მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქსელურ მარკეტებში სურსათის უვნებლობა დღესაც დაცულია“ - რითეილ ასოციაცია HACCP-ის დანერგვაზე

608ac2682a68e
ვიქტორია მღებრიშვილი
29.04.21 23:38
739
1 ივნისიდან ბიზნესოპერატორებს, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში სურსათის წარმოება-გადამუშავებას ახორციელებენ, საქმიანობის წარმოების HACCP-ის პრინციპების შესაბამისად წარმოების ვალდებულება ენიჭებათ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ნებისმიერ ადგილზე, სადაც მზა საკვები (სუპერმარკეტები, კაფეტერიებს) მზადდება.

რითეილ ასოციაციაში BM.GE-სთან საუბრისას განმარტავენ, რომ მათი წევრი კომპანიები სურსათის უვნებლობის სტანდარტებს დღესაც იცავენ და მომხმარებელს უსაფრთხო პროდუქტს სთავაზობენ.

„ორგანიზებულ ქსელურ მარკეტებში გვაქვს უპირატესობა, რომ რეალურად პროცესები დანერგილია, როგორიც არის მაგალითად ტემპერატურის კონტროლი, მომზადება, რეცხვა-დეზინფიცირება, ჯანმრთელობის ჟურნალები და ა.შ. ანუ პრაქტიკულად HACCP-ის სტანდარტების განხორციელება დღესაც მიმდინარეობს. ჩვენ ამას ნებაყოფლობით ვაკეთებთ, რათა მომხმარებლის მოლოდინები დავაკმაყოფილოთ. ამასთან პროცესი სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ინტენსიურად კონტროლდება“, - ამბობს რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე მირანდა მანჯგალაძე.

მიუხედავად ამისა დეტალების დასაზუსტებლად სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და კერძო სექტორს შორის შეხვედრა აღდგომის დღესასწაულების შემდეგ გაიმართება.

„სტანდარტის დანერგვით პოლიტიკის შემუშავება და დახვეწა ხდება, სადაც მკვეთრად განისაზღვრება პასუხისმგებელი და პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები; კიდევ უფრო მეტი აქცენტირება კეთდება საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაზე, რომელიც ობიექტებზე უნდა განხორციელდეს და სურსათის უვნებლობას ემსახურება.

კონკრეტულად რა უნდა იმართებოდეს, ჩვენთვის გაუგებარია, ამიტომ ჩვენ ასოციაციის სახელით სურსათის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ, რომ HACCP-ის დანერგვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდონ.

კონკრეტულად რა ნაწილში იქნება კიდევ კონტროლი სანამ არ გავარკვევთ, რთულია იმაზე საუბარი რა ხარჯებთან იქნება ეს დაკავშირებული, თუმცა კიდევ აღვნიშნავ, რომ ნებაყოფლობით ამ სტანდარტების დაცვა ქსელებში ახლაც ხდება“, - აღნიშნა მირანდა მანჯგალაძემ.