მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სტარტაპი „კერნელი“ ფილიპინებზე ფართოვდება და ინდოეთის ბაზარზეც შედის

619533f74962b
ვიქტორია მღებრიშვილი
17.11.21 23:10
3064
საქართველოში დაფუძნებული ფინანსური ხელსაწყოების პლატფორმა “კერნელმა“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში 525 000 ლარი გრანტის სახით მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ GITA ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სტარტაპი „კერნელი“ 2019 შეიქმნა და მცირე ბიზნესებს ბუღალტრული პროცესების გაციფრულებასა და ავტომატიზაციაში ეხმარება. BM.GE სტარტაპ-კომპანიის დამფუძნებელს ბექა დალაქიშვილს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ "კერნელი" მიღებული გრანტით ფილიპინების ბაზარზე ზრდის ტემპს ააჩქარებს და ინდოეთის ბაზარზე შევა.

„ფილიპინებში 2021 წლის გაზაფხულზე გავედით და დღეისთვის ამ ბაზარზე ვოპერირებთ, თუმცა ამ ფინანსურ რესურსს ფილიპინებზე ზრდის ტემპის ასაჩქარებლად გამოვიყენებთ, ხოლო გრანტის მეორე ნაწილი წლის ბოლომდე ინდოეთის ბაზარზე შევალთ და პირველი ნაბიჯებისას ფინანსები მარკეტინგული კამპანიის საწარმოებლად დაგვჭირდება“, - განმარტა ბექა დალაქიშვილმა.

„კერნელის“ კონკურენტულ უპირატესობას პროგრამული უზრუნველყოფის მოქნილობა წარმოადგენს, რომლის არქიტექტურაც „კერნელის“ გუნდს სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო მოთხოვნებსა და რეგულაციებს დამატებითი (დროითი და ფინანსური) დანახარჯის გარეშე პროდუქტის მორგების საშუალებას აძლევს. 2020 წლის დასაწყისში სტარტაპმა GITA-ს 100 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა, რომელმაც კომპანიის გუნდს პროდუქტის განვითარების და მომხმარებლის მოზიდვის საშუალება მისცა.

„კერნელი“ 500 Startups Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაშიც მოხვდა, რამაც საშუალება მისცა კომპანიას განვითარების ახალ ეტაპზე გადასულიყო. დღეს „კერნელის“ ინვესტორები Digital Area (500 Startups-ის ფარგლებში), საინვესტიციო კომპანია „რევაპ გრუპი“ და საერთაშორისო კერძო ინვესტორია. კომპანია ჯამში 10 ადამიანს ასაქმებს, აქედან 8 საქართველოში, ხოლო ფილიპინებსა და ინდოეთში 1-1. თუმცა ბაზრების მოცვისა და გაფართოების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.

ფინანსური ხელსაწყოების პლატფორმა “კერნელის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ბაზრების მოცვით არ შემოიფარგლებიან და მომავალში სხვა ქვეყნებში შესვლასაც გეგმავენ.

„500 Startups-ის დასრულების შემდეგ მიმდინარე წლის გაზაფხულზე ფილიპინებში, ინდოეთში, პაკისტანსა და ნიგერიაში შესვლა გავტესტეთ. ეს ქვეყნები გარკვეული კრიტერიუმებით შევარჩიეთ. ეს უნდა ყოფილიყო ინგლისურენოვანი საკმარისად დიდი ბაზრები, სადაც ახალი საგადასახადო რეგულაციები და ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა იქნებოდა. დღეს კი ვფიქრობთ, რომ ინდოეთის შემდეგ „კერნელი“ შესწავლილი ბაზრებიდან კიდევ ერთში ჩაეშვება, ეს ან პაკისტანი იქნება ან ნიგერია“, - განმარტა ბექა დალაქიშვილმა. 

მისივე ინფორმაციით, "კერნელი" საქართველოში დღეისთვის ბუღალტრული პროცესების გაციფრულებასა და ავტომატიზაციაში 6 000 კომპანიას ეხმარება, რაც ბაზრის 10%-ს შეადგენს. 

ცნობისთვის: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც საქართველოსთან იქნება ასოცირებული.