მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქეთი ბოჭორიშვილი: კომპანიებში ვიჯდებოდი, რომ მენახა, როგორ შემიძლია მათი დახმარება

6001b6ab3011e
თელარა გელანტია
16.01.21 13:14
1361
საინვესტიციო სააგენტოს ყოფილი დირექტორის და ეკონომიკის მინისტრის ექს მოადგილის ქეთი ბოჭორიშვილის აზრით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობა საქართველოს სტრატეგია არაა. როგორც მოქმედი მთავრობის ყოფილი წევრი bm.ge-ის უყვება, ასეთ შთაბეჭდილებას მას ინფორმაციის ის ნაკადი უტოვებს, რომელიც უკვე არსებული ინვესტორებისგან აქვს. კითხვაზე - ყველაზე ხშირად რა პრობლემებს აწყდებიან ინვესტორები საქართველოში, ქეთი ბოჭორიშვილი ბიუროკრატიას და გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურებას ასახელებს.

„დღემდე მაქვს ურთიერთობა არაერთ უცხოელ ინვესტორთან, რომელიც უკვე საქართველოშია და ასევე, ვცდილობ, სხვებიც დავაინტერესო ჩვენი ქვეყნით. უკვე არსებული ინვესტორები ყველაზე ხშირად მესაუბრებიან ბიუროკრატიულ ბარიერებზე, რომელიც მათ ყოველ ნაბიჯზე ხვდებათ. იმის მაგივრად, რომ ხელი შევუწყოთ მათ, სწრაფად დახარჯონ ფული საქართველოში და ინვესტიციები ჩადონ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელოვნურად ვაფერხებთ და ეს არავის ადარდებს ქვეყანაში. შედეგი კი, არის დაბალი ეკონომიკური ზრდა და ნაკლები სამუშაო ადგილი“, - განაცხადა მან.

Bm.ge-ის კიდევ ერთ კითხვაზე - დღეს რომ მას ებაროს ქვეყანაში FDI-ის მოზიდვა, როგორ იმუშავებდა და რაზე გააკეთებდა აქცენტს, ქეთი ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ძალიან რთული დროა, ახალი ინვესტორის დასარწმუნებლად, ამიტომ პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევდა ბიუროკრატიული ბარირერების შემცირებას და ასევე, ყველაზე მეტ დროს დაუთმობდა არსებულ ინვესტორებს, რათა ზუსტად გაეგო მათი საჭიროებების შესახებ და შემდეგ ეზრუნა მის გადაჭრაზე.

„ძალიან რთული პერიოდია იმისთვის, რომ სწრაფად დაარწმუნო ინვესტორი, ქვეყანაში შემოიტანოს ინვესტიცია. არ ვფიქრობ, რომ რაღაც ერთი მიმართულებით უნდა კონცენტრირდეს ქვეყანა. ახლა ყველაზე მთავარია, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და თითოეულ კომპანიაში, თითოეული კომპანიის მენეჯმენტთან ვიჯდებოდი, რომ მენახა როგორ შემიძლია მე, როგორც სახელმწიფოს დავეხმარო მას ამ რთულ პერიოდში, რომ შეინარჩუნოს მუშა ხელი, რადგან ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მეტი დრო და ფინანსური რესურსი სჭირდება, რომ არაფერი ვთქვა იმაზე, რომ დასაქმებული, რომელიც კარგავს სამსახურს და ჯდება სახლში, წყვეტს განვითარებას და შემდეგ დამატებითი ინვესტიციებია საჭირო კვალიფიციური, უნარიანი თანამშრომლების ასაყვანად“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.