მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"100 ვებგვერდი მეწარმეებს” - პროექტის ბენეფიციარები პროგრამის ბენეფიტებზე საუბრობენ

62b45f7fcccfc
მარიამ იზორია
23.06.22 16:49
907
“100 ვებგვერდი მეწარმეებს” - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ბიზნესების გაციფრულების ხელშეწყობასა და ელექტრონული კომერციის აქტიურად დანერგვას ემსახურება. პროექტს “საქართველოს ბანკი” საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატები ახორციელებენ. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში ბანკის ხელშეწყობით, მასში ჩართულ კომპანიებს თავის ვებგვერდებზე ელექტრონული კომერციის ფუნქციონალი ჩაუშენდათ, რომელიც მათ ონლაინგაყიდვების შესრულების და შესაბამისად, პროდუქტის რეალიზაციის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის შესაძლებლობებსა და ბენეფიტებზე bm.ge-სთან მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ბიზნესის გაციფრულების პროცესის პროექტის რამდენიმე ბენეფიციარმა ისაუბრა.

Wine Diamond: „აქამდე სამკაულებს Facebook-გვერდის საშულებით ვყიდი, ახლა მომხმარებელს პირდაპირ ვებგვერდზე გადავამისამართებ“



Wine Diamond პანდემიის პერიოდში შექმნილი სტარტაპია, რომელიც მომხმარებელს ღვინის ქვისგან დამზადებულ სამკაულებს სთავაზობს. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას Facebook-გვერდის საშუალებით აქტიურად ახდენს. ამასთან, Wine Diamond ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაშიც გადის. ბრენდის დამფუძნებელი თამუნა აბულაძე აღნიშნავს, რომ სტარტაპი ახალ ვებგვერდს აქტიურად იყენებს და პროდუქტს წარმატებით ყიდის.

“საქართველოს ბანკმა“ კომპანიის ვებგვერდზე ოპერატიულად გადახდის სისტემა უმოკლესს ვადაში ჩამიშენა. ვებგვერდის და ზოგადად, ელექტრონული კომერციის გამოყენება მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უცხოელი მომხმარებლისთვის ეს პროდუქციის შეძენის ყველაზე ხელსაყრელი საშუალებაა. მოკლედ მინდა შევეხო კომპანია “ინეგრალსაც”, რომელმაც ვებგვერდის გაკეთების დროს ყველა პროცესში ჩაგვრთო, ჩვენი სურვილისამებრ გარკვეული დეტალების შეცვლის საშუალებაც მოგვცა. შედეგად, ორ ენაზე სრულიად გამართული “მობაილ ფრენდლი” ვებგვერდი მივიღეთ”, - განმარტავს თამუნა აბულაძე.

Wine Diamond-ის დამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ სამომავლოდ სამკაულებს Facebook-გვერდის საშულებით აღარ გაყიდის და მომხმარებელს პირდაპირ ვებგვერდზე გადაამისამართებს.

„კოპეშონი“: სწრაფი გადახდის სისტემით გამართული ვებგვერდი ბიზნესის იმიჯზე დადებითად მუშაობს“



პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე სტარტაპი „კოპეშონია”, რომელიც მომხმარებელს ბოსტნეულის, შოკოლადით მოჭიქულ ცუკატებსა და ბოსტნეულის ნატურალურ ჩირებს სთავაზობს. კომპანიის მცირე საწარმო ზუგდიდში მდებარეობს. რაც შეეხება სარეალიზაციო ბაზრებს, “კოპეშონი” პროდუქტს საქართველოს მასშტაბით ონლაინ, მაღაზიებსა და გამოფენების საშუალებით ყიდის.

როგორც “კოპეშონის” დამფუძნებელი ეკატერინე ფარულავა BMG-ს უყვება, სწრაფი გადახდის სისტემით გამართული ვებგვერდი ბიზნესის იმიჯზე დადებითად მუშაობს.

“უმნიშვნელოვანესია ბიზნესს გამართული ვებგვერდი ჰქონდეს. ეს შესაძლებლობაა სტარტაპმა საკუთარი თავი წარადგინოს. იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც პროდუქციის რეალიზაციას მხოლოდ ელექტრონული კომერციის დახმარებით ახდენენ, აღნიშნული პროგრამა გაყიდვების გააქტიურების კუთხით საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს”, - ამბობს “კოპეშონის” დამფუძნებელი.

დაბი“: „პანდემიამ ელექტრონული კომერციის მნიშვნელობა ყველა ბიზნესს დაანახა“



პროექტის - „100 ვებგვერდი მეწარმეებს” კიდევ ერთი ბენეფიციარია შპს „დაბი“. კომპანია ბაზარზე 2010 წლიდან გამოჩნდა და “ოჯახური” ბრენდის ქვეშ 95 დასახელების სუნელ-სანელებლების, სოუსების, საწებლების, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვა დაიწყო. კომპანია პროგრამაში “100 ვებგვერდი მეწარმეებს” ჩართვამდეც ფლობდა ვებგვერდს, თუმცა როგორც კომპანიის მმართველი გუნდის წევრი დარეჯან შეყლაშვილი აღნიშნავს, აქამდე არსებულ ვებგვერდს გადახდის სისტემა არ ჰქონდა, შესაბამისად, ის მომხმარებელზე მორგებული არ იყო.

მისივე თქმით, “საქართველოს ბანკის” დახმარებით, ეს პრობლემა აღმოიფხვრა და უკვე ახალი ვებგვერდის საშუალებით კომპანია ონლაინგაყიდვებში აქტიურად ჩაერთო.

“პროგრამის შესახებ, რომ შევიტყეთ, გადავწყვიტეთ ეს შანსი გამოგვეყენებინა. სრულიად უსასყიდლოდ დაგვიმზადეს ვებგვერდი, “ინტეგრალის” დეველოპერებმა ყველა ის ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომელიც კომპანიას ციფრულ სივრცეში გამართული ფუნქციონირებისთვის სჭირდება. აქამდე არსებულ ჩვენს ვებგვერდს ყველაზე მნიშვნელოვანი - გადახდის სისტემა არ ჰქონდა, შესაბამისად, ის მომხმარებლის სურვილებს ვერ ერგებოდა, „საქართველოს ბანკის“ დახმარებით კი, ვებგვერდს გადახდის სისტემა ჩავუშენეთ და ახლა მომხმარებელს რეგისტრაციის გავლის შემდეგ პროდუქციის შეძენა მარტივად შეუძლია.

პანდემიამ ყველა ბიზნესს დაანახა ელექტრონული კომერციის მნიშვნელობა, როდესაც კომპანიას ვებგვერდი აქვს, ნებისმიერ მდგომარეობაში პროცესების მარტივად წარმოების შესაძლებლობა ეძლევა”, - აცხადებს “შპს დაბის” მმართველი გუნდის წევრი.

“სმენის სახლი“: „ვებგვერდმა მომხმარებელთან კომუნიკაცია გაგვიმარტივა“

No description available.

“100 ვებგვერდი მეწარმეებს” პროგრამით ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანია “სმენის სახლიც” სარგებლობს. სმენის აპარატებს რეალიზების გარდა კომპანიის საქმიანობას დიაგნოსტიკა, სპეციალური ტექნიკის მორგება, ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო თერაპიის შეთავაზება შედის.

“სმენის სახლის” დირექტორის ეკატერინე თორთლაძის თქმით, ვებგვერდის დახმარებით მომხმარებელთან კომუნიკაცია უფრო მარტივი გახდა, რადგან საიტზე პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციაა მოცემული. ამასთან, ვებგვერდზე კონკრეტული პროდუქტის ფასებიც მითითებულია. მისივე განმარტებით, საიტს “საქართველოს ბანკის” დახმარებით განვადების სერვისიც აქვს ჩაშენებული, რაც ძალიან კომფორტულია.

“ვებგვერდი, როგორც ახალ კომპანიას უპირველესად ცნობადობის გაზრდაში გვეხმარება. გარდა ამისა, ის აქსესუარების გაყიდვისთვისაც საუკეთესო საშუალებაა. ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას ელექტრონული კომერცია ჰქონდეს განვითარებული. ქართული ბაზრისთვის პროდუქციის ფასების ღიაობა დამახასიათებელი არ არის, ვებგვერდზე კი ეს მითითებულია, შესაბამისად, ეს მომხმარებელთან კომუნიკაციას ამარტივებს.

“სმენის სახლი” მხოლოდ “საქართველოს ბანკის” პროდუქტების მომხმარებელია და ამ თანამშრომლობას სამომავლოდაც გავაგრძელებთ. გადახდის სიმარტივის გარდა, მათი დახმარებით ვებგვერდზე განვადების სერვისია ჩაშენებული”, - აღნიშნავს ეკატერინე თორთლაძე.

“100 ვებგვერდი მეწარმეებს” პროექტის განხორციელებაში ვებდეველოპერული კომპანია „ინტეგრალი“ აქტიურად არის ჩართული. კომპანიამ პროფესიონალი გუნდის ჩართულობით, მეწარმეების ინტერესებსა და ბიზნესებზე მორგებული ვებგვერდები შექმნა.