20.ივნისი .2022 20:30

„ქართველების 90%-სთვის EU-ს წევრობა ქვეყნის განვითარების მომავალს ნიშნავს“ – ACT-ის კვლევა

„ქართველების 90%-სთვის EU-ს წევრობა ქვეყნის განვითარების მომავალს ნიშნავს“ – ACT-ის კვლევა
views 801
უკან

კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია “ეისითიმ“ ევროკავშირში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც 11-16 ივნისის პერიოდში 802 რესპონდენტი გამოიკითხა.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიმართ ოპტიმისტური მოლოდინები და ევროპული არჩევანის უპირატესობების უპირობო აღქმა აქვს.

„ეისითიში“ ამბობენ, რომ ქართველების 90%-სთვის ევროკავშირის წევრობა ქვეყნის განვითარების მომავალს ნიშნავს.

კვლევის შედეგებში ნათქვამია, რომ გამოკითხულების აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - როგორც გზა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ - მნიშვნელოვანია: ასეთია გამოკითხულების 84%-ის აზრი. მათი რიცხვი, ვისაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უმნიშვნელოდ ეჩვენება, 11%-ს არ აღემატება. კითხვაზე პასუხის გაცემა კი 5% უჭირს.

ამასთან, ყოველი მეორე გამოკითხული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს უახლოესი თვეების განმავლობაში ელის (50%). სტატუსის მიღების იმედი 33%-ს არ აქვს, კითხვაზე პასუხის გაცემა კი რესპონდენტების 17%-მა ვერ შეძლო.

კითხვაზე - თუ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ვისი დამსახურება იქნება, პასუხებმა უჩვენა, ქვეყანაში რამდენად არის დისკრედიტირებული პოლიტიკური კლასი და როგორ რჩებიან მოქალაქეები საკუთარი თავის იმედად/ამარა. კერძოდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, გამოკითხულების ყველაზე დიდი წილი - 40% ხალხის დამსახურებას დაინახავს. კრებსითად საქართველოს მთავრობის როლზე საუბრობს 2-ჯერ ნაკლები - რესპონდენტების - 20%. პარლამენტის, ქვეყნის პრემიერის და პრეზიდენტის როლზე კი, მთლიანობაში, 14% მიუთითებს. დასავლეთის/ევროპელი პარტნიორების როლზე რესპონდენტების 9% საუბრობს.

იმ შემთხვევაში კი, თუ ქვეყანა ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, 10-დან 4 გამოკითხულისთვის ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება (38%). რესპონდენტების 16%-ის აზრით, შექმნილ ვითარებაზე ასევე პასუხისმგებელი საქართველოს პარლამენტი, ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი და ბიძინა ივანიშვილია. გამოკითხულების 12% ოპოზიციური პარტიების ბრალეულობასაც ხედავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა