მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქოქიაშვილი: “მწვანე პასპორტი საერთოდ რატომ შემოიღეს? ასეთი გადაწყვეტილებები კერძო სექტორთან არ თანხმდება"

61f95a144e485
ლიკა გურაბანიძე
01.02.22 21:00
810
“მწვანე პასპორტი საერთოდ რატომ მიიღეს? ასეთი გადაწყვეტილებები სრულიად გაუაზრებელია და ის კერძო სექტორთან არ თანხმდება", - ამის შესახებ bm.ge-ს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ქოქიაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობას და ბიზნესს შორის სწორი კომუნიკაცია არ დგება.

“ყველაფერს ინფორმაციის დონეზე გვაცნობენ. დაგვიძახებენ და გვეტყვიან, ჩვენ ამ რეგულაციებს ხვალიდან მივიღებთ. შედეგად, თანამშრომლობა და ერთად გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება. მწვანე პასპორტის მოხსნაც არასწორია და მისი არდაწესებაც არასწორი იქნებოდა. აქ არასწორად მიღებულ რეგულაციაში და მის მენეჯმენტშია სისტემური პრობლემა.

არასწორად მიღებულმა რეგულაციამ გამოიწვია ის, რომ მწვანე პასპორტმა არ იმუშავა და სწორია, რომ საბოლოო ჯამში მოიხსნა. არ იყო გააზრებული, რომ ტრანსპორტში თავისუფლად ასვლა შეგეძლო და რესტორანში შესვლა არა. როდესაც ჩვენი თანამშრომლები ადგილზე რეგულაციებს იცავენ და 6 საათის შემდეგ შეჭყლეტილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უწევთ ჩაჯდომა, ასეთ დროს მწვანე პასპორტის რეგულაციას არავითარი აზრი არ ჰქონდა.” - განმარტა ქოქიაშვილმა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე "ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება გააუქმეს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის პირველი დეკემბრიდან, როცა "მწვანე პასპორტის" წესი ამოქმედდა, გადაწყდა, რომ კოვიდ-გადატანილებს ეს მექანიზმი უვადოდ მიენიჭებოდათ. აღნიშნულს არც ეპიდემიოლოგები და მათ შორის არც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ეთანხმებოდა. ამდენად, დიდი ალბათობით covid-გადატანილებისთვის "მწვანე" სტატუსის მინიჭების იდეა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნოდა.