მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულია: ბრუნო ბალვანერამ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტი არ იყო კომერციული

5e1891cbc20d7
თელარა გელანტია, შოთა ტყეშელაშვილი
10.01.20 21:00
1241
"შეხვედრაზე EBRD-ს ბრუნო ბალვანერა წარმოადგენდა. შემდეგი ანალოგიური რაღაც თქვეს, რომ ეს პროექტი არ არის Bankable (რენტაბელური), OPIC-მაც იგივე თქვა - მოგვეცით გარანტიები,"- ამბობს BMG-სთან ინტერვიუში ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია.

გიორგი ქობულია ამბობს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ანაკლიის პროექტის კომერციული პოტენციალის მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი, სწორედ ამიტომ მოითხოვეს მათ სახელმწიფოსგან გარანტიები. ქობულია იხსენებს შეხვედრას EBRD-ის წარმომადგენელ ბრუნო ბალვანერასთან, რომელმაც მინისტრთა კაბინეტის წევრებს ქობულიას თქმით, განუცხადა, რომ მათი საინვესტიციო ბანკი პროექტში ფულს მხოლოდ სახელმწიფო გარანტიების არსებობის შემთხვევაში ჩადებდა. ამასთანავე, ქობულია ამბობს, რომ ანაკლიის პროექტი "არ ვარგა."

ქობულიას თქმით, ის მთავრობისგან ელოდა იმ გადაწყვეტილების მიღებას, რაც 2020 წლის 9 იანვარს გახმოვანდა ანუ ხელშეკრულების გაწყვეტას ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან.

McKinsey-ის მოსკოვის ოფისის ყოფილი პარტნიორი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ დღეს პროექტის მომავლის შესახებ ორი ძირითადი ვარიანტი არსებობს - ერთია ის, რომ გამოცხადდება ტენდერი იგივე პირობებით, როგორც წარსულში გამოცხადდა და მასში კომერციული დაინტერესების არარსებობის გამო არცერთი ინვესტორი არ მიიღებს მონაწილეობას. ხოლო, მეორე ვარიანტის მიხედვით, სახელმწიფო შეცვლის ტენდერის პირობებს, დათანხმდება გარანტიების გაცემას რა დროსაც ტენდერში მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენები წარადგენენ განაცხადს და ანაკლია მათ გადაეცემათ - თუმცა, ამ უკანასკნელს გიორგი ქობულია უფრო ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს.

ქობულიას თქმით, სახელმწიფო თავის დროზე ანაკლიის მეშვეობით საკუთარი თავის პოპულარიზაციას ცდილობდა, განახლებულ კონსტიტუციაში მისი მოხსენიებაც სწორედ ამას ემსახურებოდა.

- რატომ ამბობთ, რომ არ ვარგა ეს პროექტი?

- იმიტომ არ ვარგა, რომ ამხელა თანხის ჩადება ამ პორტში არის ქვეყნისთვის გაუმართლებელი, რადგან საკმარისი რაოდენობის ტვირთები, რომ ეს თანხები გაამართლოს და პროექტმა ეკონომიკაში დადებითი წვლილი შეიტანოს, ამდენი რაოდენობის ტვირთი პორტს არ ექნება. აი ამაშია საქმე. ამას იმისთვის ხომ არ ვაკეთებთ, რომ წავიდეთ, რაღაც ავაშენოთ და შემდეგ ვიძახოთ და ვიყვიროთ რომ რაღაცა ავაშენეთ და “რა კარგები ვართ”.

ეს ხომ უნდა გვინდოდეს იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას და ეკონომიკაში წვლილი შეიტანოს და ასე შემდეგ.

ეს პროექტი არ შეიტანს დადებით წვლილს ეკონომიკაში. ამაშია საქმე.

- რის საფუძველზე აკეთებთ ამ განცხადებას, თქვენ გააკეთეთ ანალიზი? ვისზე დაყრდნობით ამბობთ ამას?

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმაც პრაქტიკულად ხაზი გაუსვეს ამას. რატომ ეპარება ყველას ამაში ეჭვი, რომ პროექტი არ ვარგა, მე არ მესმის. პროექტს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკაში დადებითი წვლილი შეიტანოს, თუ არ შეიტანს დადებით წვლილს, მაშინ რატომ ვაკეთებთ ამას? ეგეთი პროექტების კეთებით დაინგრა საბჭოთა კავშირი.

ჩვენ ხომ ეს არ გვჭირდება.

- თქვენ ამბობთ, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, იგივე EBRD და სხვები ითხოვდნენ პროექტში სესხის გაცემისთვის გარანტიებს. ეს იყო იმიტომ, რომ მათაც ეპარებოდათ ეჭვი ანაკლიის მომგებიანობაში?

- რა თქმა უნდა. ეჭვი კი არ ეპარებოდათ, ოფიციალურ შეხვედრაზე პირდაპირ განაცხადეს. მთავრობაში შეხვედრაზე განაცხადეს, მამუკა ბახტაძე იყო პრემიერ-მინისტრი. შეხვედრა იყო ბანკებთან - მე ვიყავი, მაია ცქიტიშვილი იყო, ივანე მაჭავარიანი იყო იმ შეხვედრაზე. ეს იყო შეხვედრა EBRD-ის ხელმძღვანელთან, რომელმაც თქვა რომ მათაც გააკეთეს შეფასება, მან თქვა “ არ გამოდის აქედან არაფერი პოზიტიური, მაგრამ თუ თქვენ ძალიან გინდათ, რომ ფული გადაყაროთ, კი ბატონო, მოგვეცით გარანტიები და დაგიფინანსებთ.”

ამ დროს EBRD-ს ბრუნო ბალვანერა წარმოადგენდა. შემდეგი ანალოგიური რაღაც თქვეს, რომ ეს პროექტი არ არის Bankable (რენტაბელური), OPIC-მაც იგივე თქვა - “მოგვეცით გარანტიები.”

რატომღაც ფოთის პორტში, როდესაც ტერმინალის გაფართოებაზე იყო საუბარი, $50 მილიონის დაფინანსება უსიტყვოდ გასცეს სახელმწიფო გარანტიის გარეშე. ანაკლიისთვის $100 მილიონის გარანტიის მოცემაზე კი უარი თქვეს.

უნდა ვაღიაროთ, რომ შეცდომა მოუვიდა მთავრობასაც და იმათაც, ამის მაგივრად ეს ყველაფერი გააპოლიტიკურეს.

ჩემზე რომ ვინმე იტყვის ამას, რომ მე იმიტომ ვამბობ ამას, რომ რუსეთის ინტერესებს ვატარებ, ეს ხომ ტოტალური სისულელეა. ეს არის უბრალოდ ხალხის გაბითურება, როდესაც ამას აბრალებენ რუსულ ინტერესებს, თითქოს რაღაცა თქვა იმან, რაღაცა თქვა ამან, რუსეთის ინტერესებს საერთო არ აქვს ამ სიტუაციასთან.

ერთადერთი ისაა, რომ შესაძლებელია კონსორციუმს სწყინდეს, რომ ფინანსდება პროექტები, რომლებშიც მონაწილეობს უმაღლეს ხელისუფლებასთან დაახლოებული ხალხი. ეს შეიძლება სწყინდეთ მათ. რომ აი “სისულელეები ხომ დაუფინანსეს ვიღაც ვიღაცეებს [არ აკონკრეტებს ვის], იმიტომ რომ ისინი დაახლოებულები იყვნენ მთავრობასთან. ჩვენ კი ცუდი ურთიერთობა გვაქვს და ჩვენი სისულელე არ დააფინანსეს.”

-საქართველოს მთავრობამ თქვა, რომ ისინი ხელახალ ტენდერს გამოაცხადებენ, მაშინ რატომ, თქვენი აზრით?

-აქ არის ორი ვარიანტი, ერთი რა თქმა უნდა ამით პოპულისტობენ, ეშინიათ მათაც ამის თქმა. ალბათ ისინი გამოაცხადებენ ტენდერს, იქნება ეს ტენდერი რაღაც პერიოდის განმავლობაში და შემდეგ იტყვიან - “აი, ნახეთ როგორ ვცდილობდით, მაგრამ არ მოვიდნენ ინვესტორები.”

ალბათ მართლაც ეგრე იქნება. ამაში ინვესტორი მომსვლელიც რომ იყოს, აქამდე მოვიდოდა უკვე კიდეც. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ უზარმაზარი სამუშაო გასწიეს, მთელი მსოფლიო მოირბინეს და მაგათზე უკეთეს პროექტს არავინ არ გააკეთებს. მათ თუ მართლა ვერ მოიზიდეს ინვესტორი, სხვებიც ვერ გააკეთებენ.

მეორე ვარიანტი არის ის, რომ მთავრობას შეუძლია აიღოს და ჩაწეროს ისეთი პირობები და გასცეს გარანტიები, შეიყვანონ მათთან აფილირებული ბიზნესმენები და მაშინ მოაგებინონ ტენდერი და გააკეთონ სახელმწიფო დაფინანსებით. მგონია, რომ ეს არ გამოუვათ, რადგან ეს ძალიან გამჭვირვალე პროცესია და ამას დიდი არეულობა და ხალხის დიდი უკმაყოფილება მოყვება. ამას ამ შემთხვევაში არ იკადრებენ, მაგრამ სხვა შემთხვევაში მგონი იკადრებენ.

- თქვენ როდესაც მინისტრთა კაბინეტის წევრი იყავით და ამ ყველაფერს ამბობდით ანაკლიის პორტის პროექტზე, რას გეუბნებოდნენ, რას გპასუხობდნენ თქვენი კოლეგები ამის შესახებ?

რას მპასუხობდნენ და ამბობდნენ, “რომ დიახ, გვესმის და გეთანხმებით, მაგრამ ამას საჯაროდ ხომ ვერ ვიტყვით?”.

რა თქმა უნდა, ამბობდნენ, რომ ეს პროტესტს გამოიწვევდა, პროექტი კონსტიტუციაში არის ჩადებული. რატომ? რადგან მათი გუნდის წევრი არ იყო ის კაცი? ვინც ეს ჩაწერა კონსტიტუციაში?

- გიორგი კვირიკაშვილს გულისხმობთ?

რა თქმა უნდა, გუნდს დაარტყამს ეს, დაარტყამს პარტიის ხელმძღვანელს. რეალურად თუ ასეა, ამ პროექტთან დაკავშირებით, ხალხი არ იტყვის, რომ “რამ ჩააწერინა მაშინ გიორგი კვირიკაშვილს ეს კონსტიტუციაში?”

- რატომ ჩაიწერა მაშინ, თქვენი აზრით?

- რატომ ქნეს? მე მგონია, რომ ბოლომდე კიდევ გაუაზრებელი გადაწყვეტილება იყო, ისევე, როგორც დიდი ნაწილი გადაწყვეტილებების, ბოლომდე გააზრებული არ არის. ნუ იყო ამბიციური განწყობა “მოდი დიდი პროექტი გავაკეთოთ”, აი ასეთ ემოციურ დონეზე, რომ ეს კარგია, გავაკეთებთ ამას და იქ გემი შემოვა.

BMG გიორგი ქობულიას განცხადებასთან დაკავშირებით EBRD-ისთვის მიმართვას გეგმავს.