მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"112-ზე დღეში 18 000-მდე ზარი შედის, მათგან 3 000 საშუალოდ არამიზნობრივია" - შსს

5f8eb73d06736
ინგა მურუსიძე
20.10.20 13:47
736
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამდე, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში, 24 საათის განმავლობაში, საშუალოდ 13 000-მდე ზარი შედიოდა, დღევანდელი მონაცემებით კი, ოპერატორები 18 000-მდე ზარს პასუხობენ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მობილიზებულია დამატებითი ცვლები, რათა თითოეულ ზარზე ოპერატიულად მოხდეს რეაგირება.

"როგორც მოგეხსენებათ, 112-ს, კორონავირუსის მართვის პროცესში,  მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა. თითოეულ მოქალაქეს კორონავირუსისთვის  დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში, შეუძლია დარეკოს 112-ზე. ვირუსთან დაკავშირებული შეტყობინებები კი ოპერატორების მხრიდან კლასიფიცირდება და მწვავე შემთხვევები - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არამწვავე გამოძახებები - ოჯახის ექიმებს გადაეცემა.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად, 112-ში, 24 საათის განმავლობაში, 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს. შედეგად, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება, მაშინ როცა წამები გადამწყვეტია, შეიძლება ვერ დაგვიკავშირდეს, რაც იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას.

ინფიცირების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება დატვირთვა. 112 განაგრძობს  24 საათის განმავლობაში, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას, რათა თითოეულმა  მოქალაქემ მაღალი სტანდარტის მომსახურება მიიღოს, როგორც გადაუდებელი  შემთხვევის დროს, ასევე ვირუსთან დაკავშირებით.

მოქალაქეებს კი, გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა  და არამიზნობრივად არ დარეკოთ 112-ზე. დარეკეთ მხოლოდ მაშინ, როცა გესაჭიროებათ საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო/სამაშველო სამსახურების დახმარება. ასევე, დაგვიკავშირდით კორონავირუსული სიმპტომების გამოვლენისთანავე, რათა მიიღოთ შესაბამისი კონსულტაცია ოჯახის ექიმისგან.

112 არის გადაუდებელი დახმარების ნომერი, კორონავირუსთან და მის მართვასთან  დაკავშირებული საინფორმაციო ტიპის შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მთავრობის ცხელ ხაზს - 144", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.