30.სექტემბერი .2022 22:35

„ქართული წარმოების გარკვეულ მედიკამენტებზე უკვე დეფიციტია...“ - რას აკეთებს სამინისტრო?

„ქართული წარმოების გარკვეულ მედიკამენტებზე უკვე დეფიციტია...“ - რას აკეთებს სამინისტრო?
views 658
უკან

ბაზარზე მოქმედი 49 ფარმაცევტული საწარმოდან 32-ში თითქმის ორი თვეა საწარმოო პროცესი გაჩერებულია. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ GMP და GDP სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო როგორც ფარმაცევტულ საწარმოებს, ისე ავტორიზებულ აფთიაქებსა და საბითუმო რეალიზატორებს საქმიანობა აგვისტოს დასაწყისში შეუზღუდა. ამ დროისთვის ფარმაბაზრის 49 მოთამაშიდან მოთხოვნილ სტანდარტს [GMP ] მხოლოდ ორი საწარმო, „ავერსი ფარმა“ და „ჯი ემ ფარმა“ აკმაყოფილებს.

საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ინფორმაციით, ბაზარზე ქართული წარმოების რიგ ფარმაცევტულ ნაწარმთან დაკავშირებით დეფიციტი უკვე შეიმჩნევა. ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან გოგიბერიძემ გასულ კვირაში BM.GE-სთან განაცხადა, რომ გაჩერებული საწარმოების სიაში მათი წევრი 8 კომპანია მოხვდა, სადაც ამ ეტაპზეც საწარმოო პროცესები სრულად გაჩერებულია და ეს კომპანიები მხოლოდ ნათშების რეალიზაციით არიან დაკავებულნი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაცია საკმაოდ მსხვილი ბიზნესგაერთიანებაა. ის 22 მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას აერთიანებს.

„ქართული წარმოების გარკვეულ მედიკამენტებზე უკვე შეიმჩნევა დეფიციტი. ალბათ მეტი მხარდაჭერაა სახელმწიფო სტრუქტურებისგან საჭირო, რომ დროულად მოხდეს ამ წვრილი საწარმოების გაერთიანება და შემდეგ ახალ სტანდარტზე გადაყვანა. ჩვენი წევრი 2 კომპანია მუშაობს, რომ წლის ბოლომდე გადავიდეს ახალ სტანდარტზე, თუმცა ეს ზოგად სურათს ვერ შეცვლის. ძალიან სამწუხაროა, რომ მხოლოდ რამდენიმე კომპანია შეძლებს წლის ბოლომდე ახალი სტანდარტის დაკმაყოფილებას. ნონსენსია, რომ როცა 10 ქარხანა მზად არის ექსპორტისთვის, ასეთ დროს მათი წარმოებული მედიკამენტები საქართველოს ბაზარზე ვერ ხვდება და დეფიციტია ამ მიმართულებით“,-აცხადებს ლევან გოგიბერიძე.

აღსანიშნია, რომ რეგულაცია, GMP სერთიფიკატის გარეშე საქმიანობას 2025 წლამდე არ უზღუდავს იმ 10-მდე კომპანიას, რომლებიც ექსპორტს ახორციელებენ.

დღეს BM.GE-მ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ჰკითხა, ხომ არ აქვს სამინისტროს რაიმე კონკრეტული გეგმა იმისთვის, რომ საწარმოების გაჩერებით ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტების დეფიციტი არ შეიქმნას.

GMP/GDP სტანდარტების დანერგვა მიმდინარეობს ძალიან აქტიურად, კარგია რომ ბევრმა საწარმომ უკვე დააკმაყოფილა მოთხოვნები, ასევე აფთიაქებმა და ფარმაცევტულმა ბაზებმა იმისთვის, რომ ეს სტანდარტი მიიღონ.

რაც შეეხება მცირე საწარმოებს, რომლებმაც ამ ეტაპზე ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნა, რეგულირების სააგენტო მათთან კონსულტაციებს გადის და თუკი ოდნავ მაინც შესაძლებელია გონივრულ ვადაში საწარმომ გააუმჯობესოს თავისი პირობები და მიაღწიოს სტანდარტს, ეს დათქმით ხდება, თუმცა თუ ვერ ხერხდება ეს და საწარმო არის ძალიან შორს სტანდარტისგან და არ აქვს გარანტია იმისთვის, რომ აწარმოონ ხარისხიანი პროდუქცია, ბუნებრივია მათ დასჭირდებათ თავად იზრუნონ საინვესტიციო გეგმების განვითარებაზე და სტრატეგიულად თავად შეაფასონ რა შეუძლია სამომავლოდ, რომ აწარმოოს და გააკეთოს. ასევე შესაძლებელია თანამშრომლობა სხვა საწარმოებთან იმისთვის, რომ მოხდეს რესურსის კონსოლიდაცია.

GMP/GDP დანერგა ქვეყანამ იმისთვის, რომ მოსახლეობამ მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები იმ პროდუქციამ, რომელიც იქნება ბაზარზე, არ შექმნას“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

GMP/GDP სტანდარტის დაკმაყოფილების ვალდებულება ბიზნესს 2022 წლის იმ კონკრეტული თვიდან წარმოეშვა, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ნებართვა აქვთ მიღებული. ამავე დროს, დამატებითი შეღავათი განესაზღვრათ იმ მწარმოებლებს, რომლებსაც წარმოების ნებართვის ვადა ივნისის თვემდე ჰქონდათ მიღებული. მათ ხარისხის სერტიფიკატი 30 ივნისამდე უნდა მოეპოვებინათ. მთლიანად სექტორს ახალ სტანდარტებზე გადასაწყობად ვადა წლის ბოლომდე აქვს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა