებს დაევალებათ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მექანიზმების ინტეგრირება, მომხმარებლის ვინაობის ვერიფიცირება, საეჭვო ტრანზაქციების შესახებ მარეგულირებლისთვის მონაცემების მიწოდება, კლიენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კოლაფსის შემთხვევაში - პასუხისგება.

როგორ დარეგულირდება კრიპტოინდუსტრია საქართველოში? - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ