მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველები ფულს თითქმის თანაბრად ხარჯავენ გარეგნობასა და გართობაზე - კვლევა

5f31541f20d3e
თამთა ჯიჯავაძე
11.08.20 20:00
1007
ქართველები ბანკში ლარის (5%) ნაცვლად დოლარის (24%) შენახვას ამჯობინებენ, – ამის შესახებ ნათქვამია Noblet Media-სა და Info Sapiens-ის ერთობლივ კვლევაში, რომელმაც გამოკვეთა მომხმარებლების ცხოვრების მიზნებისა და პრიორიტეტების თავისებურებები ექვს სახელმწიფოში: საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უზბეკეთში.

კვლევის მიხედვით, ქართველები ფულს თითქმის თანაბრად ხარჯავენ გარეგნობასა (მათ შორის, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და პირად მოვლაზე) (32%) და მეგობრებთან შეხვედრებსა და გართობაზე (31%).

ამასთან, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლის მოქალაქეებს სახლში ნაღდი ფულის შენახვის ნაცვლად, ურჩევნიათ საკუთარი ბიზნესის განვითარებაში მისი ინვესტირება (37%) ან უძრავი ქონების შესყიდვა (33%), რაც სასიკეთოდ აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.

გარდა ამისა, როგორც კვლევის ავტორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქართველების მხოლოდ 11%-ს შეუძლია ეკონომიკური და სოციალური თემების შესახებ მოსაზრებების ონლაინ თავისუფლად გამოქვეყნება, მოქალაქეების ნახევარი კი ქვეყნის მომავლის შესახებ ოჯახსა და მეგობრებთან მსჯელობს.

„უნდა აღინიშნოს, რომ მეგობრებზე ორიენტირებული ბუნების მიუხედავად, ოჯახს ყველაზე დიდი გავლენა აქვს საქართველოს მოქალაქეების მოსაზრების ჩამოყალიბებაზე (58%). ქართველები მზად არიან მტკიცედ დაიცვან მოსაზრება, რომელიც მათ ღირებულებებს ასახავს. შესაბამისად, კომპანიებმა ქართველები უნდა აღიქვან ეფექტიან გუნდურ მოთამაშეებად და ამავე დროს, კორპორატიულ ცხოვრებაში ამ ადამიანების მაქსიმალურად ჩართვის მიზნით, დეტალურად გააცნონ კომპანიის ხედვა და მისია. ბიზნესებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ ქართველებისთვის ახალი ამბების მიღების მეგობრებზე ორიენტირებული ბუნება და ინფორმაციის მთავარ წყაროდ სოციალური მედია გამოიყენონ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვლევა წარმოადგენს საზოგადოების საშუალო და ზედა-საშუალო ფენის სოციალური, ფინანსური და ეკონომიკური ხედვების, ქცევის, ცხოვრების სტილისა და მედიის გამოყენების შესახებ მონაცემებს ექვს სახელმწიფოში - უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უზბეკეთში. თითოეულ ქვეყანაში 200 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა 18-45 წლის ასაკის ქალაქის მოსახლეობაში 2020 წლის აპრილში.