მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სტარტაპის ინოვაცია - სენსორული ღილაკი, რომელიც ვირუსის გავრცელებას შეუშლის ხელს

5e985f70e8b8c
BM.GE
16.04.20 17:36
3445
კორონავირუსის პანდემიის პრევენციის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის გამარჯვებულმა პროექტმა - sensor.ge სენსორული ღილაკების სხვადასხვა მოდიფიკაცია და დამზადება დაიწყო.

სენსორული ღილაკი ჩაანაცვლებს ან პარალელურად დამონტაჟდება ლიფტებში, ბანკომატებსა და სხვა ობიექტებზე არსებული ღილაკების გვერდით, რათა თავიდან იქნას აცილებული ღილაკთან ხელით შეხება. სენსორული ღილაკის სარგებლობისთვის საკმარისი იქნება მომხმარებელმა 0.5-დან 3 სანტიმეტრამდე მიიტანოს ხელი ღილაკთან, რომელიც მომხმარებლისთვის საჭირო ფუნქციას შეასრულებს.

სენსორული ღილაკის საჩვენებელი ვერსია უკვე დამონტაჟდა თბილისის ტექნოპარკის ლიფტში. კომპანიის წარმომადგენლებს დღეს პირადად შეხვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რომელმაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში ღილაკების მუშაობა ადგილზე გამოსცადა.

ნათია თურნავას განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც სამომავლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვირუსის გავრცელებისგან დაგვიცავს, რადგან შეიზღუდება გარკვეული ტიპის ტექნიკასთან უშუალო - ხელით შეხება, რისი საჭიროებაც აქამდე იყო.

„ქართულმა სტარტაპმა სენსორ.ჯი-მ წარმოგვიდგინა ახალი ინოვაციური სენსორული ღილაკები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, მათ შორის ლიფტებში, ბანკომატებში, ყველგან სადაც გვიწევდა ღილაკზე ხელის შეხება ყოველდღიური ოპერაციების ჩასატარებლად. ამ იდეის მეშვეობით ეს შეძილება განხორციელდეს ხელის შეხების გარეშე დისტანციურად, რადგან სენსორები ხელის მოძრაობას გრძნობს და შეხება საჭირო აღარ არის“, - აღნიშნა ნათია თურმავამ.

მინისტრის განცხადებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ სტარტაპს 15 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გამოუყო პირველი საცდელი პარტიის - 1000 ღილაკის გამოსაშვებად.

„მინდა მადლობა გადავუხადო სენსორ.ჯი-ს ამ იდეისთვის. განსაკუთრებით იმისთვის, რომ გამოთქვეს სურვილი, პირველი 200 სენსორული ღილაკი სახელმწიფოს გადასცენ. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს კომპანიის მიერ წარმოდგენილი უსაფრთხო ტექნოლოგიის დანერგვას“, - დასძინა ნათია თურნავამ.