08.აპრილი .2021 14:13

ქორწილისთვის, ქელეხისთვის ფართის გაქირავების აკრძალვა ძალაში შევიდა - მთავრობა

ქორწილისთვის, ქელეხისთვის ფართის გაქირავების აკრძალვა ძალაში შევიდა - მთავრობა
views 878
უკან

საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა/დათმობა იკრძალება, - შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.

ინფორმაცია საზოგადოებას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ დღეს ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა. მისი თქმით, დადგენილება ფართის მფლობელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის. ამასთან, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თუ აკრძალული ღონისძიების გამართვას ახლავს კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნების დარღვევა, შრომის ინსპექციის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს გარეშე პირთა შესვლა ობიექტზე. ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების უგულვებელყოფა დაუშვებელია.

„როგორც ცნობილია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში შეზღუდულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.“- განაცხადა ღიბრაძემ.

კითხვაზე, დადგენილება ეხება მხოლოდ ეკონომიკურ საქმიანობას, თუ კერძო გაქირავების სერვისსაც, ღიბრაძე პასუხობს: „ეს ეხება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გააქირავებს ფართს, ღონისძიებების ჩატასარებლად“.

რაც შეეხება მედიის ინტერესსს იმის შესახებ, თუ რა შეიცვალა ამ დადგენილებით იმ ფონზე, როცა ობიექტებს შრომის ინსპექცია ისედაც ამოწმებდა, ღიბრაძე პასუხობს, რომ გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომელიც კანონის გვერდის ავლით ღონისძიებების გამართვას ახერხებდა.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

ფიზიკური პირის მიერ კანონდარღვევა 2000, იურიდიული პირის მხრიდან კი 10 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა