მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა ბანკებმა პირველ კვარტალში 747 მლნ ლარი იზარალეს

5ea0294dd9c40
შოთა ტყეშელაშვილი
22.04.20 15:36
2081
საქართველოში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა 2020 წლის პირველ კვარტალში ჯამურად 747 მილიონი ლარის ზარალი მიიღო, ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლების სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ეს ამ სტატისტიკის წარმოების ისტორიის განმავლობაში, ზარალის ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, ბანკების მიერ 1.2 მილიარდი ლარის შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვება გახდა. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა "აქტივების შესაძლო დანაკარგების" ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს. 

BMG-ის "საქართველოს საბანკო ასოციაციაში" განუმარტეს, რომ ზარალი სწორედ "ნამეტი რეზერვის შექმნამ განაპირობა, ხოლო იმაზე საუბარი, რომ ეს რეზერვი ფაქტობრივად რეალიზდება და ის ამაზე მეტი ან ნაკლები იქნება, არის არარელევანტური". 

"ყველა კომერციულმა ბანკმა გაატარა რეზერვი. ამ მაჩვენებლებში პირდაპირ რეზერვების გამო არის შემცირებული მოგება", - ამბობს "საქართველოს საბანკო ასოციაციის" პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.

კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლების სტატისტიკის სხვა პუნქტები კი მეტყველებენ, რომ პირველი კვარტლის მდგომარეობით, ქართული ბანკების შემოსავლები სტაბილურობას ინარჩუნებენ. მეტიც, ყველა მთავარი ინდიკატორი 2019 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია. მათ შორის, წინა წელთან შედარებით, 15.8%-ით არის გაზრდილი ბანკების მიერ მიღებული მთლიანი შემოსავალი და ის 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს.

ეროვნული ბანკის მიერ სექტორის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯები:


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, პირველ აპრილს ბანკებს კაპიტალის მოთხოვნები შეუმსუბუქა. ეს ცვლილება გულისხმობს კაპიტალის კონსერვაციის ბუფერისა (რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 2,5%-ის ოდენობით) და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილის (არაჰეჯირებული საკრედიტო რისკის ბუფერის 2/3) გაუქმებას. ამ გადაწყვეტილებების შედეგად, საბანკო სექტორისთვის 1.6 მილიარდი ლარის გამოთავისუფლება მოხდა. სებ-ის განმარტებით ბანკებს ამ გამოთავისუფლებული თანხის მიმართვა შეუძლიათ, როგორც "პოტენციური ზარალის გასანეიტრალებლად", ასევე ეკონომიკის დაკრედიტების გასაზრდელად.

როგორც სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა მეტყველებს, აღნიშნული თანხის უდიდესი ნაწილი ბანკებმა სწორედ პოტენციური ზარალის გასანეიტრალებლად მიმართეს.

არსებული მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სისტემაში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა რეგიონის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და ის მთლიანი პორტფელის 1.37%-ს, ანუ 437 მილიონ ლარს შეადგენს.