მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულია: არავისთვის არაა სიახლე, რომ ინვესტიციების კლება წელს არ დაწყებულა

5ee505a0f12c6
შოთა ტყეშელაშვილი
13.06.20 20:36
1403
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია გადაცემა Forbes Talks-ის ეთერში ამბობს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების 41.7%-იანი შემცირების მხოლოდ და მხოლოდ COVID-19-ის კრიზისთან დაკავშირება არ შეიძლება, რადგან ინვესტიციებს შემცირების ტენდენცია უფრო ადრეც ჰქონდა.

“გვაქვს გამოხატული ტენდენცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ვარდნის. შესაბამისად კლება აბსოლუტურად არ არის გასაკვირი და მოულოდნელი, განსაკუთრებით კი ამ პანდემიის ფონზე.

მინდა რომ განმარტება გავაკეთოთ საერთოდ რატომ არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო. ჩვენთვის ეს არის უცხოური ვალუტის შემოდინებებისთვის მნიშვნელოვანი წყარო. 

საქართველოში ძლიერი და სახელიანი უცხოური კომპანიების შემოსვლა გვიხსნის გზას საერთაშორისო ბაზრებზე. ამას გარდა, FDI არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ჩვენი უნარ-ჩვევები გავზარდოთ. ისინი ნერგავენ კორპორაციულ კულტურას, ისინი აძლევენ გამოცდილებას ჩვენ ხალხს.

ენერგეტიკაში ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი უპირატესობის მიღების შესაძლებლობა, განსაკუთრებით ჰიდრო და ქარის ენერგეტიკაში, სადაც შეგვიძლია მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები.

გამიხარდა, როდესაც გავიგე რომ იაპონურმა კომპანია TEPCO-მ მოახდინა ინვესტირება, ასეთი კომპანიები როდესაც შემოდიან და იწყებენ ბიზნესს, ეს სხვებისთვის არის მაგალითი, რომ “ჩვენც შეგვიძლია საქართველოში ბიზნესი ვაკეთოთ.”

მე იაპონიაში ვცხორობ და აქაური ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომელიმე იაპონურმა კომპანიამ თუ განიხილა ქვეყანა ინვესტიციებისთვის. პირველ რიგში ისინი კითხულობენ, “რომელი სხვა კომპანია არის საქართველოში?” - ეს არის მთავარი დამარწმუნებელი ფაქტორი მათი შემოსვლისთვის”- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გიორგი ქობულია - Forbes Talks-ში:



2020 წლის პირველ კვარტალში, COVID-19-ის კრიზისის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით მხოლოდ $165.4 მილიონი დოლარი შემოვიდა - ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში კვარტალური ინვესტიციების მინიმალური მაჩვენებელია.

გასული წლების განმავლობაში ინვესტიციების მაქსიმალური ოდენობა 2017 წელს დაფიქსირდა და ის $1.96 მილიარდ დოლარს შეადგენდა, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანი იყო ($462 მლნ დოლარი), რაც შაჰ-დენიზის მილსანდენის მეორე ფაზის მშენებლობას უკავშირდებოდა, თუმცა ამ საინვესტიციო პროექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა შემცირდა, მნიშვნელოვანი ახალი ინვესტორი კი არ გამოჩენილა.

2018 წელს ინვესტიციები 35.5%-ით შემცირდა და მან $1.26 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2019 წელს კი ინვესტიციები 0.2%-ით გაიზარდა.