მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულია: ეპიდვითარების გათვალისწინებით ტურიზმში კარგი პერსპექტივა არ გვესახება

6103e7473e387
თელარა გელანტია
31.07.21 20:00
705
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია იმ ადამიანების რიცხვშია, ვინც პანდემიის გამო ჩინეთში არსებული ქარხნების ნაწილის საქართველოში გადმოტანას თავიდანვე უტოპიად აფასებდა. გიორგი ქობულიას აზრი არც დღეს შეუცვლია.

„არ მიმაჩნია, რომ ეს სერიოზული საკითხი იყო. ჩინეთის ერთ ქარხანაში იმდენი ხალხი მუშაობს, რაც ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილია. ეს თეორიულადაც შეუძლებელი იყო“, - ამბობს ყოფილი მინისტრი და ამჟამად Mckinsey-ის უფროსი პარტნიორი #ForbesTalks-თან ინტერვიუში.

გიორგი ქობულია საქართველოს მიერ პანდემიის, როგორც შესაძლებლობის გამოყენების რესურსს, მხოლოდ ტურიზმში ხედავს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ეპიდვითარების გათვალისწინებით, ამ სფეროში „კარგი პერსპექტივა აღარ ჩანს“.

„მაქსიმალურად სწრაფად უნდა გავუმკლავდეთ პანდემიას, რომ მოვიზიდოთ ტურისტული ნაკადები. ეს არის ჩვენთვის „პანდემიის შესაძლებლობის“ კონკრეტული და სწრაფი რეალიზების გზა და საშუალება. რა თქმა უნდა, არის ქვეყნები, სადაც პანდემიის როგორც შესაძლებლობის გამოყენება სხვა მიმართულებითაა შესაძლებელი, მაგალითად, ელექტრონული კომერცია, რომელიც პანდემიის დროს ძალიან სწრაფად გაიზარდა, მაგრამ საქართველოსთვის ეს დიდ საშუალებას არ წარმოადგენს, რადგან ჩვენი ბაზარი მცირეა, ამიტომ ახლა თუ რამეს გამოვიყენებთ, ეს ტურიზმია“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ და იქვე დასძინა, რომ ეპიდვითარების გათვალისწინებით, ტურიზმის აღდგენის ნაკლები ალბათობაა.

„2019 წელს საქართველოს 9 მლნ ვიზიტორი სტუმრობდა და ქვეყანამ ტურიზმიდან დაახლოებით, 3.5 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ამდენად, მარტო ტურიზმიდან შარშან მინიმუმ 2.5 მლრდ დავკარგეთ. 2021 წელს რამდენი ტურისტი გვყავდა უკვე? - როგორც ვიცი, 6 თვეში ეკონომიკამ ტურიზმიდან $299.5 მილიონის შემოსავალი მიიღო. ვნახოთ, როგორ ჩაივლის ზაფხულის ტურისტული სეზონი, მაგრამ რასაც ვუყურებ ეპიდვითარებას, კარგი პერსპექტივა არ გვესახება და როგორ შეიძლება 2021 უკეთესი იყოს 2020-ზე?! ტურიზმი ხომ სავალუტო ნაკადების მთავარი წყარო იყო“, - ამბობს გიორგი ქობულია.