მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული თხილის ექსპორტი 42%-ით გაიზარდა - მიზეზები

616edec6cd7b5
სალომე მეცხვარიშვილი
19.10.21 19:55
1063
2021 წლის 9 თვეში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3%-ით მეტია. გაზრდილია იმპორტი 21.6%-ით და ექსპორტი კიდევ უფრო მეტად - 24%-ით.

უმსხვილეს საექპორტო საქონელს შორის კვლავ შედის ღვინო, რომლის გაყიდვებმაც 16.5%-ით იმატა, 28%-ით გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტიც; ქართული თხილი კი საექსპორტო ათეულში მოწინავე პოზიციებს ნელ-ნელა იბრუნებს.

2021 წლის 9 თვეში 42%-თ მეტი კაკალი და თხილი გავყიდეთ, ვიდრე - გასულ წელს. თხილის ექსპორტიორთა ასოციაციაში რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ.

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა “საქმის კურსთან” ამბობს, რომ ერთი მხრივ, გაიზარდა მოსავლის მოცულობა, მეორე მხრივ კი ექსპორტის ზრდას ხელი შეუწყო იტალიიდან გაზრდილმა მოთხოვნამ.

“აგვისტოდან ანუ ახალი სეზონიდან, გაზრდილია თხილის მოცულობა 60 ათასი ტონიდან 75-80 ათას ტონამდე. მეორე მხრივ, პრობლემები იყო იტალიაში მოსავლიანობის კუთხით, რამაც ამ ქვეყნიდან მოთხოვნა გაზარდა. შედეგად საქართველოსთვის იტალია ნომერ პირველი თხილის საექსპორტო ქვეყანა გახდა, როცა აქამდე ამ პოზიციას გერმანია იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელსაც ბევრად უკეთესი რაოდენობისა და ხარისხის მოსავალი გვქონდა, ვიდრე 2019 წელს. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ექსპორტი საერთო ჯამში იზრდება”, - აცხადებს ლევან ქარდავა.

კითხვაზე - შეიძლება თუ არა ითქვას, რომ აზიური ფაროსანის  პრობლემა ქვეყანაში გადაიჭრა, ლევან ქარდავა პასუხობს, რომ “ფაროსანა არასად წასულა, უბრალოდ, მოსახლეობამ ამ პრობლემის მართვა ისწავლა".

“კრიზისულ წლებთან შედარებით წელს ფაროსანის პრობლემა ნაკლებია, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა აღარ გვაქვს. ამ საკითხის გადასაჭრელად საჭიროა, ფერმერების ჩართულობაც, რადგან მხოლოდ სახელმწიფო ან ბიზნესის რესურსები საკმარისი არ არის”, - აცხადებს ასოციაციის დირექტორი და აღნიშნავს, რომ ფაროსანა აზიანებს არამხოლოდ თხილს, არამედ უკვე გადაერთო ისეთ კულტურებზე, როგორებიცაა სიმინდი, ციტრუსი და ა.შ.