მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველმა სპეციალისტებმა ძეგლი -"აბულმუგის" აბანო დაუშლელად გადაიტანეს

614acad0c40a1
ვიქტორია მღებრიშვილი
22.09.21 11:37
5903
21 სექტემბერს 16:00 საათზე „საყდრისის კომიტეტმა“ რეაბილიტირებული „აბულმუგის“ სპარსული აბანო წარადგინა. „აბულმუგის“ აბანო 1977 წელს არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა, როდესაც ისტორიული დაბა აბულმუგის ტერიტორიაზე სახელმწიფო მუზეუმის არახლო-კაზრეთის ექსპედიცია მუშაობდა.

„აბულმუგის“ აბანო გვიანი შუა საუკუნეებისთვის (XVII – XVIII ს.ს.) დამახასიათებელ სპარსულ ნაგებობას წარმოადგენს, გათხრების დროს აბანოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია რუსუდანის მონეტა, ასევე მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები (ინახება ეროვნულ მუზეუმში). ექსპედიციის მუშაობისას ძეგლზე წყალგაყვანილობის სისტემებიც დადასტურდა. აბანოს ახლოს შესწავლილი იყო თონე, რომელიც აბანოს დანგრევის შემდეგ ყოფილა გამართული.

პირველი გამაგრებითი საკონსერვაციო სამუშაოები ძეგლზე გასული საუკუნის 1970- იან წლებში ჩატარდა, თუმცა 2018 წლისთვის აბანოს მდგომარეობა საგანგაშო იყო.



„საყდრისის კომიტეტი“ „აბულმუგის“ აბანოს 2014 წლიდან იცავს, აქტივისტების მოთხოვნით, 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარეობდა ძეგლზე გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები. 2020 წლის აგვისტოში „საყდრისის კომიტეტის“ მოთხოვნით „აბულმუგის“ აბანოზე დაიწყო არქეოლოგიური - გაწმენდითი სამუშაოები. პარალელურად „საყდრისის კომიტეტსა“ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის მიმდინარეობდა კონსულტაციები, რათა დროულად მომხდარიყო ძეგლის მდგომარეობის შეფასება შესაბამისი სპეციალისტების მიერ, შემდგომში ძეგლის გადარჩენისთვის ეფექტური ღონისძიებების დასაგეგმად. კვლევა 2020 წლის სექტემბერში ჩატარდა.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მიუხედავად ძეგლზე ჩატარებული მთელი რიგი ღონისძიებებისა, ძეგლის მდგომარეობა მაინც სავალალო რჩებოდა, გეოლოგიური დასკვნიდან ცხადი გახდა, რომ ძეგლს საფრთხეს არა მხოლოდ ასაკი და მცენარეთა საფარი, არამედ ის გეოლოგიური პროცესებიც უქმნიდა, რომელიც ძეგლის ტერიტორიაზე მიწის ქანებში მიმდინარეობს.



2020 წლის ოქტომბრიდან „საყდრისის კომიტეტის“ მოთხოვნით კვლავ დაიწყო კონსულტაციები ძეგლის გადარჩენის კიდევ უფრო ქმედითი მათ შორის რადიკლაური გზების მოსაძებნად. ვინაიდან „აბულმუგის“ აბანო მდებარეობს სამთომომპოვებელი კომპანია RMG-ის საწარმოო ტერიტორიაზე „საყდრისის კომიტეტის“ მოთხოვნით 2018-2020 წლებში ძეგლზე ჩატარებული სამუშაოები კომპანიამ სრულად დააფინანსა. ძეგლის დაცული ტერიტორია შემოღობილია, ასევე დამონტაჟებული იყო სათვალთვალო კამერა, რომელიც 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდა ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ბუნებრივ პროცესებს. 2021 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლის უმძიმესი მდგომარეობის გამო დასაშვებად მიიჩნია მისი გადარჩენის მიზნით მომხდარიყო მისი უსაფრთხო ადგილზე გადატანა. „საყდრისის კომიტეტი“ პრინციპულ მოთხოვნას აყენებდა - „ძეგლის ავთენტური წყობის შესანარჩუნებლად მომხდარიყო მისი დაუშლელად გადატანა, რომლის გამოცდილებაც საქართველოში აქამდე არ არსებობდა“. შესაბამისი ნებართვების გაცემის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან დაიწყო ძეგლის გენერალური გამაგრება შემდგომში მის გადასატანად.

უნდა ითქვას, რომ მთელ ამ ოთხთვიან, რთულ პროცესში „საყდრისის კომიტეტი“ მონიტორინგის მიზნით სრულად იყო ჩართული. 2021 წლის 18-19 აგვისტოს 134 ტონიანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - „აბულმუგის“ აბანოს გადატანა წარმატებით დასრულდა. შერჩეული ადგილმდებარეობა და მისი ლანდშაფტი სრულად მორგებულია ძეგლზე, შესაბამისად, ახალ გარემოში არ დარღვეულა ძეგლის შინაარსი და ხასიათი. ამჟამად ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები და უახლოეს მომავალში ეს ადგილი ვიზიტორებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.


(R)