06.სექტემბერი .2022 14:55

"100%-ით ვერ გეტყვით" - დეგნანი საქართველოს მიერ სანქციების სრულად აღსრულებაზე

"100%-ით ვერ გეტყვით" - დეგნანი საქართველოს მიერ სანქციების სრულად აღსრულებაზე
views 1277
უკან

"100%-ით ვერ გეტყვით", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე - "მომხდარა თუ არა საქართველოში სანქციებისგან თავის არიდების შემთხვევები" - პასუხად.

დიპლომატმა ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს მათი მიღებისთანავე შეუერთდა და ამ მხრივ ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ სწრაფად გადადგა ნაბიჯები. ფიზიკური ტვირთების მიმართ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით კი აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ ამ მხრივაც საქართველოს აშშ-ის ტექნიკური მხარდაჭერა ადგება.

“საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ შეუერთდა ფინანსურ სანქციებს, ჩვენ არც კი დაგვჭირდა შესაბამისი მიმართვის გაკეთება, რომ ეროვნული ბანკი უკვე ხურავდა ამ მხრივ არსებულ საკითხებს; და საქართველო საკმაოდ ფრთხილად მოქმედებს. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხანგრძლივი თანამშრომლობა საბაჟო სამსახურთან და სასაზღვრო პოლიციასთან, რათა დაიფაროს შესაძლო ხვრელები თუკი ისინი არსებობს. ეს იქნება პორტებში თუ სახმელეთო საზღვრებზე. ეს არის წლების განმავლობაში ერთად მუშაობის შედეგი, ის ტექნიკური მხარდაჭერა და აღჭურვილობაც, რომელიც არამხოლოდ აშშ-ისგან არამედ სხვა პარტნიორებისგან აქვს ამ მიმართულებით მიღებული, საქართველოს ეხმარება იმაში რომ უკეთ გააკონტროლოს საზღვრებზე შემოსული ტვირთები," - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. 

კელი დეგნანმა ასევე ისაუბრა იმ ეკონომიკურ გავლენაზეც, რაც საქართველოს მიერ სანქციების სრულად აღსრულებას აქვს. ამ მიმართულებით ელჩი გამოეხმაურა არგუმენტს, რომ "პატარა საქართველოს არ შეუძლია ამ მხრივ გავლენის მოხდენა".

კელი დეგნანის თქმით, ამის გასამართლებლად ხშირად მოჰყავთ არგუმენტები რეგიონის სხვა ქვეყნებიდან, რომელთაც შესაძლოა უფრო დიდი გავლენა ჰქონდეთ და ამა თუ იმ სახით ასრულებენ სანქციების მოთხოვნებს. ამის მიუხედავად, აშშ-ის ელჩი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, რათა ქვეყანამ გააკეთოს მაქსიმუმი რაც შეუძლია სანქციებთან მიმართებით.