მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქეთი ბოჭორიშვილი: ინვესტორის მოზიდვის შემდეგ მნიშვნელოვანია მასზე ზრუნვა

5e2bf5deadac0
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.20 13:00
2157
"ინვესტორის მოზიდვის შემდეგ უმნიშვნელოვანესი და ძირითადია მათზე შემდგომი ზრუნვა",  - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და შემდგომ ხელშეწყობაზე საუბრისას განაცხადა.

ქეთი ბოჭორიშევილი ევროპული ბანკის დირექტორის კატერინა ჰანსენი შეფასებას იზიარებს იმის შესახებ, რომ უცხოური ინვესტიციები კონკრეტულად კერძო სექტორში არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი გზა ეკონომიკის განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის, სხვა მიმართულებებთან ერთად.

„მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა და არაერთი ძალისხმევა უნდა დაიხარჯოს როგორც - მთავრობის, ასევე კერძო სექტორის მხრიდან, მაგრამ უმნიშვნელოვანესი და ძირითადია ინვესტორებზე შემდგომი ზრუნვა ანუ პოსტინვესტორებთან ურთიერთობა. ისინი არიან კონკრეტული კომპანიები, რომელთაგან, პირველ რიგში, ჩვენ ვცდილობთ, რომ ახალი ინვესტიციები მოვიზიდოთ და შემდეგ სხვა ინვესტორები დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის კეთების კუთხით ნამდვილად კარგი გარემოა“, - განმარტა ბოჭორიშვილმა.

კითხვაზე - რა იგულისხმება ინვესტორებზე ზრუნვაში, „ანაკლია სითის“ გენერალური დირექტორი პასუხობს, რომ პრიორიტეტული უნდა იყოს არსებულ ინვესტორებთან აქტიური კომუნიკაცია.

„ზრუნვაში იგულისხმება, პირველ რიგში, აქტიური კომუნიკაცია არსებულ ინვესტორებთან. ესეც მრავალმხრივ გამოიხატება: პირველ რიგში, არის მათი საკითხების მოგვარება. ყველა კომპანიას სხვადასხვა დონეზე აქვს მთელი რიგი საკითხები და მნიშვნელოვანია მათი საკითხების მოგვარება დროულად. ჩვენს ქვეყნაში არის ძალიან ბევრი ახალი ინვესტორი, ახალი მიმართულება, ახალი სექტორი, ხშირად კონკრეტული რეგულაცია და კანონი შეიძლება არ შეესაბამებოდეს მათ ინტერესებს, ამას არა უშავს და ინვესტორი ამას არ ითხოვს, მაგრამ მზაობა იმის, რომ კონკრეტული საკითხი, შესწავლისა და განხილვის შემდეგ სწრაფად უნდა მოგვარდეს, ეს არის უმნიშვნელოვანესი. სწორედ მაშინ უჩნდება ინვესტორს განცდა, რომ ის არის ამ ქვეყანაში მისაღები.

მეორე და უმთავრესი ნაწილი არის როგორ შეიძლება მათი ინვესტიციების გაფართოება; საზღვარგარეთ წასვლა და ახალი ინვესტორის მოძიება კი არ გვჭირდება, არამედ საჭიროა აქ მყოფ ინვესტორთან მეტი კომუნიკაცია, რომელიც ქვეყანას უკეთ იცნობს და როგორც წესი მხოლოდ თავისი საქმიანობის 10%-ით შეიძლება შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ ძალიან დიდი ადგილია გაფართოების კუთხით და მნიშვნელოვანია, ინვესტორთან მუდმივი კომუნიკაცია, თუნდაც პრობლემები თუ არ არის, როგორ შეიძლება მათი საქმიანობის გაზრდა და ვთქვათ იგივე შემდეგ წელს გაფართოება, დივერსიფიკაციის გაკეთება. მაგალითისთვის ვამბობ, თუ ბოთლის წარმოებაა და ამ კომპანიას აქვს პროფილი, რომ უკვე სხვა პროდუქციაც გამოუშვას, მაგალითად ფანჯრები და ა.შ. მნიშვნელოვანია მათთან საუბარი, ხომ არ გააფართოებენ ამ მიმართულებით ან სხვა მიმართულებით. ძალიან დიდი არეალი არსებობს მათთან თანამშრომლობის და ამ რესურსის გამოყენების კუთხით, ისე რომ ქვეყანამ უფრო დიდი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს“, - ამბობს ქეთი ბოჭორიშვილი.