მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს კონკრეტული მედიკამენტების მიღება უფასოდ შეეძლებათ

5e3be75b16e89
BM.GE
06.02.20 14:14
1811
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების მექანიზმი შეიცვალა და სრულად ინტეგრირდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ეს ცვლილება გაამარტივებს პროგრამის ადმინისტრირებას, როგორც მენეჯმენტის კუთხით, ასევე მედიკამენტების მარაგების მართვის კუთხით და შესაბამისად, პაციენტისთვისაც მეტად ხელმისაწვდომი გახდება.

ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს: სოციალურად დაუცველებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), ასაკით პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, ვეტერანებს და ასევე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, მედიკამენტების მიღება სრულიად უფასოდ შეეძლებათ.

ასევე, პროგრამაში გათვალისწინებულია 5 წლამდე ასაკის ბენეფიციარებისთვის, მათ შორის 5 წლამდე შშმ ბავშვებისათვის ანტიბაქტერიული მედიკამენტების დაფინანსებაც, რომელთა ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება არსებული წესით (წლიური ლიმიტის 50 ლარის ფარგლებში, 50 პროცენტის თანაგადახდით, ხოლო 0-5 წწ ასაკის შშმ ბავშვებისათვის ანაზღაურდება - წლიური ლიმიტის 100 ლარის ფარგლებში, 50%-ის თანაგადახდით მოსარგებლის მხრიდან).

პროგრამის იმპლემენტაცია დღეიდან 2 კვირის ვადაში განხორციელდება, დამტკიცდება მედიკამენტების ნუსხა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბაზრის კვლევის საფუძველზე დადგინდება ფასები, დაწესდება წლიური ლიმიტი დაავადებების ჯგუფების მიხედვით, შესაბამისად, პაციენტი მიიღებს მედიკამენტს სერვისის მიმწოდებელ აფთიაქებში, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტო დადგენილი ტარიფისა და შესაბამისი ლიმიტის საფუძველზე მედიკამენტის ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული პირობაა მედიკამენეტების ხარისხი, სწორედ ამ მიზნით, შენარჩუნდება 2019 წელს ფარმაცევტული პროდუქტისთვის განსაზღვრული მოთხოვნები, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიცირებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატის არსებობა.