მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთის მერიის 6 მანქანა აჭარის გარეთ მაშინ დაფიქსირდა, როცა უფლებამოსილი პირები მივლინებაში არ იყვნენ - აუდიტი

61fd851748e37
თამთა ჯიჯავაძე
05.02.22 00:10
706
აუდიტის სამსახურმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია რიგ დარღვევებზე.

მაგალითად, როგორც აუდიტი წერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხულ შერჩეულ 6 ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოვლინდა 16 შემთხვევა, როდესაც უფლებამოსილი პირ(ებ)ი არ იმყოფებოდა მივლინებაში, თუმცა ავტომანქანა დაფიქსირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ.

„აღნიშნულ შემთხვევებზე უფლებამოსილი პირები ვერ განმარტავენ სამსახურებრივი ავტომობილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ყოფნის მიზეზებს. ამასთანავე, კონტროლს მიღმაა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯვის საკითხი, სადაც ვერ იქნა წარმოდგენილი გაცემული საწვავის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის ხარჯვის დოკუმენტური დადასტურება, რაც ქმნის საჯარო რესურსების არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს. აღნიშნულ შემთხვევაშიც, საწვავის ჩასხმის შემთხვევები ფიქსირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

გარდა ამისა, ხარვეზები ფიქსირდება სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესყიდვებთან დაკავშირებით.

აუდიტის მიხედვით, შიდა კონტროლის სისუსტის გამო, სათანადოდ არ მიმდინარეობს სათადარიგო ნაწილების შეცვლის მიზეზების მონიტორინგი. მაგალითად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მიღებიდან ორ თვეში შეიცვალა რიგი სათადარიგო ნაწილები, ხოლო ორი თვის გასვლის შემდეგ, იგივე ნაწილები კვლავ შეცვლილია. „აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 2019 წლის დეკემბერსა და 2020 წლის იანვარში ჩატარებულია გარე ნაწილის სარემონტო სამუშაოები. მოპოვებული მტკიცებულებებით, სატრანსპორტო საშუალების დაზიანების მიზეზი ავტოსატრანსპორტო შემთხვევაა. ორგანიზაციისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 7,126 ლარს, რაზეც რეაგირება არ მომხდარა“, - წერს აუდიტი.

დოკუმენტის მიხედვით, 2019-2020 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის საკასო ხარჯებმა შეადგინა 1,536,077 ლარი, მათ შორის, საწვავ-საპოხი მასალების შეძენის ხარჯი შეადგენს 1,034,947 ლარს, ხოლო სათადარიგო ნაწილების, მათი შეკეთების და სხვა ხარჯები – 501,130 ლარს.