მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქონების გადასახადზე ოპოზიციის ინიციატივა დარგობრივმა კომიტეტმა არ მოიწონა

5df77d588ef58
ინგა მურუსიძე
16.12.19 20:45
1120
ქონების გადასახადზე ბეგარასთან დაკავშირებით არაფერი შეიცვლება, - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დეპუტატ გიგი წერეთლის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, ის პირები, რომელთა წლიური შემოსავალი შეადგენდა 40 ათას ლარზე მეტს და 60 ათას ლარზე ნაკლებს, ქონების გადასახადით აღარ დაიბეგრებოდნენ.

კომიტეტის დღევანდელ სხდომას კანონპროექტის ინიციატორი არ ესწრებოდა და შესაბამისად, კენჭისყრაზე მის მიღებას მხარდამჭერი არ აღმოაჩნდა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ამბობს, რომ კანონპროექტს მთავრობა არ დაეთანხმა.

„იდეა ცუდი არ იყო, თუმცა მთავრობა არ ეთანხმება. შეგვიძლია მომავალში განვიხილოთ“, - განაცხადა კაკულიამ კომიტეტის სხდომაზე.

„ის ზღვარი (40 ათასი ლარი), რომელიც არსებობდა, გაიზრდება 60 ათას ლარამდე. ეს საშუალებას მისცემს ათასობით ადამიანს, შეუმცირდეთ სამთავრობო ბეგარა და ამით დააბალანსონ ის ზარალი, რასაც ნახულობენ გაუფასურებული ლარით, გაზრდილი საწარმოო ფასებით და მაღალი ინფლაციით. პროექტი გავლენას მოახდენს ნაერთი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, ქონების გადასახადიდან მიღებული შემოსავლები არ მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში. იგი მიდის ადგილობრივ ბიუჯეტში. შესაბამისად, პროექტს გავლენა ექნება ნაერთ ბიუჯეტზე. კერძოდ, ფიზიკურ პირთა ქონებაზე გადასახადიდან მიღებულმა შემოსავალმა 2018 წელს შეადგინა 25 მლნ ლარი, ხოლო სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადმა, რომელსაც იხდიან ფიზიკური პირები, შეადგინა 23.2 მლნ ლარი. ვინაიდან, არ არსებობს საჯარო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ლარია 40-დან 60 ათას ლარამდე შემოსავლიანი ოჯახების მიერ გადახდილი ქონების გადასახადი, ამიტომ, შეიძლება გარკვეული დაშვებების გაკეთება“, - ნათქვამია კანონპროექტის დანართში.

ამასთან, კანონპროექტის ინიციატორი პროექტში წერდა, რომ ვინაიდან, 40-დან 60 ათასამდე შემოსავლის მქონე პირების რაოდენობა შეადგენს 22.3 ათასი ადამიანს, ხოლო 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსვლის მქონე პირების რაოდენობა არის 45.5 ათასი ადამიანი (შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად), ამგვარად, 40 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანების 49%-ს 40-დან 60 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე მოდის.

„თუ დავუშვებთ, რომ იგივენაირი გადანაწილებაა შინამეურნეობების შემოსავლებში და მათ მიერ გადახდილ ქონების გადასახადში, მაშინ ზემოთხსენებული 48.2 მლნ ლარის 49% იქნება 23.7 მლნ ლარი. ეს კი შეგვიძლია განვიხილოთ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის მოსალოდნელ დანაკლისად კანონპროექტის მიღების შემთხვევაში. რაც შეეხება პროექტის ფინანსურ გავლენას საშუალოვადიან პერიოდში, თუ გავითვალისწინებთ 2018 წლის გამოცდილებას, მაშინ ყოველწლიურად ქონების გადასახადიდან შემოსულობები (იგულისხმება ფიზიკურ პირთა ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადი, სასოფლო-სამეურნეო დანისნულების მიწაზე ქონების გადასახადი ფიზიკური პირებიდან და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი ფიზიკური პირებიდან) გაიზრდება არაუმეტეს 5%-სა. ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში საბიუჯეტო დანაკლისად თუ მივიჩნევთ იმ თანხას, რასაც 2020 წლის ბიუჯეტში, მაშინ 2021 წელს საბიუჯეტო დანაკლისი დაახლოებით იქნება 23.7 მლნ ლარს დამატებული ამავე რიცხვის 5%. წლების მიხედვით რიცხვები შემდეგნაირად გადანაწილდება: 2021 წელი: 24.9 მლნ ლარი; 2022 წელი: 26.1 მლნ ლარი; 2023 წელი: 27.4 მლნ ლარი“, - ნათქვამია კანონპროექტის დანართში.