მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქმედითი ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, კომპანიები დაიხურებიან - რესტორატორთა ასოციაცია

5e68f248e1c98
დავით ჯალაღონია
11.03.20 23:30
1804
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე კორონავირუსის გავრცელების შედეგად უკვე დამდგარი ზარალის გამო, სარესტორნო ბიზნესისთვის მთავრობის, ასევე კომერციული ბანკებისა და კომუნალური სამსახურებისგან დახმარებას ითხოვს.

გაბრიჩიძე მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

"დღეს ჩვენი კოლეგა დაბრუნდა "თელასის" ცენტრალური ოფისიდან, კომუნალური გადასახადის გადავადებას ითხოვდა, რადგან ზოგი კომპანია კომუნალურსაც ვერ იხდის და იქ აღმოჩნდა მთელი რიგი კომპანიებისა, რომლებიც იგივეს ითხოვენ. იქ ეუბნებიან, რომ მხოლოდ ათი დღით გადაუვადებენ, თითქოს ეს „თელასის“ საზრუნავი არ არის. ათი დღეს რას წყვეტს? - ამიტომ ვამბობთ, რომ მთავრობა უნდა ჩაერიოს. ვიღაცებს ბანკთან აქვთ პრობლემა და ბანკი ვერ აღიქვამს, რომ ეს მისი პრობლემაც არის. განცდა არის ისეთი, თითქოს უცხო პლანეტაზე რაღაც ხდება და შენ გვერდზე რაღაც რომ ხდება, ამას ბანკი, კომუნალური სამსახურები ვერ აღიქვამენ.

მთავრობამ ზოგადი შეშფოთებების გარდა, ქმედითი ნაბიჯები თუ არ გადადგა გადასახადების წნეხის შემცირების, ან გადავადების კუთხით, კომპანიები დაიხურებიან, ხალხი სამსახურს დაკარგავს, გადასახადებს მაინც არავინ გადაიხდის, რადგან გაკოტრებული კომპანიიდან ვერც "თელასი" ამოიღებს თანხას და ვერც სახელმწიფო აიღებს გადასახადს. ამიტომ დროულად არის მოსაფიქრებელი, რა ქმედებით არის პრევენცია შესაძლებელი", - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლისთვის ამ ეტაპზე უცნობია, საერთო ჯამში, რამდენი რესტორანი დაიხურა, ან აპირებს მუშაობის შეჩერებას, კორონავირუსის გავრცელების გამო.

შეგახსენებთ, კაფე-რესტორანი Galleria Italiana დღეს დროებით დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას რესტორნის ადმინისტრაცია ავრცელებს.