მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველების დაფუძნებულმა ფინტექ კომპანიამ წელს 125 მილიონი ევროს მოზიდვა შეძლო

5dd565906907e
ანუკა ჯოხაძე
21.11.19 10:10
1403
ქართველების დაფუძნებულმა ფინტექ კომპანია Raisin-მა წელს 125 მილიონი ევროს კაპიტალის მოზიდვა შეძლო,- ამის შესახებ Raisin-ის დამფუძნებელმა თამაზ გიორგაძემ განაცხადა. როგორც გიორგაძე ამბობს, კომპანიისთვის საინტერესო წელი იყო. კომპანიამ შეძლო 25 მილიონი ევროს კაპიტალის მოზიდვა Goldman Sachs-გან. ასევე გააფართოვა პარტნიორი ბანკების რაოდენობა.

Raisin მსოფლიო ბაზრებზე უკვე 5 წელზე მეტია ოპერირებს და მომხმარებლისთვის ერთ მარტივ პრობლემას აგვარებს - ადარებს და გირჩევს სადეპოზიტო პროდუქტებს ევროპული ბანკების მასშტაბით. კერძოდ, პლატფორმა საშუალებას იძლევა, მარტივი ინტერფეისის საშუალებით, შეადარო ერთმანეთს სადეპოზიტო პროდუქტები; ასევე, პლატფორმა პატარა ბანკებს ეხმარება მიიღოს წვდომა სადეპოზიტო პროდუქტის შეძენით დაინტერესებულ ადამიანებთან.

“ზაფხულის განმავლობაში 25 მილიონი ევრო ჩადეს ინვესტორებმა კომპანიის კაპიტალში. წელს უკვე 125 მილიონი კაპიტალის აღება მოვახერხეთ და ამდენის დამუშავება ჯერ ვერ მოვასწარით, თითქმის მთელი თანხა ჩვენს ანგარიშებზე ზის. ამიტომ წელს ასე კონკრეტულად არაფერს ვგეგმავთ ინვესტორების მოზიდვის კუთხით. გარკვეულ შესყიდვებს ვაწარმოებთ - ვყიდულიბთ კომპანიებს. ბოლო, რომელიც ვიყიდეთ არის გერმანიაში წამყვანი ციფრული საპენსიო პროდუქტების მიმწოდებელი კომპანია, რომელსაც Fair ჰქვია. ახლა ამ კომპანიის ინტეგრაციას ვახდენთ ჩვენი კლიენტებისთვის და Fair-ის კლიენტებისთვის, რომ ორივე მხარეს ძალიან მარტივი იყოს ანგარიშების გახსნა”-აცხადებს კომპანია Raisin-ის დამფუძნებელი თამაზ გიორგაძე.

კომპანია Raisin.com საკუთარი პლატფორმით მომსახურებას მომხმარებლებს ისლანდიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტეინსა და ნორვეგიაში სთავაზობს. ამას გარდა, ცალკე პლატფორმებია ესპანეთისთვისა და საფრანგეთისთვის. როგორც გიორგაძე ამბობს, 2020 წლის მეორე ნახევარში პროდუქტის გატანა ამერიკის ბაზარზეც იგეგმება.

“გავაფართოვეთ ჩვენი ბანკების სია ძალიან ჩქარი ტემპებით დიდ ბრიტანეთში. დაგვემატა რამდენიმე ახალი ბანკი, როგორიც არის Oak North, Eldemore, ICICI Bank. შემდეგი დიდი პროექტი, რომელზეც ვმუშაობთ არის პროდუქტის გაშვება შეერთებულ შტატებში. ავიყვანეთ უკვე მეორე თანამშრომელი და ვაპირებთ იქ 2020 წლის მეორე ნახევარში გავუშვათ ჩვენი პროდუქტი”-განმარტავს კომპანია Raisin-ის დამფუძნებელი თამაზ გიორგაძე.