21.აპრილი .2016 14:20

ქართველმა სკოლის მოსწავლეებმა გამნაღმველი მოწყობილობა Life saver-ი შექმნეს

views 9528
უკან

ქართველმა სკოლის მოსწავლეებმა დრონი სახელწოდებით Life saver-ი შექმნეს, მოწყობილობა, რომელიც ნაღმის გაუვნებელყოფას ახერხებს. გამოგონება ამ ეტაპზე დაფინანსების ძიებაშია.  მოწყობილობის ერთ-ერთი შემქმნელი კარლო ხუციშვილლი სხვა გამოგონების ავტორიცაა, რომლის საფუძველზეც ის აშშ-ს კოსმოსურ ცენტრში, ნასაში იყო მიწვეული. 

"საქმიან დილასთან" საუბრისას, კარლო ხუციშვილი ამბობს, რომ მოწყობილობა Ipad-ის საშუალებით იმართება და მას სხვა მსგავს მოწყობილობებთან შედარებით უპირატესობები აქვს. 

"პროექტზე მე, ჩემი და ანა და ჩემი დეიდაშვილი თორნიკე მაზმიშვილი ვმუშაობდით. როდესაც გავიგეთ, რომ ყოველ 19 წუთში ნაღმის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი იღუპება, ეს ცნობა ჩვენთვის კატასტროფული იყო და აქედან დაიბადა იდეა, რომ ისეთი გამნაღმველი სისტემა გამოგვეგონებინა, რომელიც უსაფრთხო იქნებოდა. არის ისეთი სისტემები, რომელშიც უშუალოდ ადამიანები არიან ჩართული, ჩვენს შემთხვევაში კი განაღმვის პროცესში ადამიანები ნაკლებად არიან ჩართულები.
 
Life saver-ი უპირობო გამნაღმველი სისტემაა, რომელიც Ipad-ის საშუალებით იმართება. ჩვენ წინასწარ Ipad-ში კოორდინატებს მივუთითებთ, თუ სად უნდა მოახდინოს მოწყობილობამ მუშაობა. მას არანაირი მართვა არ სჭირდება, იგი ავტომატურად გაფრინდება და მონიშნავს იმ ადგილებს თუ სადაა ნაღმი რუქაზე.

სხვა დრონებისგან ჩვენი მოწყობილობა განსხვავებულია. მას თუ ფრენის დროს რაიმე დაბრკოლება შეხვდება, ფრთები ავტომატურად დაეკეცება, მიწაზე დაჯდება და წინსვლას ბორბლების საშუალებით გააგრძელებს, თუ ამ შემთხვევაშიც რაიმე დაბრკოლებას წააწყდება, შემდეგ უკვე დანიშნულების ადგილამდე მუხლუხოების საშუალებით განაგრძობს გადაადგილებას. საგულისხმოა, რომ მას, როგორც ხმელეთზე ასევე წყალშიც შეუძლია სხვადასხვა ნაღმის აღმოჩენა. სხვა მსგავსი მოწყობილობები მაგალითად, ცხოველები, რობოტები, რომლებსაც დაბრკოლებები ხვდებათ ავტომატურად ჩერდებიან და მათი ფუნქცია-დანიშნულება ჩერდება,“- ამბობს კარლო ხუციშვილი.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა