მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართუმ" ინტერნეტიზაცია $150 მლნ-ის ნაცვლად, ჯერჯერობით, 3 მლნ ლარით დააფინანსა

5daca87073379
BM.GE
20.10.19 22:20
1820
„ქართუმ“ ინტერნეტიზაციის პროექტი დაანონსებული $150 მილიონის ნაცვლად, ჯერჯერობით, 3 მილიონი ლარით დააფინანსა. 3 მილიონი ლარის პროექტში დახარჯვის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ გაჟღერდა.


ჟურნალისტის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა გერმანულ კომპანიას გადაუხადეს, რომელმაც გამოიკვლია რომელ ქალაქებსა თუ სოფლებში იყო ინტერნეტზიაციის საჭიროება.

„ფონდი "ქართუ" ყოველთვის გვერდში ედგა სახელმწიფოს და იქ ეხმარება, სადაც მას უჭირს და არ აქვს შესაბამისი სახსრები. შემდგომ, როცა სახელმწიფოს გაუჩნდა საკუთარი სახსრები მან თავად განაგრძო ამ პროექტის განხორციელება. თუ სახელმწიფოს კვლავ ექნება იმის საჭიროება, რომ ფონდი "ქართუ" დაეხმაროს, ჩვენ ყოველთვის გვერდში დავუდგებით“,- განაცხადა "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის პროექტის საჭიროების შესახებ 2014 წელს ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა. მოგვიანებით 2015 წელს უკვე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოფიციალურად დააანონსა მისი დაწყება და თქვა, რომ პროექტს 100 მილიონი დოლარით "ფონდი ქართუ" სრულად დააფინანსებდა. მოგვიანებით ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დააზუსტა, რომ პროექტის ღირებულება 150 მლნ დოლარი იყო. ინტერნეტიზაციას სპეციალურად შექმნილი სტრუქტურა "Open Net" ხელმძღვანელობდა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

პროექტის დაანონსებიდან რამდენიმე წლის შემდეგ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი განხორციელებული არ არის. გასულ კვირას „ანალიტიკის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამაც აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების ტემპებით უკმაყოფილოა და ეს სავარაუდოდ, არასწორი მენეჯმენტით იყო გამოწვეული. ნათია თურნავამ პირობა დადო, რომ პროექტი დაიძვრებოდა და აღარ შეფერხდებოდა.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის მდგომარეობის შესახებ bm.ge-ის მიერ მომზადებულ მასალას - “ქართუ“ ინტერნეტიზაციაში $150 მლნ-ს აღარ დახარჯავს - პროექტი შეჩერებულია. ვინ დაიწყებს? შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე.