მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული წარმოების ეთერზეთები ექსპორტზე ევროპაში გავა - „ველით ISO სერტიფიკატს“

619b94c4a9c9f
ვიქტორია მღებრიშვილი
23.11.21 09:45
2434
ეთერზეთების ადგილობრივი მწარმოებელი „მწვანე ბუმბო“ პროდუქტის ექსპორტზე გატანას ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გეგმავს.

კომპანიის კომერციული დირექტორი დოკა ბაღათურია BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ლანჩხუთის სოფელ სუფსაში მოქმედ საწარმოს მთავარი სარეალიზაციო ბაზარი მეზობელი ქვეყნებია, თუმცა კომპანია ISO სერტიფიკატის მიღების შემდეგ, ბაზრების გაფართოებას ევროპის მასშტაბით გეგმავს.

უნდა აღინიშნოს, რომ „მწვანე ბუმბო“ დღეისთვის 3 სახის ეთერზეთს აწარმოებს, ხოლო ზაფხულიდან ციტრუსის ეთერზეთების წარმოების დაწყებას გეგმავს. კომპანიის წარმადობა 500-600 ლიტრია და წარმოებული პროდუქტის ძირითადი ნაწილი ექსპორტზეა მიმართული.

„ჩვენი მუშაობის ძირითადი ამოცანა, არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხზე აქცენტირებული წარმოებაა. საბედნიეროდ, საქართველოში ისეთი კულტურული, ბუნებრივი წარმოშობის მცენარეები, რომლისგანაც ნატურალური და მაღალი კლასის ეთერზეთები მიიღება. „მწვანე ბუმბოს“ ეთერზეთის სხვადასხვა ლაბორატორიაში გაგზავნილმა ნიმუშებმა დადებითი შეფასება დაიმსახურა და ჩვენ ამ ეტაპისთვის ISO სერტიფიკატის მიღებაზე დავიწყეთ მუშაობა. ISO სერტიფიკატის აუდიტი გავიარეთ და ჩვენი ეთერზეთები სრულად აკმაყოფილებს ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს. ველოდებით დასკვნას, რომლის მიხედვით ჩვენი საწარმო ISO სერთიფიცირებული იქნება.

დღემდე გაყიდვები საქართველოს ბაზარზე ხორციელდება, ამასთან ეთერზეთები რუსეთში, უკრაინასა და სომხეთში გაგვაქვს, თუმცა მოთხოვნა გერმანიიდან, ამერიკიდან და კანადიდან გვაქვს“, - ამბობს დოკა ბაღათურია.

მისივე ინფორმაციით, თუ ადგილობრივ ბაზარზე ეთერზეთების ღირებულება 15 ლარია, საექსპორტო ბაზრებზე 10 მლნ-იანი შუფუთვის ფასი 7-8 დოლარია.

„ექსპორტის მუდმივი თანამშრომლობის განმსაზღვრელი სტაბილური მიწოდება, ფასი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ზუსტად შესრულებაა. საზღვარგარეთ უდიდესი კონკურენციის ფონზე ოპერირება საკმაოდ რთულია და ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მიუხედავად იმისა, რომ მოკლე დროში ყველაფრის შესრულება არც თუ ისე მარტივია, „მწვანე ბუმბო“ საექსპორტო ბაზრებზე პროდუქტის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს.

ცნობისთვის: გურიში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში, ეთერზეთების საწარმო კომპანია „მწვანე ბუმბომ“ 234 000 დოლარი ინვესტიციითა და USAID-ის ხელშეწყობით 2018 წლიდან აამოქმედა. საწარმო დღეს 3 დასახელების ეთერზეთს აწარმოებს, თუმცა მისი რესურსის 14 სახეობის ეთერზეთის წარმოებაა. კომპანიაში 10 ადამიანია დასაქმებული.