მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი წყვილი, რომელმაც ბრიტანეთში რესტორანი გახსნა

5dd128e651333
ანი ციხისთავი
17.11.19 14:38
7926
ქეთი და ზეზვა მაღლაკელიძეებმა ბიზნესი დიდ ბრიტანეთში 2014 წელს დაიწყეს. მათი საწყისი კაპიტალი დაახლოებით 200 ფუნტი იყო. თავდაპირველად ისინი The Georgian Feast-ის სახელით ქუჩაში კარვითა და საქართველოს დროშით აცნობდნენ ადამიანებს ქართულ სამზარეულოს. ამ საქმიანობას ისინი დღემდე აგრძელებენ და დროდადრო ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში ქართულ პროდუქტებსაც ყიდიან. პროდუქცია დაახლოებით ათამდე დასახელებისაა მათ შორის: აჯიკა, სვანური მარილი, ჯონჯოლი და სხვადასხვა სუნელი.

ამასთან, წყვილი უკვე წელიწადზე მეტია ბრიტანეთში, ლონდონთან ახლოს ქალაქ რედინგში საკუთარ კაფე-რესტორანსაც Geocafe.uk ამუშავებს. კვების ობიექტი მომხმარებლებს პოპულარულ საერთაშორისო კერძებთან ერთად ქართულ ტრადიციულ და გათანამედროვებულ სამზარეულოსაც სთავაზობს.

“დროდადრო რესტორანში ღვინის დეგუსტაციაც ვმართავთ, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალებას ვაძლევთ. რაც შეეხება მზარეულებს, ისინი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელბი არიან და შესანიშნავად დახელოვდნენ ქართულ სამზარეულოში” -აცხადებს ქეთი მაღლაკელიძე.

მაღლაკელიძეებს აქვთ ასევე საკუთარი ონლაინ-მაღაზია “სუნელი” (www.suneli.uk) რომლის საშუალებითაც ისინი მსოფლიოს მასშტაბით ამარაგებენ მომხმარებლებს, რომელთა შორის ცნობილი შეფები და ქართული სუნელებით დაინტერესებული მცირე ბიზნესები არიან.

წყვილი ქართულ კომპანია GNP-სთან თანამშრომლობს, რომლის ხელშეწყობითაც ისინი ხარისხიან პროდუქტს ფერმერებთან პირდაპირი მოლაპარაკებით შეისყიდიან.