მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობა ეძლევათ დასაქმდნენ ბრაზილიის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე

5ddc04d16ce4c
BM.GE
25.11.19 21:35
958
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა გერმანიასა და ბრაზილიასთან საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობაზე მემორანდუმები გააფორმა.

ერთ-ერთ მემორანდუმში საუბარია ბრაზილიასა და საქართველოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარებაზე, რომელიც ქართველ მეზღვაურებს შესაძლებლობა მისცემს, დასაქმდნენ და იმსახურონ ბრაზილიის დროშის ქვეშ მცურავ კომერციულ გემებზე. რომელთა რიცხვიც, დღევანდელი მდგომარეობით, 766-ს შეადგენს.

მემორანდუმებზე ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის რიგით 31-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს. მინისტრი მოხსენებით გამოვა ორგანიზაციის სესიაზე, სადაც ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს პოტენციალზე და მის კონკურენტულ უპირატესობებზე საზღვაო გადაზიდვის კუთხით, მათ შორის შუა დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. 

ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უკვე შეხვდა საბერძნეთისა და კვიპროსის საზღვაო ტრანსპორტის კურატორ მინისტრებს, რომლის დროსაც განხილული იყო თანამშრომლობის საკითხები განათლებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმებას საბერძნეთისა და კვიპროსის გემებზე.