27.იანვარი .2022 23:59

ქართული თხილი მსოფლიოში: რიგით მერამდენე მწარმოებელია საქართველო?

ქართული თხილი მსოფლიოში: რიგით მერამდენე მწარმოებელია საქართველო?
views 5130
უკან

გაეროს სურსათის ორგანიზაციის (FAO) შეფასებით, საქართველო თხილის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნების პირველ სამეულში ადგილს მხოლოდ 2014-2015 წლებში იკავებდა. ამ პერიოდში თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მაქსიმალური იყო და $180 მილიონ დოლარს აღწევდა. 2016 წელს ქვეყანამ თხილის უმსხვილეს მწარმოებელთა შორის მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი კვლავ მაღალი იყო და $179 მილიონს აღემატებოდა.

თუმცა 2017 წლიდან აზიური ფაროსანას გავრცელებამ თხილის პლანტაციები დააზიანა და მოსავალიც, ქართული თხილის ხარისხიც და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალიც დაეცა.

ვითარება შედარებით გამოსწორდა 2020 წელს, როდესაც ექსპორტის მოცულობამ 17,900 ტონას მიაღწია, ხოლო მიღებული შემოსავალი კი $94 მილიონი გახდა. 2021 წელს ექსპორტი 26%-ით, $118.4 მილიონამდე გაიზარდა. გასულ წელს საქართველომ 25,000 ტონა თხილი გაიტანა ექსპორტზე. რაოდენობრივად შარშან თხილის ექსპორტი თითქმის იმდენივე იყო, რამდენიც 2016 წელს, მაგრამ მიღებული შემოსავალი 2016 წელთან შედარებით 34%-ით ნაკლებია. კლების მთავარი მიზეზი გლობალურად თხილის შემცირებული ფასია. პროდუქციის ფასების ვარდნა თხილის მთავარ მწარმოებელში - თურქეთში ფასების კლებამ განაპირობა, რაც ლირას გაუფასურებას უკავშირდებოდა. თურქეთი თხილის გლობალური მიწოდების 66%-ს აკონტროლებს, საქართველოს საბაზრო წილი კი მხოლოდ 3%-მდეა.

FAO-ს უკანასკნელი მონაცმებით, საქართველო თხილის რიგით მეექვსე უმსხვილესი მწარმოებელია და მასზე ამ პროდუქტის მოსავლის 3% მოდის.

წლების მიხედვით, საქართველოს პოზიცია თხილის გლობალურ წარმოებაში (FAO-ს მონაცემებით):

• 2014 წელს - საქართველო 33,800 ტონა, მესამე ადგილი;
• 2015 წელს - საქართველო 35,300 ტონა, მესამე ადგილი;
• 2016 წელს - საქართველო 29,500 ტონა, მეხუთე ადგილი;
• 2017 წელს - საქართველო 21,400 ტონა, მეექვსე ადგილი;
• 2018 წელს - საქართველო 17,000 ტონა, მეშვიდე ადგილი;
• 2019 წელს - საქართველო 24,000 ტონა, მეშვიდე ადგილი;
• 2020 წელს - საქართველო 32,700 ტონა, მეექვსე ადგილი.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი თითქმის 49,500 ტონა მოსავლით FAO-ს მონაცემებით, მსოფლიოში თხილის წარმოებაში მეოთხე ადგილს იკავებს. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი საქართველოში თხილის მოსავლის პიკურ მოცულობასაც თითქმის 17,000 ტონით აღემატება. ამასთან, აზერბაიჯანმა თხილის წარმოება განსაკუთრებულად ბოლო 7-8 წლის განმავლობაში გაზარდა.

ქართული თხილის მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია.



BMG-მ საქსტატიდან თხილის უმსხვილესი TOP-10 ექსპორტიორი კომპანიის სია გამოითხოვა. ესენია:

1. შპს აგრიჯორჯია
2. შპს Georgian Hazelnut Corporation
3. შპს ჯორჯიან პროდაქტს რენესანს
4. შპს გოლდ ნათს 777
5. შპს S.R.T
6. შპს აჩი და ანლი
7. შპს ჯტჯ პლას
8. შპს ვანი ნათსი
9. შპს გლობალ ექსპორტი
10. იმ ზეინაბი შუბლაძე

ცნობისთვის: ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა