მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველ სტუდენტთა 80%–მა საზღვარგარეთ სწავლა გადადო ან გააუქმა

5f677058c374e
მადონა გასანოვა
20.09.20 23:00
861
ჩაკეტილმა საზღვრებმა და სასწავლო დაწესებულებების საკლასო სწავლებიდან, დისტანციურზე გადასვლამ, ნეგატიური გავლენა მოახდინა იმ სააგენტოებზე, რომლებიც სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლას სთავაზობენ. გლობალური პანდემიის გამო, ყველა საზაფხულო სკოლა და ენის შემსწავლელი კურსი გაუქმდა, ხოლო მათი ვირტუალური შემცვლელი, ქართველთა შორის მოთხოვნადი არ აღმოჩნდა.

„კოვიდის გამო შექმნილმა გლობალურმა პროცესებმა ძალზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ჩვენს საქმიანობაზე. წინა წლებთან შედარებით, მოთხოვნა, დაახლოებით, 80%–ით შემცირდა,“- აღნიშნა ნადია ტარასოვამ, საზღვარგარეთ სწავლის სააგენტოს, Libra.Ge–ს დამფუძნებელმა.

ტარასოვას თქმით, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხული აპლიკანტების უმრავლესობამ შეაჩერა, ან საერთოდაც გააუქმა მოწვევა, გაურკვეველი ვითარების გამო. ამასთან, აღნიშნულ აპლიკანტებს არ სურდათ ონლაინ სწავლება, რომლის ღირებულებაც, ხშირ შემთხვევაში, საკლასო სწავლების ღირებულების იდენტური იყო.

„ბუნებრივია, ყველა საზაფხულო სკოლა და ენის შემსწავლელი პროგრამა გაუქმდა და ნამდვილად არ ყოფილა მოთხოვნა მათ ვირტუალურ ჩამნაცვლებლებზე,“ -აღნიშნა ტარასოვამ BM.GE–თან საუბრისას.

Libra.Ge–ს დამფუძნებელს არ გამოუყვია ქართველ სტუდენტებს შორის ყველაზე პოპულარული უცხოური უნივერსიტეტები, რადგან სააგენტოს თითოეულ სტუდენტთან ინდივიდუალური მიდგომა აქვს.

მისი თქმით, Libra.Ge–ი საკუთარ მისიას თითოეული აპლიკანტისთვის ინდივიდუალურ მიდგომაში ხედავს, რომელიც მის პერსონალურ უპირატესობებსა და შესაძლებლობებზეა მორგებული.

„წელს ჩვენი სუდენტები სწავლას გააგრძელებენ გაერთიანებული სამეფოს ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა საუზჰემპტონი, ნიუკასტლი და კარდიფი, ასევე, ლატვიის, ლიეტუვასა და პოლონეთის კერძო უნივერსიტეტებში“.

ქართველ აპლიკანტთა შორის საზღვარგარეთ ყველაზე დიდი პოპულარობით შემდეგი სპეციალობები გამოირჩევა: სამართალი, ბიზნესი და მენეჯმენტი, ჟურნალისტიკა და მედია, ფსიქოლოგია და საერთაშორისო ურთიერთობები.

ტარასოვას რწმენით, ონლაინ სწავლა არასოდეს ჩაანაცვლებს ტრადიციულ მოდელს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ უნივერსიტეტში, განსაკუთრებით აშშ-ში, კორონამდეც საკმაოდ ფართოდ იყენებდნენ სწავლების შერეულ (ნაწილობრივ ონლაინ და ნაწილობრივ საკლასო) და ონლაინ სწავლების მეთოდს.

”ვფიქრობ, რომ მომავალ წელს საქართველოდან საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში განმცხადებლების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა, შეცვლილი უპირატესობებით. ბუნებრივია, ყველაფერი დამოკიდებული იქნება მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე”, -განუცხადა ტარასოვამ BM.GE- ს.