მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქონების და მომსახურების სააგენტოს შერწყმით პრივატიზაციის პროცესში რიგი ცვლილებები შედის

5ecb7f1a171c4
შოთა ტყეშელაშვილი
25.05.20 12:25
1721
პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს, რომელიც მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ქონების განკარგვის პირობებში სტრუქტურულ ცვლილებებს შეიტანს. ცვლილებები სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გაერთიანებით არის განპირობებული და ის პრივატიზაციის პროცესში არსებული ბუნდოვანებების და იურიდიული გაურკვევლობების გამოსწორებას ისახავს მიზნად.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონში შემდეგი ცვლილებების განხორციელება:

“ამოღებულ იქნება კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი, რის შედეგადაც, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების - მობილური კავშირისა და ტელერადიომაუწყებლობის ანძების - განთავსების მიზნით განკარგვა განხორციელდება კანონის შესაბამისად და ძალადაკარგულად ჩაითვლება ამავე პუნქტში მითითებული, ხსენებული მიზნობრიობით სახელმწიფო ქონების განკარგვის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი.

- კანონის პირველი მუხლის 61 პუნქტში განსახორციელებელი ცვლილება, ქონების სააგენტოსთან მომსახურების სააგენტოს შერწყმიდან გამომდინარე, ემსახურება ქონების სააგენტოს ფუნქციების გაფართოებას დაინტერესებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობის თვალსაზრისით. ასევე, განისაზღვრება, რომ დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას ქონების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, სახეების და საფასურის ოდენობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

- კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განისაზღვრება, რომ ქონების სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდება საქართველოს საერთო სასამართლოში ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსი.

- კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში განსახორციელებელი ცვლილების მიზანია ტერმინის „სახელმწიფო ქონების განკარგვა“ კორექტირება, რის შედეგადაც, ზუსტდება, რომ გაცვლა წარმოადგენს სახელმწიფო ქონების (კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის) განკარგვის ერთ-ერთ ფორმას.

- კანონის მე-2 მუხლის „თ“, „ი“, „ი1“ და „ლ“ ქვეპუნქტებში იცვლება მითითება ქონების განკარგვაზე უფლებამოსილ უწყებაზე (მომსახურების სააგენტო ნაცვლდება ქონების სააგენტოთი ან ხდება მასზე მითითების ამოღება). კანონში მომსახურების სააგენტოზე არსებული მითითებების ცვლილების/ამოღების მიზნით, კორექტირდება, ასევე, კანონის მე-2 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის 11 პუნქტი, 51 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტები, მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი, 27-ე მუხლის პირველი პუნქტი, 29-ე მუხლი, 31-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები და 311 მუხლი. - კანონის მე-2 მუხლის „ო“, „პ“ და „ღ“ ქვეპუნქტებში მოცემული ტერმინები: „საპრივატიზებო გეგმა“, „საკომლო წიგნი“, და „განაცხადი“ ამოღებულია, მათი პრაქტიკული მნიშვნელობის არარსებობიდან და საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობიდან გამომდინარე. - კანონის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტში განსახორციელებელი ცვლილებით, ტერმინი „საპრივატიზებო შემოსულობა“ ასევე მოიცავს გაცვლის შედეგად მიღებულ შემოსულობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აღნიშნულის მიზანია, გაცვლის შედეგად მიღებული შემოსულობისა და საპრივატიზებო შემოსულობის ერთგვაროვანი საკანონმდებლო რეგულირება.

- კანონის მე-2 მუხლის „ც“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტერმინის - „საწყისი საპრივატიზებო საფასურის“ ამოღება განპირობებულია ტერმინოლოგიური ხარვეზის აღმოფხვრით, კერძოდ, აუქციონზე ვაჭრობა ხორციელდება მხოლოდ საწყის საპრივატიზებო თანხაზე, საპრივატიზებო საფასური კი, მოიცავს როგორც საპრივატიზებო თანხას, ასევე, ფიქსირებული ოდენობის (რაზეც ვაჭრობა არ ხორციელდება) მესამე პირისთვის ან/და სხვა სუბიექტისთვის გადასახდელ თანხას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტერმინ „საწყისი საპრივატიზებო საფასურის“ ტერმინით „საწყისი საპრივატიზებო თანხა“ ჩანაცვლების მიზნით, კორექტირდება ასევე, კანონის 62 მუხლი, მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე მუხლის პირველი პუნქტი, 451 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 452 მუხლის მე-3 პუნქტი. - კანონის მე-2 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტით განმარტებული ტერმინი „მომსახურების საფასური“ იცვლება ქონების სააგენტოსთან მომსახურების სააგენტოს მიერთებიდან გამომდინარე და მომსახურების საფასურად განისაზღვრება, ასევე, დაინტერესებული ფიზიკური და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისათვის საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი თანხა.

- კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების შემძენ სუბიექტთა წრეს. კანონპროექტით განსახორციელებელი ცვლილების თანახმად, ხსენებული პუნქტით დამატებით განისაზღვრება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შემძენი შესაძლოა იყოს, ასევე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო. გარდა ამისა, ხსენებულ პუნქტში დამატებით, საგამონაკლისო სახით, მიეთითება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზების/რეალიზაციის შემთხვევა. ამასთან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (მათ შორის, განსაკარგავად გადაცემული და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული) შემძენ სუბიქეტთა წრე დადგენილია ამავე მუხლის 11 პუნქტით.

- კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტში განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით, ტერმინი „სახელმწიფო ქონებას მისი ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემა“ იცვლება ტერმინით „გაცვლა“. - კანონის 31 მუხლის მე-3 პუნქტით, რომელიც ადგენს აუქციონის/პირდაპირი მიყიდვის ფორმით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების ვადებს, განისაზღვრება, ასევე, მითითებულ ვადებში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შედეგი. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, მითითებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება/აუქციონის შედეგები ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.

- კანონის 31 მუხლს ემატება 32 მუხლი, რომლის სათაურია „გაცვლა“. ხსენებული მუხლით კანონში ჩნდება გაცვლასთან დაკავშირებული საკითხების რეგულაცია, მათ შორის, პირობიანი გაცვლისას წარმოსადგენ საბანკო გარანტიასთან და გაცვლილი უძრავი ნივთის/არამატერიალური ქონებრივი სიკეთის იპოთეკით/გირავნობით დატვირთვასთან დაკავშირებით. ამავე მუხლით განისაზღვრება გაცვლისას ხელშეკრულების გაფორმების ვადა და მითითებულ ვადაში მისი გაუფორმებლობის სამართლებრივი შედეგი. - კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ და „ნ“ – „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქონების ნუსხა, რომლის პრივატიზება აკრძალულულია, ტერმინოლოგიურად კორექტირდება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

- კანონის მე-4 მუხლის „კ1“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ამოღების მიზანია, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სარეკრეაციო ტერიტორიების ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესაძლებლობის გაჩენა ქონების სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ამასთან, მოქმედი რედაქციის შესაბამისად, კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის განმარტება უნდა მოხდეს ერთმანეთთან კავშირში, რადგან მათი მოქმედების სფერო ერთია. კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტის ცვლილება არის არა დამოუკიდებელი შინაარსის, არამედ გამომდინარეობს მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ცვლილებიდან - იმ შემთხვევაში, თუ კანონიდან ამოღებული იქნება მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი და შენარჩუნდება მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ1“ ქვეპუნქტი, სახეზე გვექნება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებზე ან/და განსაკუთრებული რეგულირების ზონებში მდებარე უძრავი ქონების პრივატიზების იმპერატიული აკრძალვა, რაც სახელმწიფო ქონების განკარგვის პროცესის ოპტიმიზაციას არსობრივად გამორიცხავს.

- კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუქნტი ითვალისწინებს ამავე მუხლში მითითებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზებას მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ სიტყვები „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ შეფასებითია და იძლევა არართგვაროვნად ინტერპრეტირების შესაძლებლობას. ამის გათვალისწინებით, კანონპროექტით ხსენებული პუნქტიდან სიტყვები „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ ამოღებულია. - კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ, აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და რეალიზაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ვებსაშუალებებს, ემატება ვებგვერდი www.privatization.ge. ამასთან, ამავე პუნქტიდან ამოიღება ინფორმაციის გავრცელების ვებსაშუალება - www.nasp.gov.ge, რამდენადაც ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს ვებგვერდი www.eauction.ge. - კანონის 51 მუხლის მე-7 პუნქტში დამატებულია სამინისტროს და ქონების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების დამატებითი ვებსაშუალებები, კერძოდ, სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, ასევე, შეიძლება გამოქვეყნდეს ვებგვერდზე www.moesd.gov.ge, ხოლო ქონების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ვებგვერდზე www.privatization.ge. - პერსონალური მონაცემების გამოქვეყნების მიზნებისთვის, კანონის 51 მუხლს ემატება მე-8 პუნქტი, რომლის თანახმად, ქონების სააგენტო ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nasp.gov.ge/www.privatization.ge) ან ელექტრონული აუქციონის სისტემის ვებგვერდზე (www.eauction.ge) შეიძლება გამოქვეყნდეს ინფორმაცია სახელმწიფო ქონების პრივატიზების/რეალიზაციის/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე, მათ შორის, სახელმწიფო ქონების შემძენის/სარგებლობაში/მართვის უფლებით მიმღები პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

- კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულია მითითება საჯარო აუქციონის ჩატარების წინაპირობაზე. - კანონის მე-6 მუხლის მე-2, 61 და მე-11 პუნქტებში, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტსა და მე-7 პუნქტში, ასევე, 31-ე მუხლის მე-8 პუნქტში ცვლილებების შედის კანონში საქართველოს ფინანსთა მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე არსებული მითითებების შესაბამისად, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის აქტებზე მითითებით ჩანაცვლების მიზნით. - კანონის მე-6 მუხლის 31 მუხლიდან ამოღებულია მითითება აუქციონში გამარჯვებულის მიერ სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის საფასურის ვებგვერდ www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით გადახდის თაობაზე, რამდენადაც აღნიშნული საფასურის გადახდა შესაძლებელია სხვა საშუალებებითაც.

- კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აუქციონის შედეგების ძალადაკარგულობის საფუძვლები ზუსტდება, კერძოდ, აუქციონის შედეგები ძალას კარგავს, აუქციონში გამარჯვებულის მიერ დადგენილ ვადაში საპრივატიზებო საფასურის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში, თუკი აუქციონის პირობას წარმოადგენდა მხოლოდ შესაბამისი საფასურის გადახდა, ასევე, კანონით ან/და ქონების მმართველის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში. ამასთან, კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით აუქციონის შედეგების ძალადაკარგულობის დამატებით წინაპირობებად განისაზღვრება აუქციონში გამარჯვებულის მიერ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა და შემთხვევა, როცა მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/რეალიზებისას აუქციონში გამარჯვებული არ უზრუნველყოფს ქონების გატანას კანონმდებლობით დადგენილ ან/და ქონების მმართველის მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში. - მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი აუქციონის რეგულაცია კორექტირდება განმეორებითი აუქციონის მიზნის გამოკვეთისათვის. ამასთან, დგინდება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შემთხევაში, განმეორბითი აუქციონის ჩატარებს წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად (კანონის ამჟამინდელი რედაქციით, მოძრავ ქონებაზე განმერობითი აუქციონის ჩატარების პირობები განისაზღვრება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით).

- კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტით განსახორციელებელი ცვლილებით გამოიკვეთება, რომ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეილებით საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების − დევნილებისათვის, რამდენადაც კანონი ითვალისწინებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის სხვა საფუძველსაც - მოძრავი ქონების განაწილების სახით. ასევე, მითითებული მუხლის მე-3 პუნქტს ემატება შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის სამართლებრივი შედეგის განმსაზღვრელი რეგულაცია.

- კანონის 63 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ ემატება მე-4 პუნქტი, რომლითაც ზუსტდება, რომ მოძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება მისი განაწილებით, უსასყიდლოდ საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის გზით, კანონით განსაზღვრული პირთა წრისათვის.

- კანონს ემატება 65 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებული ხანდაზმულობის ვადა კანონის ზოგად ნაწილში, რის შედეგადაც, კანონის 22-ე მუხლი ამოღებულ იქნა. ამასთან, კანონის არსებული რედაქციის 22-ე მუხლით გათვალისწინებული განსაზღვრება, რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ამოღებულ იქნა, ამგვარი შინაარსის ნორმის კანონში არსებობის საჭიროების არარსებობიდან გამომდინარე.

- კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში ამოღებულია აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებაზე მითითება, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ქონების განმკარგავის მიერ შესაბამის სახაზინო კოდ(ებ)ზე. აღსანიშნავია, რომ შემძენის მიერ გადახდის ვალდებულების შესრულების ქონების სააგენტოს მიერ დადასტურების ვალდებულების ამსახველი რეგულაცია წარმოდგენილია კანონის ზოგად ნაწილში.

- კანონის მე-20 მუხლის პირველ პუნქტში განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი ვალდებული იქნება უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, ნაცვლად აუქციონის დასრულებიდან 1 თვისა, წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ აუქციონში გამარჯვებულს, მსგავსად პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების შემძენისა, მიეცეს ხელშეკრულებისათვის არსებული სრული ვადა (45 დღე) საბანკო გარანტიის წარმოსადგენად, ხოლო მეორე მხრივ, გამოიკვეთოს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად საბანკო გარანტია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა იქნეს წარმოდგენილი. - კანონის 24-ე მუხლიდან ამოღებულია მომსახურების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული პუნქტები.

- კანონის 25-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია მომსახურების სააგენტოს სტატუსი და ფუნქციები, ამოღებულია. - კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და ტერმინი „ინტერნეტაუქციონი“ შეცვლილია ტერმინით „ელექტრონული აუქციონი“, ვინაიდან აღნიშნული ტერმინები შინაარსობრივად ერთსადაიმავე პროცედურას მიემართება. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეგულაცია მოძრავი ქონების პრივატიზებისას ელექტრონული აუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის ერთდროულად გამოყენებასთან დაკავშირებით არ ასახავს მოძრავი ქონების განკარგვის პრაქტიკას, კანონპროექტი ითვალისწინებს მის ამოღებას.

- კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განაწილების, როგორც მოძრავი ქონების განკარგვის ფორმის, ფარგლებში დაკონკრეტებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის შესაძლებლობა, ქონების სააგენტოს გადაწყვეტილებით. ამასთან, დამატებით განსაზღვრულია, რომ ხსენებული პუნქტით გათვალისწინებული მოძრავი ქონება შესაძლოა განადგურდეს.

- კანონის 27-ე მუხლს ემატება მე-8 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით რეალიზაციისას შესაბამისი ხელშეკრულების სტანდარტული ნიმუში მტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, ასევე, განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმები ვადა და ხელშეკრულების ვადაში გაუფორმებლობის შედეგი.

- ამოღებულ იქნა კანონის 28-ე მუხლი, ვინაიდან ქონების სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესს ადგენს კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი.

- კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტში განსახორციელებელი ცვლილებით გამოკვეთილია, რომ ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ მოძრავ ქონებას ან განსაკარგავად გადაცემულ ქონებას, აუქციონის ფორმით განიკარგება ქონების მმართველის გადაწყვეტილებით, ხოლო პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით განკარგვაზე კი, ქონების მმართველის წარდგინებით, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა (კანონის თანახმად, ამგვარი მოძრავი ქონება სხვა ფორმით არ განიკარგება). - კანონის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტი დაკორექტირდა განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმების განსაზღვრის მიზნით (29-ე მუხლის მე-3 პუნქტში განსახორციელბელი ცვლილების გათვალისწინებით). ამასთან, კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში განსახორციელებელი ცვლილების ანალოგიურად, 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში ტერმინი „ინტერნეტაუქციონი“ შეცვლილია ტერმინით „ელექტრონული აუქციონი“. ამასთან, ამოღებულია 29-ე მუხლის მე-7 პუნქტი, მოძრავი ქონების პრივატიზებისას ელექტრონული აუქციონის და ინტერნეტაუქციონის ფორმების ერთდროულად გამოყენების არარელევანტურობის გათვალისწინებით.

- კანონის 291 მუხლს ემატება მე-2 პუნქტი, რომელიც არეგულირებს უფლებადაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის განკარგვის წესს, რაც კანონით რეგულირებული არ ყოფილა. - კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით განისაზღვრება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზებისას შემძენთან გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზების შემთხვევაში, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპური ფორმა დამტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით (ნაცვლად მიღებაჩაბარების აქტისა, როგორც კანონის მოქმედ რედაქციაშია გათვალისწინებული). ამავე ცვლილებით განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების ვადები და შესაბამის ვადაში ნასყიდობის ხელშეკრულების გაუფორმებლობის სამართლებრივი შედეგი. - კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის 36-ე მუხლის 22 პუნქტში, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო ქონების აუქციონის გზით ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სარგებლობაში გადაცემისას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების ვადა და ამავე ვადებში ხელშეკრულების გაუფორმებლობის სამართლებრივი შედეგი.

- კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის 41-ე მუხლის პირველ პუნქტში, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო სკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების განკარგვის ფორმები. კანონპროექტით განსახორციელებელი ცვლილების თანახმად, კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ, „გ“ ქვეპუნქტის სახით, ემატება „გაცვლა“, როგორც ამგვარი სახელმწიფო ქონების განკარგვის ერთ-ერთი ფორმა.

- კანონის 43-ე მუხლს ემატება 11 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს აქციის/წილის მართვის უფლებით გადაცემის მიზნით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების ვადას და ამავე ვადაში ხელშეკრულების გაუფორმებლობის სამართლებრივ შედეგს. - ცვლილება შედის კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტში, რომელიც ითვალისწინებს აქციის/წილის პრივატიზებისას შესაბამისი ვალდებულებების (ასეთის არსებობისას) მარეგისტრირებელ ორგანოში სავალდებულო რეგისტრაციის სავალდებულოობას და ადგენს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების ვადებს/გაუფორმებლობის სამართლებრივ შედეგს.

- ცვლილება შედის კანონის 452 მუხლის მე-4 პუნქტში, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების ვადები და შესაბამის ვადაში ხელშეკრულების გაუფორმებლობის სამართლებრივი შედეგები.

- კანონის 46-ე მუხლს ემატება მე-7 პუნქტი, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობას ევალება არა უგვიანეს 2020 წლისა შეიმუშაოს და დაამტკიცოს პრივატიზებული უძრავი ნივთების რეგისტრაციის ხელშეწყობის წესი და პირობები.

- კანონის 474 მუხლის შემდეგ ემატება 475 მუხლი, რომელიც ადგენს პრივატიზებული უძრავი ნივთების რეგისტრაციის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების სამართლებრივ საფუძველს. კერძოდ, ითვალისწინებს პრივატიზებული შენობა-ნაგებობის/შენობა-ნაგებობის ნაწილის/მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობსა და შესაბამის ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ ფართობს შორის არსებული სხვაობის რეგისტრაციაზე ქონების სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემის შესაძლებლობას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით და საფასურის გადახდის შემთხვევაში.

- კანონის 491 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ ემატება 31 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების ვადას/გაუფორმებლობის სამართლებრივ შედეგს. კანონპროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულია შესაბამისი უწყებების ფუნქციების, უფლებამოსილებებისა და უფლებამონაცვლეობის საკითხები. კერძოდ, კანონპროექტის მე-2 მუხლის თანახმად: - განხორციელდება მომსახურების სააგენტოს შერწყმა ქონების სააგენტოსთან მიერთების გზით, ქონების სააგენტოს გადაეცემა მომსახურების სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობები და ჩაითვალება მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ. - გათვალისწინებული იქნება, რომ საქართველოს მთავრობა, კანონპროექტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღის ვადაში, განახორციელებს მომსახურების სააგენტოს ქონების სააგენტოსთან შერწყმისათვის საჭირო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებებს, ქონების სააგენტოს დებულების ახალი რედაქციით დამტკიცებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემის გზით. მათ შორის, ამავე ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ევალება მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცება. ასევე, ამავე ვადაში სათანადო უწყებები განახორციელებენ შესაბამისი სამართლებრივი აქტების კანონპროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და მომსახურების სააგენტოს ქონების სააგენტოსთან შერწყმის დასრულებისათვის საჭირო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებებს, მათ შორის - ქონების სააგენტოს რეორგანიზაციისათვის საჭირო ღონისძიებებს.

- კანონის (გარდა მე-2 მუხლისა) ამოქმედების თარიღიდან მომსახურების სააგენტოს ქონების სააგენტოსთან შერწყმა ჩაითვლება დასრულებულად. - ასევე, ქონების სააგენტოს ევალება, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს კანონპროექტის (გარდა მე-2 მუხლისა) ამოქმედებამდე არსებულ მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, დაბალ თანამდებობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, ქონების სააგენტოს რეორგანიზაციისა და ხსენებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ქონების სააგენტო უფლებამოსილია შექმნას კომისია.

- გათვალისწინებულია, რომ კანონპროექტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ქონების სააგენტოს მიერ 2019 წელს განსაზღვრული საშტატო რიცხოვნობა შესაძლებელია აჭარბებდეს „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მომუშავეთა რიცხოვნობას იმ პირობით, რომ არ გაიზრდება კანონპროექტის (გარდა მე-2 მუხლისა) ამოქმედებამდე არსებული სტრუქტურის ფარგლებში მომსახურების სააგენტოსა და ქონების სააგენტოსათვის ჯამურად განსაზღვრული რიცხოვნობა.

- მომსახურების სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს ძალას ამ აქტების უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე/ახალი სამართლებრივი აქტის მიღებამდე/გამოცემამდე.

- გარდა ამისა, მომსახურების სააგენტოს ევალება კანონპროექტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღის ვადაში, უზრუნველყოს საკუთარი საბალანსო მონაცემების მიხედვით აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) ქონების სააგენტოსათვის გადაცემა. ასევე, ხსენებული ღონისძიებების დასრულებამდე ქონების სააგენტოს ეძლევა უფლება, თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, ისარგებლოს კანონპროექტის (გარდა მე-2 მუხლისა) ამოქმედებამდე მომსახურების სააგენტოს ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონებით და სამსახურებრივი დოკუმენტაციით (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალითა და სხვა დოკუმენტაციით),” - ნათქვამია განმარტებით ბარათში.