მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქეთი ბოჭორიშვილი: "გახარია სუპერძალაუფლების მინისტრად ითვლებოდა"

60ba649447052
თამთა ჯიჯავაძე
04.06.21 23:17
2536
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ქეთი ბოჭორიშვილი გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას ჯერ ფეისბუქ-პოსტით გამოეხმაურა, შემდეგ კი გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

"გაჩერებული პროექტების სია დიდია, თქვენ საკმარისად მოაცდინეთ ქვეყანა, სჯობს, აწი დაისვენოთ" - დაწერა ქეთი ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელში, სადაც ის რამდენიმე პროექტს ასახელებს, რომლებიც სწორედ გახარიას დროს გაჩერდა.

გადაცემა „ანალიტიკაში“ კი მან განაცხადა, რომ მას რვა წლის განმავლობაში გიორგი გახარიასგან არ უნახავს არცერთი ინიციატივა ან გაკეთებული საქმე, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით.

„ვფიქრობ, ხალხმა სწორად უნდა შეაფასოს, ვინ აკეთებს საქმეს. როდესაც მაღალი პოზიცია გიჭირავს, ეს არ იყო მხოლოდ მინისტრების პოზიცია, მინისტრობის პერიოდშიც ის გახლდათ ვიცეპრემიერი, საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობდა, ითვლებოდა სუპერძალაუფლების მქონედ, შემდეგ იყო უკვე პრემიერი, მე ვთვლი რომ განხორციელებული პროექტების ძალიან დიდი ჩამონათვალი უნდა გქონდეს“, - აღნიშნა ქეთი ბოჭორიშვილმა.

მან გახარიას დროს შეჩერებულ ერთ-ერთ პროექტზე - ბიზნეს სახლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის, რათა მათ საქმიანობა გამარტივებოდათ.

„ეს იდეა ეკუთვნოდა გიორგი კვირიკაშვილს, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ იდეაზე, რომ ერთი ქოლგის ქვეშ განხორციელებული ყველა ის სერვისი, რომელიც კერძო სექტორს სახელმწიფოსგან აკავშირებს. მათ შორის ქონების მართვა, ლიცენზიების, ნებართვების აღება და ა.შ, რათა ბიზნესს გამარტივებოდა საქმიანობის დაწყება და არ დასჭირვებოდა კარდაკარ და უწყება-უწყება სიარული. ეს იყო ის ერთ-ერთი იდეა, რომელიც გახარიამ ჯერ ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში, შემდეგ კი პრემიერობისას გააჩერა. არ მივიღებ იმ არგუმენტს, რომ პანდემია მოხდა. პანდემიის დროს სწორედ მსგავსი პროექტების დრო იყო. სწორედ ამ კრიზისმა დაგვანახა რამდენად მნიშვნელოვანია მთავრობის დიჯიტალიზაცია, ელექტრონული სერვისების მიწოდება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.

ქეთი ბოჭორიშვილმა სხვა ყოფილი და ამჟამინდელი პრემიერების საქმიანობაც შეაფასა:

„ირაკლი ღარიბაშვილის დროს არაერთი პროექტის ხელშეწყობა დაიწყო. კერძო სექტორის ხელშეწყობის მიმართულებით - ეს იქნება სოფლის მეურნეობის თუ "აწარმოე საქართველოს" მიმართულებით. ბიზნესგადაწყვეტილებებიც იყო. რაც დაბრუნდა ირაკლი, ძალიან ბევრი ბიზნესგადაწყვეტილება მიიღო, რაც კერძო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რომლებიც თითქმის სამი წელი იყო გაყინული. ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება, გადაწყვეტილების მიღება, ხშირად პასუხი „არაც“ პასუხია.

კვირიკაშვილზე საუბარი გამიგრძელდება, მისი იდეა იყო ძალიან ბევრი სამთავრობო პროექტი, მის კაბინეტში ხდებოდა დისკუსიები, სადაც თვითონ იყო აქტიურად ჩართული. მის პერიოდში ხორციელდება ოთხპუნქტიანი სამთავრობო გეგმა, რომელმაც ცხადად დაგვანახა თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ქვეყანა თუნდაც ინფრასტერუქტურის მიმართულებით, ეკონომიკური და საჯარო მმართველობის კუთხით თუ სხვა, რომ აღარაფერი ვთქვა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში“.

გახარიას პერიოდში კი ბოჭორიშვილის თქმით, კერძო სექტორის განვითარების კუთხით გადაწყვეტილება თითქმის არ მიღებულა.