მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სტარტაპი "ინებე" ფუნქციონირებას აშშ-ის ბაზარზე გააგრძელებს

5e4ffeaf2aa76
ნუცა ბაზლიძე
21.02.20 21:00
1292
დიეტური საკვების ადგილზე მიტანის ონლაინ სერვისი „ინებე“ ფუნქციონირებას აშშ-ის ბაზარზე გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ს „ინებეს“ თანადამფუძნებელმა მარიტა გენებაშვილმა დაუდასტურა. ის აღნიშნავს, რომ საკითხი გადაწყვეტილია, თუმცა თუ როგორ განვითარდება სტარტაპი ამერიკაში და რა სიახლეებით იქნება წარმოდგენილი, ამასთან დაკავშირებით დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.

აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ სტარტაპის დამფუძნებლები, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მარიტა გენებაშვილი და ლევან შათირიშვილი საცხოვრებლად აშშ-ში გადადიან და საქმიანობის გაგრძელებასაც აშშ-დან გეგმავენ.

რაც შეეხება „ინებეს“ ფუნქციონირებას ქართულ ბაზარზე, ამისთვის მისი წარმომადგენლები ინვესტორს ეძებენ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მარიტა გენებაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

„ვფიქრობთ, რომ ამერიკიდან გაგვიჭირდება inebe.ge-ს მართვა და განვითარება საქართველოს ბაზარზე, რადგან მზა კვების ბიზნესს სჭირდება მუდმივი ჩართულობა, ამაში მექსიკაში ყოფნისას დავრწმუნდით. ამიტომ, ვეძებთ ინვესტორს „ინებეს“ საქართველოს ბიზნესში, ვინც დაინტერესებული იქნება სტარტაპის მენეჯმენტი და 2000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებელი წარმატებით გადაიბაროს, რათა ბრენდმა გააგრძელოს განვითარება საქართველოშიც“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც BM.GE-მ მარიტა გენებაშვილთან საუბრისას გაარკვია, ინვესტორი ჯერჯერობით არ გამოჩენილა.