მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა სტარტაპმა "ედუფეიმ" პირველივე საინვესტიციო რაუნდში 300 000 ლარის ინვესტიცია მოიზიდა

60d6ee897a748
BM.GE
26.06.21 14:06
1716
Impact Hub Tbilisi-ის პრე-აქსელერატორის მონაწილე სტარტაპმა “ედუფეიმ” პირველივე საინვესტიციო რაუნდში პროდუქტის განვითარებისა და ქართული ბაზრის ათვისებისთვის 300 000 ლარის კერძო ინვესტიცია მოიზიდა, რაც გუნდს მისცემს შესაძლებლობას მოემზადოს აზიურ და შუა აღმოსავლეთის ბაზარზე გასასვლელად. სტარტაპი სულ რამდენიმე დღის წინ პირველად გამოჩნდა ინვესტორების წინაშე Impact Hub Tbilisi-ის მიერ ორგანიზებულ დემო დღეზე და ძალიან მალევე რამდენიმე ინვესტორის დაინტერესება გამოიწვია, საბოლოოდ კი ამერიკის მოქალაქე ქართველი ინვეტორისგან მიიღო დაფინანსება.

Edupay/ედუფეი არის სწავლის გადასახადის ავტომატიზაციის ვებ.პლატფორმა კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და საფასურის გადამხდელისთვის. პლატფორმა სკოლებს, უნივერსიტეტებსა და სხვა ნებისმიერი ტიპის ფასიან სასწავლებლებს სთავაზობს ჩარიცხვების მენეჯმენტისათვის სამართავ პროგრამას, ხოლო მშობლებსა და სტუდენტებს სწავლის გადასახადის დაფარვის მარტივ გზას.

საგანმანათლებლო ორგანიზაციების სამართავი პანელი ინტეგრირებულია ბანკებთან და "ედუფეი" საკუთარი ალგორითმით აანალიზებს მათ საბანკო ამონაწერს, საიდანაც აიდენტიფიცირებს თუ რომელმა გადამხდელმა, რომელ მოსწავლეს ჩაურიცხა თანხა.

კომპანიის გუნდი მალე აამოქმედებს გადამხდელის ვებგვერდს და www.edupay.ge-დან მხოლოდ მოსწავლის პირადი ნომრით მისცემს მათ საშუალებას, რომ შეამოწმონ მიმდინარე დავალიანება, სურვილის შემთხვევაში კი დაფარონ ის საბანკო ბარათით ან ონლაინ განვადებით. ყველა გადამხდელს, პლატფორმა გადახდის თარიღამდე უგზავნის sms შეხსენებასა და ავტომატურად გენერირებულ ინვოისს.

"ედუფეი" ჭრის ისეთ პრობლემებს, როგორიც არის გადასახადის იდენტიფიცირების გაწელილი პროცესები, სწავლის გადასახადის თარიღისა და დავალიანების დავიწყება, ვადაგადაცილების გამო გადამხდელისთვის დაკისრებული ჯარიმები და სხვა.

კომპანიამ უკვე დაიწყო საკუთარი პლატფორმის ინტეგრაცია რამდენიმე ორგანიზაციასთან, რაც ჯამში 2500+ გადამხდელს აერთიანებს.